Sunday, March 27, 2011

,,მხიარული“ ომი

         სიზმარში არც ომი მინახავს, არც ტყვიები, არც სისხლი და არც ტერორისტები. არადა, პოსტის დასაწყებად სწორედ რომ მისწრება იქნებოდა. ასე რომ მომიწევს ყველაფრის უსიზმროდ ახსნა. დღეს სამხედრო ჟურნალისტიკიდან სტარიკბოლის სათამაშოდ წავედით. ადრე არასდროს მითამაშია. უბრალოდ ერთხელ ვნახე, ჟურნალისტები თამაშობდნენ და მეც საშინლად მომინდა.
          დილით თვალი გავახილე თუ არა ფანჯრიდან გავიხედე. მზიანი ამინდი იყო. დავმშვიდდი და ერთ საათს კიდე წავუძინე. იპოდრომთან ზუსტად 11-ის ნახევრისთვის მივედი. თეა, ქეთი და ლევანი უკვე იქ იყვნენ. მალე სხვებიც შემოგვიერთდნენ და კოჯორისკე წავედით. მე და მანო (მაღაზიაში ბოდიალისა და დაგვიანების გამო) იმ მანქანაში აღმოვჩნდით, სადაც ჩვენი ცხვიტო იჯდა. უსაფრთხოების სათვალე გავიკეთე და ცოტა ავღელდი, თუმცა მალე გადამიარა და აზარტში შევედი. ლექციაზე ცხვიტომ ათასჯერ გაგვაფრთხილა, თამაშის დროს სათვალე არ მოიხსნათო. ტყვიები პლასტმასისაა და ახლოდან საკმაოდ მწარეც, ასე რომ სათვალის გარეშე თვალის დაკარგვის საფრთხე საკმაოდ დიდია.

დანიშნულების ადგილას სტრაიკბოლის ხელმძღვანელმა კონფლიქტის სცენარი გაგვაცნო და ,,თამაშიც“ დაიწყო.

სცენარის მიხედვით კამიკაძე-ტერორისტებმა ატომური სადგური აიღეს. მათთან მოსალაპარაკებლად ერთი სამხედრო და ოთხი ჟურნალისტი გაუშვეს. ვიცოდი, მოლაპარაკებაზე რამე მოხდებოდა. წასვლა საშინლად მინდოდა, მაგრამ ერთხელ ლექციაზე წამომცდა, კარგად ვერ ვხედავ-მეთქი და ცხვიტომ არ გამიშვა, რამე რო დაგემართოს, მერე რა ვქნაო. ვეხვეწე, წავალ-მეთქი, მაგრამ არ გამიშვა და ცოტა ხანს გავებუტე. მალე სიტუაცია ჩვენთანაც დაიძაბა. უკან დაბრუნებულმა სამხედრომ სიცილით გვამცნო, რომ ჟურნალისტები ტყვედ აიყვანეს. მე მეგონა ცოტა იმსახიობებდნენ კიდეც, მკაცრ სახეებს დაიჭერდნენ და ცოტა აზარტს მისცემდნენ თამაშს, მაგრამ რაღაც ასე არ იყო. ხოდა, გამოვთქვი კიდეც პრეტენზია, რატო იცინის-მეთქი. ეგ ისტერიული სიცილიაო სიცილითვე ამიხსნეს ბიჭებმა. მხიარულმა სამხედრომ ტერორისტების მოთხოვნაც გადმოგვცა. ითხოვდნენ ფულს და ვერტმფრენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტებს დახოცავდნენ და ატუმურ სადგურს დააზიანებდნენ, რაც რადიაციას გამოიწვევდა.

მოკლედ, ტერორისტების ,,დასახოცად“ და ჟურნალისტების გასათავისუფლებლად წავედით. მე და მანო ერთად მივყვებოდით სამხედროებს. ,,თამაში“ თანდათან ნამდვილ კონფლიქტს დაემსგავსა. ბიჭებიც უცებ დასერიოზულდნენ. თავი ფილმში მეგონა. ამ დროს ძნელია რემბოდ ყოფნის სურვილს გაექცე. გინდა, რაღაც ისეთი გააკეთო, რაც გმირად გაქცევს.

სათვალემ დამტანჯა. ცოტაც და სული შემეხუთებოდა, თან მინები იორთქლებოდა და წარამარა მოხსნა და გაწმენდა მიწევდა. მართალია, მოთამაშეები სულ მაფრთხილებდნენ, არ მოიხსნაო, მარა აბა რა მექნა.

თამაშის მეორე ნაწილში, სადაც უკვე ტერორისტები გადმოვიდნენ შეტევაზე, ერთ მოთამაშეს მეც მონაწილე ვეგონე და რასაც ჰქვია ,,ჩამცხრილა“. 10 ტყვია ერთდროულად მომხვდა. დიდად არ მტკენია, უბრალოდ ერთი მუხლში მომხვდა ახლო მანძილიდან და კარგადაც ამეწვა.

კონფლიქტი ტერორისტების დამარცხებით დამთავრდა. თამაშიც ბოლოს წავიპიკნიკეთ და სანამ მანქანებთან დავბრუნდებოდით წავიინტერვიუჭორავეთ კიდეც. ლაშამ საკმაოდ კარგად ისაუბრა სტრაიკბოლის შესახებ. გაგვაცნო თამაშის წესები, მისი დანიშნულენა, განითარების ეტაპები, პრობლემები და ა.შ.

ჩემი მანიაკალური მიდრეკილებები აქაც გამოვავლინე. ცხვიტო იცინოდა, შენ ტყვედ უნდა ჩაგაგდოთ, გაწამოთ და ფრჩხილები დაგაცალოთო.

სტრაიკბოლი ძალიან მომეწონა. მაგარი ადრენალინი და აზარტია. თუმცა როცა მოთამაშე ხარ, გაცილებით უკეთესია. გიხარია, როცა ვიღაცას კლავ. ერთ-ერთმა მოთამაშემ ისე ამაყად მითხრა, 5 ტერორისტი დავხოცეო, მართლა შემშურდა. აუცილებლად ვცდი მოთამაშედ ყოფნასაც.

მოკლედ, დღეს მაგარი იყო. ძალიან მაგარი. ამისთვის კი დიიიდი მადლობა ცხვიტოს.

ხო მართლა, ცხვიტო სამხედრო ჟურნალისტიკის ყველაზე მაგარი ლექტორია. (გიორგი ცხვიტავა. სამხედრო ჟურნალისტი).

No comments: