Tuesday, January 26, 2010

სიყვარულის სასახლე - 1 000 000 ოქროდ გაყიდული დედოფლის ახირება


სიყვარულის სასახლე, სწორედ ასე უწოდებენ ხელოვნების მუზეუმს, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კარგარეთელის ქუჩაზე მდებარეობს. მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში ეს ადგილი ბაღის ქუჩად იწოდებოდა, რაც ქუჩის ორივე მხარეს გერმანელი კოლონიზატორების მიერ გაშენებულ ბაღებს უკავშირდებოდა.
სასახლის მშენებლობის დაწყების ისტორია კი სიყვარულის ამბავს უკავშირდება. ხელოვნების სასახლის დირექტორის, ბატონი გიორგი კალანდიას თქმით, სასახლის აშენება გერმანიის პრინც კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელს (1850-1906) უბრძანებია. სასახლის აშენების ისტორია კი ასე იწყება. 1866 წელს საქართველოში ცნობილი მხატვარი, მიხაილ ზიჩი ჩამოვიდა, რომელიც ვეფხისტყაოსნის ცოცხალ სურათებს ხატავდა. მიხაილი თავად დადიანის მეუღლის, აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის სილამაზემ გააოცა და ერთერთი სურათისათვის ნესტან-დარეჯანის როლიც კი შესთავაზა. აგრაფინამ მისი შემოთავაზება უყოყმანოდ მიიღო. 1866 წელს ვეფხისტყაოსნის ცოცხალი ნახატების ხატვის დროს კონსტანტინემ აგრაფინა პირადად ნახა და მისი სიყვარული მაშინვე გულში ჩაუვარდა. აგრაფინას სილამაზე მაშინ მთელ ქვეყანაში ცნობილი იყო. მისი გულის მონადირება ბევრ მამაკაცს ეწადა, მაგრამ აგრაფინა გათხოვილი იყო და, რა თქმა უნდა, მისი სიყვარულის მოპოვება არავის შეეძლო. ამის შემდეგ პრინცმა არც აცია, არც აცხელა, დადიანის მეუღლეს პირადად ეახლა და 1 000 000 მილიონ ოქროდ აგრაფინას ერთი ღამით დათმობა სთხოვა. თავადი ფულმა მოხიბლა და მეუღლე გასაყიდად გაიმეტა. ,,აგრაფინა კისკისაო, ტარიელმა პრინცს მისცაო” თურმე მთელი საქართველო იცინოდა. თუმცა აგრაფინამ გერმანიის პრინცი უარით გაისტუმრა და უთხრა, ვინც ფული გადაგიხადა, სურვილიც იმან აგისრულოსო. პრინცს ქართველი ქალბატონის საქციელი გაუკვირდა და საგონებელში ჩავარდა. ბოლოს უთხრა, რა გავაკეთო შენი გულის მოსაგებადო და აგრაფინამ სწორედ ამ სასახლის აშენება მოსთხოვა. თუმცა სასახლის ნაწილი აგრაფინას მოთხოვნამდე აშენებული ყოფილა. კონსტანტინეს მშენებარე სასახლე ავსტრიის იმპერატორის ქვეშევრდომის ფრანც ტიტელის ქალიშვილისაგან, ემელიასაგან შეუძენია. ასე აშენდა ეს სასახლე თავისი სიყვარულის კოშკითა და საიდუმლო ოთახით, სადაც აგრაფინა და კონსტანტინე ერთმანეთს ხვდებოდნენ.
,,სიყვარულის კოშკისა და საიდუმლო ოთახის რეკონსტრუქცია მალე დასრულდება და დამთვალიერებლებს მისი ნახვის შესაძლებლობა მომავალი წლიდან მიეცემათ”-ამბობს ბატონი გიორგი.
სასახლის პირველადი სახე გარედან მთლიანად შენარჩუნებულია. რაც შეეხება შიგნითა ნაწილს საკმაოდ შეცვლილია. გადმოცემით, სასახლის გახსნისას გამართულ მეჯლისზე მიწვეული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. სასახლეში შესვლისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს წყალში შედიოდნენ. ეს იმიტომ, რომ იატაკი მთლიანად ბროლის იყო, მასზე არეკლილი სინათლე კი იატაკზე ისე დალივლივებდა, როგორც ზღვის ტალღებზე ჩამავალი მზის მეწამული სხივები. დროსთან ერთად სასახლის მდგომარეობაც შეიცვალა, ბოლშევიკური წყობის დროს შენობა დაარბიეს და გაძარცვეს კიდეც. შემდეგში აქ გონება-შეზღუდულთა, უფრო მოგვიანებით კი ყრუ-მუნჯთა სასწავლებელი გაიხსნა. რაც შეეხება მუზეუმს ამ შენობაში 1929 წლიდან ფუნქციონირებს. მანმადე მუზეუმი ერეკლე II-ის ქუჩაზე მდებარეობდა, რომელიც 1927 წელს დავით არსენიშვილის ძალისხმევით დაარსდა. დღეს ხელოვნების მუზეუმი თავისი მნიშვნელობით მთელ კავკასიაში ერთადერთია, თავისი ექსპონატების სიმდიდრით კი მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმებს უტოლდება. აქ სხვადასხვა უმდიდრესი ფონდებია წარმოდგენილი, როგორიცაა სახვითი ხელოვნების, ბიბლიოთეკისა და რარიტერულ გამოცემათა, გრამფირფიტებისა და ფონო-აუდიო, ფოტო, სააფიშო და ა.შ. მუზეუმში წარმოდგენილი ფონდები 300 000 ექსპონატს მოიცავს და მათი რაოდენობა კიდევ იზრდება.
მუზეუმში მრავალი ძვირფასი და უნიკალური ექსპონატია დაცული, როგორიცაა ცნობილი მოღვაწეების ხელნაწერები, პირადი ნივთები, ავტოგრაფები, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული ფილმების სცენარები, აუდიო-ვიდეო და სხვადასხვა სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტები, ცნობილ ადამიანთა პირადი მიმოწერები, კოსტუმები, ნახატები, ფოტოები, აფიშები და ა.შ.
მუზეუმის ექსპონატებიდან ყველაზე ძველი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს (1941 წელი) აღმოჩენილი ანტიკური ნიღაბია, რომელიც ძვ.წ.აღ-ის მეორე ათასწლეულით თარიღდება. ანტიკური ნიღაბი მუზემს 1945 წელს გადაეცა.
მუზეუმში ისეთი ნივთები ინახება, როგორიცაა: სერგო ზაქარიაძის სათვალე, ფილმიდან ,,ჯარისკაცის მამა”, ცნობილი მომღერლის სანდრო ინაშვილის ტორეადორის კოსტუმი სპექტაკლიდან ,,კარმენი”, რომელიც საგანგებოდ მილანში დაუმზადებიათ, შალვა დადიანის საწერი მაგიდა და სკამი, ასევე მისი ხმალი, დიმიტრი არაყიშვილი ოქროს საათი, ზაქარია ფალიაშვილის დაისის ხელნაწერი (როგორც ბატონი გიორგი აღნიშნავს, მართალია, დაისის ხელნაწერი ოქროსი არ არის, მაგრამ ერთერთი ყველაზე ძვირფასი ექსპონატია სხვა ექსპონატებს შორის), ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის კოსტუმები, ცნობილი ქართველი მოცეკვავის, ფრიდონ სულაბერიძის აჭარული ჩოხა, ვაჟა ფშაველას ჩოხის მასრები, მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული ,,თავისუფალი თეატრის” ფარდა, რომელიც მუზეუმის ერთერთი პირველი ექსპონატია. ფარდა მრავალი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ 1930 წელს ის მოსკოვის ერთერთ თეატრალურ სარდაფში აღმოაჩინეს და მუზეუმს გადასცეს.
როგორც ბატონი გიორგი ამბობს, ექსპონატების შეძენა ძირითადად სხვადასხვა კერძო პირებისა და კომპანიების დაფინანსებით ხდება. მართალია, საქართველოს კულტურის სამინისტრო ვალდებულია დააფინანსოს მუზეუმი, მაგრამ მისგან გამოყოფილი ფინანსები ძირითადად მომუშავე პერსონალის ხელფასების გასტუმრებასა და შენობის რეკონსტრუქციას ხმარდება.
,,-აღნიშნული ექსპონატები ხელოვნების მუზეუმში დროდადრო გროვდებოდა, რა თქმა უნდა, ზოგი ნაყიდია დავით არსენიშვილის მიერ, თანამშრომლების შეგროვებული, აგრეთვე კერძო კოლექციონერების შემოწირულობები. Eქსპონატებს გვაძლევენ სხვადასხვა დაწესებულებები, კონო-თეატრები, სხვადასხვა დასები და ა.შ. ზოგი ადამიანი უსასყიდლოდ გვაძლევს ამ ნივთებს. გვჩუქნის იმისათვის, რომ მისი, ან მისი მშობლების მოღვაწეობა უკვდავყოფილი გახდეს. ზოგჯერ ჩვენი ძლებით ვცდილობთ ყიდვას, ზოგჯერ სპონსორებს მივმართავთ და ა.შ. დაფინანსებით კულტურის სამინისტო გვაფინანსებს, რაც ხელფასების გასტუმრებასა და სარეაბილიტაციო ხარჯებს ხმარდება. თუმცა ხშირად სწორედ სამინისტროს დაფინანსებით ვახერხებთ უნიკალური ნივთების შეძენას.”-ამბობს ბატონი გიორგი.
იმისათვის, რომ მუზეუმში ყალბი ნივთების მოხვედრა თავიდან აიცილონ, სპეციალური ექსპერტიზა ტარდება. Eსაც იმ შემთხვევაში, თუ რამე საეჭვო იქნება და ნივთის ორიგინალობის საკითხი ეჭვქვეშ დადგება.
,,-როდესაც ხელნაწერებს ვყიდულობთ, თუ შუასაუკუნეების პერიოდს განეკუთვნება, სპეციალური დამადასტურებელი საბუთი მოყვება, რომ ის მართლაც ორიგინალია. ასევე შემსყიდველი კომისია გვყავს, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ნივთის შეძენა ხდება (ასეთი ფაქტი ჩვენ არ გვქონია) ექსპერტის შემოწმებაა საჭირო. ამისათვის კი საექსპეტო კომისია არსებობს, როგორიცაა ხელნაწერთა ინსტიტუტე და თუ რამე დაგვეეჭვება, რა თქმა უნდა, შევამოწმებთ კიდეც.”- ამბობს გიორგი კალანდია.
ხელოვნების მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით ,,თურქეთი ქართულ ხელოვნებაში” 30 იანვარს შედგება. გამოფენაზე გიორგი სააკაძის, მაია წყნეთელის, ბაშიაჩუკისა და სხვადასხვა ისტორიული პირების კოსტუმების ესკიზები იქნება წარმოდგენილი. მუზეუმში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ, მომავალი წლისათვიოს დასრულდება და სასახლის ის ადგილები, სადაც დღეს დამთვალიერებელებისათვის შესვლა აკრძალულია, ყვალასათვის ხელმისაწვდომი გახდება.

No comments: