Wednesday, June 1, 2011

Bungee Jumping - კაიფი 50 ლარად

http://top-candy.com/file/01_top-candy.com.pdf

მალე საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყება. მაღლივიც გაივსება სტუდნტებით, აბიტურიენტებით და მაგისტრებით. გამოცდიდან გამოსულ ბევრ მათგანს შესაძლოა ხიდიდან გადახტომის სურვილიც კი გაუჩნდეს. სურვილის ასრულების შემთხვევაში რა მოხდება სათქმელად ძნელია, თუმცა თუ არ დაიზარებთ, ,,Extreme Team“ -ს მიაკითხავთ და ხიდიდან გადახტომის მსურველთა ცოცხალ რიგში ჩაეწერებით, გამოცდიდან გამოყოლილ ცუდ ფიქრებსაც მოიშორებთ და თქვენი ნახტომიც უსაფრთხოდ ჩაივლის. ,,Extreme Team “ „ ხელმოცარული სტუდენტების“ გარდა ნებისმიერ მსურველს ელის, მით უმეტეს რომ ხიდიდან ხტომის სეზონი უკვე გაიხსნა.

,,Extreme Team “ უკვე რვა წელია სპორტის ექსტრემული სახეობებით არის დაკავებული. ორგანიზაცია თავის რიგებში საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის წევრებსა და მოყვარულ ალპინისტებს აერთიანებს. როგორც ,,Extreme team”-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი გუჯაბიძე ამბობს, ხიდიდან ხტომა დაახლოებით 6 წლის წინ, ჩვეულებრივი ალპინისტური თოკებით დაიწყეს. (rope jumping)

,,-ხიდიდან ხტომა გართობის მიზნით წამოვიწყეთ. ვიცოდით რომ ეს ექსტრემალური სპორტის სახეობა იყო და გვინდოდა საკუთარ თავზე გამოგვეცადა. ვხტებოდით ხიდებიდან, ამწეებიდან. ძირითადად მაშინ როცა სხვა საქმე არ გვქონდა. მერე უკვე გადავწყვიტეთ ამისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა. ეს მთელ რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მოვახერხეთ და 2010 წელს ატრაქციონიც გავხსენით. ალპინისტური თოკები ბანჯით შევცვალეთ. დღეს უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხიდიდან გადახტეს„

Bungee jumping (ბანჯით ხტომა) ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობაა. მოიცავს ხტომას ხიდიდან, შენობებიდან, ასევე მოძრავი ადგილებიდან როგორიცაა ვერტმფრენი და საჰაერო ბურთი. ,,Bungee jumping”- ის შექმნას კი ერთ ლეგენდას უკავშირებენ. 1500 წლის უკან კუნძულ პანტეკოსტში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ძალადობისგან შეწუხებული ქალი მეუღლეს გაექცა და დასამალად ხეზე აძვრა. როდესაც ქმარმა გაქცეულ ცოლს მიაგნო და ხეზე მიცოცავდა მის დასაჭერად, ქალმა ფეხებზე ლიანები შემოიჭირა და ხიდან გადახტა. ქმარმა ცოლს მიბაძა, თუმცა მისგან განსხვავებით ნახტომი სიკვდილით დაასრულა. ამ ლეგენდის თანახმად ხიდიდან ლიანების დახმარებით ხტომა სიმამაცის დამტკიცების საშაულებად იქცა. მოგვიანებით ლიანები ბანჯმა ჩაანაცვლა და ხტომაც უსაფრთხო გახდა.

ბანჯით ხტომა პირველად 1979 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის სახიფათო კლუბის წევრებმა გამოსცადეს. ისინი ბრისტოლში 76 მეტრი სიმაღლის ხიდიდან გადმოხტნენ და ამ ნახტომის გულისთვის ცოტა ხანს ციხეშიც ,,იყურყუტეს“. დღეს სპორტის ეს სახეობა სრულიად თავისუფალია და ექსტრემალურ სპორტში ერთ-ერთ რეიტინგულ სახეობად ითვლება.

ბანჯი ელასტიური თოკია, რომელიც რამდენიმე რეზინისგან მზადდება და დაახლოვებით 3-5 ტონა სიმძიმეს უძლებს. ბანჯით პირველი სატესტო ნახტომი ირაკლი გუჯაბიძემ და ანა დულარიძემ შეასრულეს.

ანა დულარიძე ისევე როგორც ირაკლი ალპინისტია. მთამსვლელობა 17-18 წლიდან დაიწყო. დალაშქრა მყინვარწვერი, უშბა. ასევე 2008 წელს გამარჯვება მოიპოვა ყინულზე ცოცვაში.

,,- სატესტო ნახტომისას შიში არ მქონია. უბრალოდ განსხვავებული და უცნაური გრძნობა იყო. პირველად ორი წლის წინ ჩვეულებრივი, ალპინისტური თოკით გადავხტი. ბანჯით და თოკით გადახტომას სხვადასხვა შეგრძნება აქვს. შიში არც მთაზე ცოცვისას მაქვს. შიშით სხვა დროს უფრო მეშინია. მაგალითად, თხილამურებით როცა ვსრიალებ, სულ ვფიქრობ, რამე არ დავიზიანო და მთაზე ცოცვა ვეღარ შევძლო.“

რაც შეეხება ბანჯის გამოყენების ვადებს გადმოხტომების რაოდენობით განისაზღვრება. ,,Extreme Team” -ს დღეს სულ სამი ბანჯი აქვს. აქედან ერთი 600 ნახტომს უძლებს, დანარჩენი ორი კი 800-ს. ირაკლის თქმით კი საქართველოში ჯერ დაახლოვებით 400 ნახტომია შესრულებული.

რაც შეეხება ხტომას ძირითადად მაღლივის და მცხეთის ხიდიდან ხდება. საფრენი მანძილი მაღლივის ხიდიდან 33 მეტრია, მცხეთის ხიდიდან - გაცილებით ნაკლები, თუმცა ირაკლი გუჯაბიძის თქმით, მის უპირატესობას წყლის ზედაპირზე ფრენა განაპირობებს. ხიდიდან ხტომა ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ხდება, თუმცა როგორც ,, Extreme Team“-ის წარმომადგენლები ამბობენ მალე მთელ საქართველოს მოიცავენ და ამიერკავკასიაშიც გავლენ.

,,-ჩვენ პირველები ვართ ამიერკავკასიაში, ვინც ატრაქციონი გავხსენით და ხიდიდან ვხტებით. ამ ზაფხულს ატრაქციონის მოწყობას ბათუმშიც ვგეგმავთ. გადმოხტომით ძირითადად ხიდებიდან ვხტებით. გვინდა საჰაერო ბურთიდანაც, თუმცა საკმაოდ ძვირი ჯდება. მითუმეტეს რომ საჰაერო ბურთით ფრენა საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული “

გადმოხტომა 45 -დან 120 კილომდე ყველა სრულწლოვანს შეუძლია. რაც შეეხება 18 წლის ქვემოთ მათ მშობლის ან მეურვის თანხმობა სჭირდებათ. როგორც ირაკლი ამბობს, დაინტერესებას ძირითადად ახალგაზრდები და უცხოელები იჩენენ. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ხიდიდან 65 წლის მამაკაცი და 54 წლის ქალბატონი გადამხტარან.

ირაკლი: ,,- სხვა შეზღუდვები არ არის. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურადაა დაცული. ჩვენი პასუხიმგებლობაა ტექნიკურად ყველაფერი გამართული იყოს. სხვა დანარჩენი უკვე გადმომხტომელზეა დამოკიდებული. არ უნდა იყოს ნაოპერაციები, ნასვამი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენც ვამოწმებთ. შიშის მომენტი ყოველთვისაა. თუ არ გეშინია გადმოხტომას ,,მუღამიც“ არა აქვს. პირადად მე 25-ჯერ ვარ გადამხტარი და თამამად შემიძლია ვთქვა, ყოველი გადმოხტომა შიშთანაა დაკავშირებული. ხიდიდან ხტომა ისეთ ატრაქციონად ითვლება, რომლის კაიფიც არ მთავრდება და ყოველი გადმოხტომისას შიშთან ერთად პირიქით, იზრდება. დადებითი სიამოვნებაა და მეტი არაფერი. კაიფის მისაღებად ყველაზე იაფი და ჯანსაღი საშუალებაა. რაც შეეხება ტრავმებს, ასეთი შემთხვევა არ გვქონია.“

როგორც ორგანიზაციის წევრები ამბობენ მალე rope jumping-საც განაახლებენ. მათი თქმით rope-ით ხტომა გაცილებით მძაფრ შეგრძნებებს იწვევს და მხოლოდ მათთვისაა, ვინც ბანჯით ხტომა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა.

2 comments:

Anonymous said...

აუ მე და ჩემ მეგობარს გვინდა დიდი ხანია მაგრამ 50 ლარი ბევრია ;(

Paskal_07 said...

Приеду летом, попробую разыскать эту команду. Расспрашивал знакомых, посмотрел видео - выбраны потрясающие места для прыжков.
Извините за комментарий на русском, я пока не говорю по-грузински.