Thursday, November 3, 2011

რა ვიცი

დედა ნატოს ლექსმა გამახსენა და მივხვდი, რომ მიუხედავად ,,ყოველდღიური გადავიწყებებისა“, ძალიან მენატრება. ხანდახან, მეეჭვება კიდეც, რომ ბოლოს შვიდი წლის წინ ვნახე და მას მერე უბრალოდ, არ მყავს ისეთი ვიღაც, ვისაც დედას დავუძახებ, ვისაც ვთხოვ, რომ ძალიან მშია და მისი გაკეთებული საჭმელი ყველაფერს მირჩევნია, ვისაც ჩემი პრობლემების შესახებ მოვუყვები, ან არ მოვუყვები და უსიტყვოდაც გამიგებს.

შვიდი წლის წინ, როცა სკოლიდან დავბრუნდი და დედა სახლში არ დამხვდა, მაშინ მივხვდი, რას გრძნობდა ჩემი კლასელი პირველ კლასში, როცა დიდხანს ხმას არ გვცემდა და გაკვეთილების დამთავრებისთანავე სახლში გარბოდა.

შვიდი წელია, მე და ჩემი და თითქმის მარტო ვცხოვრობთ. დედის მაგივრობასაც ნატალი მიწევს და ხშირად მამისაც. ამიტომ ხშირად ისეც ხდება, რომ როცა სადმე წასვლა მინდა, ნებართვას ნატალისგან ვიღებ. მართალია, ხშირად არ ვუჯერებ და მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა, მაგრამ მის წყენინებას მაინც ვერიდები ხოლმე.

მეგობრებიც ძალიან მიადვილებენ ცხოვრებას, მაგრამ ბოლო დროს რაღაც ,,აურიეს“. ძალიან უბრალო რაღაცები სწყინთ. ყველაზე მეტად მაინც ირაკლის საქციელმა დამწყვიტა გული. წყენა მართლა მალე მავიწყდება, მარა მიკვირს ზოგს წყენის გულში ჩადება როგორ შეუძლია. ან როგორ შეუძლია, უბრალო მიზეზის გამო ,,გამოაცხადოს“ მეწყინა, არ გელაპარაკები და ახლა რაც გინდა ის გიქნიაო.

ხოდა, მეგობრები თუ მარტო იმისთვის არსებობენ, რომ უბრალო რაღაც ეწყინოთ, ძალიან კი არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ასეთი მეგობრები საერთოდ არ მჭირდებიან.

აბდა-უბდა პოსტია, მარა აბდა-უბდა განწყობაზე ვარ და აი, მართლა მაგრად მკიდია....

Tuesday, September 20, 2011

მოხუცი

მოხუცი ძველებურ აივანზე იჯდა. პურის ნატეხს ანამცეცებდა და ბეღურებს უყრიდა. აკანკალებული ხელებიდან გადავარდნილი ნამცეცები აივნიდან იყრებოდა და ძირს, ჭადრაკის სათამაშოდ შეკრებილთ მაგიდაზევე ეყრებოდათ.
- გამოტვინდა ეს საცოდავი,- ჩაილაპარაკა ერთმა და თავისი სვლით მოხიბლულმა ქვა დაფაზე დაახეთქა.
- გგონია, შენ კი არ გამოტვინდები? - დაფისთვის მზერა არც მოუცილებია, ისე გაეპასუხა ოდნავ გამელოტებული მოთამაშე, - პაპაჩემი მეტყოდა ხოლმე, ასე თეთრად დამიბერდიო, დღემდე მიკვირს, რის გამო იყო, ამ სიტყვებს დალოცვად რომ თვლიდა. რა ყრია თეთრად დაბერებაში? გამოტვინება, მარტოობა, უსუსურობა. შენ რა გგონია, ამ მოხუცს კი უნდა სიცოცხლე? იქნება ამ წუთსაც სიკვდილზე ოცნებობს?
მოხუცი კი იჯდა, ისევ პურს ფშვნიდა. ზანტად აყოლებდა თვალს მოფართხალე ბეღურებს, ნამცეცებს პირიდან რომ აცლიდნენ ერთმანეთს. ამ მოძრავ არსებებში საკუთარ ახალგაზრდობას ხედავდა. როცა ჯერ კიდევ სჯეროდა, თავის სიტყვას ისიც იტყოდა. რას არ მისცემდა მაშინ, საკუთარი მომავალი ოცნებებში წარმოდგენილს დამსგავსებოდა, უნაკლო, სრულყოფილი, დიდებული... თმაში ჭაღარა შერეულმა კი შვილთან საუბრისას თავადვე აღიარა, ოცნება და რეალობა ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამეო. ფიქრით ადამიანი ძლიერი ხდება. ფიქრით წარსულსაც შეცვლი, აწმყოსაც და მომავალსაც შექმნი, თუმცა მისი იდეალი რეალობისგან ისეთი განსხვავებული იქნება, როგორც შენი ანარეკლი ახლა და 80 წლის შემდეგ, დანაოჭებული, უსუსური, გამოფიტული, თუმცა - ცოცხალი. მიუხედავად ამისა, ყველა ნაფიქრში არის სინამდვილე და ეს სინამდვილე იმდენად სუსტი, იმდენად უსიცოცხლოა, მხოლოდ ოცნებებში თუ შეძლებს გადარჩენას. ეს ის მბჟუტავი ნაპერწკალია, რომელსაც მხოლოდ ამ ორი უკიდურესობის შეყრა გააღვივებს. მათი ერთად შეყრა კი ისევეა შესაძლებელი, როგორც აისი ან თუნდაც დაისი - რომელიც გენებოთ. ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს შანსს, ჩვენი ოცნება ან ნაფიქრი რეალობად ვაქციოთ. ამის დაუნახავობა, ჩვენი მხრიდან, დიდი უნამუსობა იქნებოდაო...
კითხვაზე, შენ თუ გამოიყენე შანსიო, ხელს ჩაიქნევდა და იტყოდა, იქნებ გამოვიყენე კიდეც, იქნებ ამის დრო ჯერ არც დამდგარა. განა რახან მოვხუცდი, შანსი აღარ მექნება? ცხოვრება უცნაური რამეა, არც ახალგაზრდა იცის და არც ბებერი, მისი კანონები ყველასთვის ერთია. არ იცი, როდის მობეზრდები. როდის გაგწირავს. სიკვდილის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. რახან თმაში ჭაღარა შემერია, ხელი უნდა ჩავიქნიო? მაშ თუ ასეა, სიბერე რაღა საჭირო ყოფილა. ადამიანი სანამ ცოცხლობს, სანამ სული უდგას და მოძრაობა შეუძლია, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს.
გამოვიყენე თუ არა შანსი? განა ეს ვინმემ იცის? ამის გასაგებად წარსულზე დაფიქრებაა საჭირო, მაგრამ ვაი, რომ ამისთვის არავის სცხელა. ისევე როგორც ბეჯით მოსწავლეს გაკვეთილის გამეორება, ადამიანს საკუთარი წარსულის გადაფასება სჭირდება. ხშირად დგება დრო, როცა უბრალოდ უნდა გაჩერდე, აწმყოს დანებდე და წარსულს ნება მისცე, თავი შეგახსენოს. ასეთ დროს გონების დაძაბვა არც დაგჭირდება, არც თვალების დახუჭვაა აუცილებელი. ათასი ფიქრი, ათასი მოგონება უკითხავად აგესვეტება და იქამდე არ მოგასვენებს, სანამ გულდაგულ არ გადაამოწმებ, აწონ-დაწონი, გაამართლებ ან უბრალოდ აღიარებ, რომ შეცდომა დაუშვი და მზად ხარ, გამოასწორო. ასეთ დროს უარს არ იტყოდი, ვინმე ჭკვაინს დროის მანქანა შეექმნა, თუმცა ისიც კარგად იცი, შენი სიცოცხლე, ცივილიზაციის ისეთი მიღწევისთვის, როგორიც დროის მანქანაა, წამადაც არ ღირს.
მერე ჩაფიქრდებოდა. თვალს უსასრულობას გაუშტერებდა და იჯდა საათობით. დაკვირვებული თვალი მოხუცში ჩაბუდებულ შიშსაც შეამჩნევდა. ნიღაბ აფარებული შიში, რომლის არსებობის დაჯერება მოხუცს იმდენად არ სურდა, რამდენადაც ყეყეჩს საკუთარი ნაკლისა.
ერთ საღამოს ძილის წინ კარის ჩასაკეტად რომ მიჩანჩალდა, საკუთარ თავს ჩააწვეთა, სიკვდილს ემალებიო. ეს იყო და ეს, უცნაური ჩვევა დასჩემდა. ღამე კარს ღიას ტოვებდა, თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებდა, სიკვდილის არ მეშინიაო. სიკვდილის გაგონებაზე ნემსები ესობოდა დამჭკნარ სხეულში. ჯერ ცხოვრების არსში გაურკვეველს სიკვდილი ნაადრევად ეჩვენებოდა.
ჩქარობდა. ფიქრი ეჩქარებოდა. საათობით გაშეშებული ოფლში იწურებოდა. იღლებოდა. სხეულით დაღლილი გონებით ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა სხვებთან შედარებით ორმაგად იხარჯებოდა.
ერთხელ ეზოში ჩასული ჭადრაკის მოთამაშეებმა გამოიჭირეს. წინა დღეს სანაძლეო დაედოთ და ახლა იმის გარკვევას ცდილობდნენ, ეშინოდა თუ არა მოხუცს სიკვდილის.
-ჯერ ის მითხარით, სიცოცხლე რა არის,- უნდობლად გაჩერდა მოხუცი.
დაიბნენ მოთამაშეები. ვერ მიუხვდნენ მოხუცს ჩანაფიქრს. გულში იფიქრეს კიდეც, მართლა გამოშტერებული ყოფილა ეს საწყალიო. თქმით არაფერი უთქვამთ, მხრები აიჩეჩეს და გამომცდელად მიაჩერდნენ მოხუცს.
-ცხოვრება რინგია, შვილო, იბრძვი, ეცემი, მაგრამ მაინც ფეხზე წამოდგომას ლამობ.. ცხოვრება წარსულსა და აწმყოს შორის გაჩაღებული სამკვდრო სასიცოცხლო ორთაბრძოლაა.
-მოხუცო, შენ მებრძოლივით ლაპარაკობ,- შეეპასუხა ერთ-ერთი.
-ხო, შვილო. ჩვენ ყველანი მებრძოლები ვართ. ამ ბრძოლაში კი მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან, ძლიერი კი ისაა, ვინც საკუთარ წარსულს შეურიგდება და მის გამოსწორებას შეეცდება. ძალა გამოცლილი როცა რინგზე გდიხარ, პირში სისხლს გრძნობ, სხეული გიფეთქავს და გონებაც გებინდება, მხოლოდ საკუთარ წარსულს შეუძლია, გამოგაფხიზლოს, ბინდი გაფანტოს, უკანასკნელი ძალის მოკრებაში დაგეხმაროს და უხეში ხელისკვრით, შენს თავთან დახრილი, თვლაში გართული მსაჯი გვერდზე მოგასროლინოს. მერე აღარ ფიქრობ გამარჯვებაზე, არც დამარცხება გადარდებს. მოწინააღმდეგე არც გძულს და არც მისი ბედი განაღვლებს. შენ მომართული საათი ხარ, რომელიც იქამდე ივლის, იქამდე იბრძოლებს, სანამ ძალაგამოცლილი რინგზე დაეცემი, ან გამარჯვებული ხელს მაღლა აწევ და იტყვი, მე ეს შევძელი. ამ დროს სიკვდილი როდი გაშინებს, უბრალოდ არ გინდა. არც მე მეშინია სიკვდილის. უბრალოდ არ მინდა, -თქვა მოხუცმა და დაბნეულ მოთამაშეებს ცივად გაშორდა.
-მოჭიდავე ყოფილა,-დაასკვნა ერთმა.
-ალბათ კარგად მოსცხეს თავის დროზე, აურევია საცოდავს,-თავი გააქნია მეორემ.
მესამეს ხმაც არ ამოუღია, ქვები დაფაზე დაალაგა და თამაშიც დაიწყო.
როგორ გავდა ქვებს შორის გამართული საბრძოლო ჭიდილი სულ ცოტა ხნის წინ მოხუცის მიერ რინგს შედარებულ ცხოვრებას. რა უსუსურია ადამიანი, რომელიც საკუთარ ცხვირს მიღმა სამყაროს ვერ ხედავს. სამყაროს, რომელსაც თავადვე ქმნის, თავისი ნახელავით უკმაყოფილო კი განგებას საყვედურობს და საკუთარ უსუსურობას გაურკვეველ ბედისწერას აბრალებს. რა უსუსურია ადამიანი, რომელსაც ყველაზე ჭკვიანი სულელად მიაჩნია, ცხოვრების არსი კი წარმავალი ბედნიერების მოპოვება ჰგონია.
მოთამაშეები ვერ შეთანხმდნენ, რას მიაღწია გამარჯვებულმა მებრძოლმა, რომელმაც მოხუცის თქმით, ხელი მაღლა ასწია და თქვა, მე ეს შევძელიო. ახალი სანაძლეო დადეს და მოხუცის მოლოდინში ჭადრაკის დაფა ვინ იცის, მერამდენედ გაშალეს სათამაშოდ.

***
მოხუცს შვილიც ჰყავდა და შვილიშვილებიც ბლომად ეხვია. მაინც მარტო იყო. წინაპრებისგან გაეგონა, შვილის თვალში ისეთი რაღაცის ამოკითხვა შეიძლება, რაც სიკვდილის მოახლოვებას გაგრძნობინებსო. ამის გახსენებაზე წარსული გადაქექა, მშობლები გაიხსენა, შვილების თვალებში საკუთარ მეს დაუწყო თვალთვალი.
როცა ნათქვამის აზრს ჩასწვდა, სახლი მიატოვა, მონაგარს გაექცა და ყველასგან მივიწყებულ სოფელში დაიდო ბებრული ბინა.
მალე მოსწყინდა. უსასრულოდ გაწელილი დღეები მომაბეზრებელ ერთფეროვნებად გადაექცა. მიხვდა, ცხოვრებას ვერსად გაექცეოდა, მის წესებს გვერდს ვერ აუვლიდა. მოსახდენი მაინც მოხდებოდა.

დიდხანს ელოდნენ მოჭადრაკეები მოხუცს. ბოლოს წარსულს გადააბარეს და თავის შესაქცევად ახალი სანაძლეო დადეს...

Friday, September 9, 2011

ჯავახეთის ექსპედიცია 2011 (გაგრძელება)

წელს ექსპედიციის უმთავრესი მიზანი ხოსპიოში მეათე საუკუნით დათარიღებული ეკლესიის გალავნის აშენება იყო. ბიჭებს გოგოებიც ვეხმარებოდით. ძირითადად, ქვების მიზიდვაში და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებაში. ადგილობრივი ქართველებიც შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ. გვაწვდიდნენ საჭმელს. სამუშაო იარაღებს და ა.შ.

ერთხელ მე, ხატიამ, დაჩიმ და დემემ შესვენების დროს ურიკების შეჯიბრიც მოვაწყეთ. მე და ხატია ურიკებში ჩავსხედით, დემე და დაჩი კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო სწრაფად წაიყვანდა ურიკას. გამარჯვება მე და დაჩის დაგვრჩა.

დაჩი

იგივე - პრონტოზავრი. ალბათ უკვე ხვდებით, როგორი უნდა იყოს. ერთი სიტყვით - დიდი. დიდი, მაგრამ სასაცილო. ჩასვლის დღიდან გადამეკიდა, გაფითრებული სახე გაქვს, ნამდვილად კიბო გჭირსო. მდინარეში ჩავარდნისა და ფეხის გაჭრის მერე მთლად გადაირია. მოსაჭრელი გაგიხდება, მარა მაინც კიბო გჭირს და არ იდარდოო.

მისი ეს ირონიული დაცინვები ცოტა კი მაბრაზებდა, მარა ვიცი პრონტოზავრები ასე ხუმრობენ და აღარ მწყინს. პირიქით, ვხალისობ კიდეც.

საღამოობით, სანამ მამა ალექსანდრე ჩვენ წასაყვანად მოვიდოდა, ხოსპიოელ ბავშვებთან დამალობანას ან ,,ამის პატრონმა რა ქნას“ ვთამაშობდით. ერთხელ ზაქარიას მდინარეზეც გავყევით და თევზები დავიჭირეთ.

ზაქარია

ხოსპიოელი პატარა ბიჭი, რომელიც მთელი ექსპედიციის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებია. რაც შეეძლო გვეხმარებოდა. სამაგიეროდ ექსპედიციელებმა გაწეული დახმარებისა და მეგობრობისთვის ფეხბურთის ფორმა ვაჩუქეთ, წარწერით ,,ზაქარია“.

მდინარის პირას პოეზიის საღამოც მოვაწყეთ. ბუნებაში ლექსების მოსმენას არაფერი სჯობს. მდინარის რაკ-რაკი მუსიკასავით გესმის და თავი სამოთხეში გგონია. მსგავს საღამოს ქუთაისშიც შევსწრებივარ. ღია ცის ქვეშ გამართული სიმფონიური ორკესტრით შესრულებულ ნაწარმოებებს მხოლოდ ხოსპიოში წაკითხული ლექსები თუ შეედრება.

საღამოზე ექსპედიციის გუნდმა სურპრიზი მოგვიმზადა. ბავშვებმა ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი გადააკეთეს და 2011 წლის ექსპედიციის სახუმარო ჰიმნი შეგვისრულეს. მერე ლექსებიც წავიკითხეთ. განსაკუთრებით, ხატიას წაკითხული ,,პასუხი ნიკოს“ მომეწონა (ავტ. ზურაბ სალუქვაძე).

პოეზიის საღამოს მერე კი მდინარეში ქაღალდის გემები გავუშვით. ხიდთან თითქმის ვერცერთმა ჩააღწია, მაგრამ ყველაზე შორს დემეს ფოთლებშემოკრულმა გემმა გაცურა.

ხოსიპიოში ფეხის გაჭრაც მოვახერხე. ტრაპეზის შემდეგ ჩვეულებრივ მდინარესთან ჩავედი. მერე ხოსპიოელი ბავშვები მოვიდნენ. მათთან ერთად წყალში შევედი და ფეხიც გადავიჭერი. იმდენი სისხლი წამომივიდა, ბავშვებს თვალები ლამის გადმოსცვივდათ. ირინამ ადგილობრივებისგან დიდი ნაჭერი იშოვა და სასწრაფოდ ფეხზე გადამახვია. ასე რომ, ამ შემთხვევის გამო ექსპედიციის ბოლო დღეები ცალი ფეხით ხტუნაობაში გავატარე. დავსკინკილობდი კიბეებზე, დერეფნებში, ეზოშიც კი... ფეხი ახლაც მტკივა, თუმცა როგორც მამა ალექსანდრემ მითხრა, ქორწილამდე დამავიწყდება. ისე, ჭრილობა ახალქალაქს მახსენებს და მალე თუ არ მომირჩება, არც მაგაზე ვიდარდებ.

3. ჩანაწერები ჯავახეთიდან:

06.08.2011

დღეს ხატიას გავყევი მაღაზიში.

მაღაზიის შესასვლელთან ვიღაც ბიჭი იდგა და ქართულად ლაპარაკობდა. უცებ ისე გაგვიხარდა, ვეღარ მოვზომეთ და ვა, ქართველიო, თითქმის ვიყვირეთ. იმ ბიჭსაც ასეთივე რეაქცია ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქი საქართველოს ეკუთვნის, აქ ქართველზე მეტი სომეხი ცხოვრობს. ქუჩებს სომხური გვარები აქვს სახელწოდებად. სომხების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, მინდა, საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი მეტი იყოს, ვიდრე სხვა ეროვნების წარმომადგენელი.

ახლა კი, ახალქალაქში ქართველთან შეხვედრა უბრალოდ, ჩემ გაოცებას იწვევს.

შარშან მეუფემ გვითხრა, ვინც აქ დასახლებას მოისურვებს, სახლს და სამსახურს ვაძლევთო. ეს ძალიან კარგია. იქნებ, ამან მაინც შეუწყოს ხელი ახალქალაქში ქართველების მომრავლებას..

06.08.2011

,,- ადამიანებს ყველაზე მეტად სიკვდილი აშინებთ, ამიტომ ყოველთვის გაურბიან მასზე ლაპარაკს“ - ტრაპეზის დროს გვითხრა მამაომ.

არასდროს მშინებია სიკვდილის...

არაფერია მასში განსაკუთრებული. უბრალოდ, გარდაცვალებაა, რაღაცის შეცვლაა, ერთადერთი, რაც სიკვდილის მერე მაფიქრებს, უსასრულობაა. მეშინია, არ მომბეზრდეს.

ეზოს კიბეებზე გვიანობამდე ვიჯექი. მერე უცებ წარმოვიდგინე, კიბის ქვეშ რაღაც იყო. შემეშინდა და მაღლა ავედი. ახლაც მგონია, ვიღაც ამოყოფს თავს, ამოცოცდება ლოგინზე, ან სკამის უკნიდან გამოძვრება, ან ფარდას გადაწევს და გადმოხტება...

მგონი ბევრ საშინელებებს ვუყურებ...

11.08.2011

ფეხი მაქვს ნატკენი. დილიდან საწოლზე ვარ მოკალათებული და უკვე მომბეზრდა.

ირაკლი ხშირად მოდის. ცოტა ხნის წინ ჩამეძინა, მარა მაინც გავიგე, მაკოცა და გავიდა. საყვარელი ბავშვია. დემეც ხშირად შემოდის. დაჩი და ნიკაც იყვნენ. მართალია, ხატია ,,ბრაზობს“ ავადმყოფთან ხელცარიელები ნუ მოდიხართო, მარა უშედეგოდ.

მე და დემემ ექსპედიციისთვის ბლოგის გაკეთება გადავწყვიტეთ. იდეა დემეს ეკუთვნის, გაკეთებით კი ერთად გავაკეთებთ.

ლადო ასათიანის წერილებს ვკითხულობ. მიყვარს ლადო. მთაწმინდაზე სწორედ ლადოს სახლის ქვეშ იყო ჩემი ოთახი. საღამოობით ვიჯექი ხოლმე ფანჯარაში და ვფიქრობდი. ხშირად ლადოზეც...

გუშინ მამაომ ტრაპეზის დროს თავის სკამზე დამსვა. მარტო ამისთვის ღირდა მდინარეზე ფეხის გაჭრა.

საღამოს ქართული ფილმი ვნახეთ, ,,თქვენ გელით სიკვდილი“.

12.08.2011

ანამ ორი ფილმი მოგვიტანა, ,,მისტერ ჯეკი“ და ,,საფრთხობელები“ (მგონი, სათაურები არ მეშლება). ორივე ძველი კომედიაა. კარგად გავერთეთ, მაგრამ ბოლოს ფეხმა შემაწუხა და იძულებული გავხდი, ოთახში ავსულიყავი.

ფილმების მერე მოვიწყინე.

მოგვიანებით მამაომ თავისი ხელით გაკეთებული უგემრიელესი ჩაი მოგვიტანა ოთახში. ხოდა, ჩაიმ მგონი მართლა კარგად იმოქმედა. მოწყენამ მალე გადამიარა და გვიანობამდე, სანამ ჩამეძინებოდა ხატიას ვეჭორავებოდი.

დღეს ზვიადიმ შოკოლადი მაჩუქა.

ნიკა (ფატიმა)

ნიკა მადონას შვილია. ქუთაისური აქცენტით ხუმრობა ჩეჩენასავით კარგად გამოსდის. ნიკას ძალიან ლამაზი თვალები აქვს, საკმაოდ მხიარულია და აქვს ამოჩემებული ფრაზები, მაგალითად: ,,რას შვები ბიჭო“, ,,გველო“, ,,თუ გწყვიტე“ და ა.შ.

ექსპედიციის ბოლო დღეებში ცოტა კი მოიწყინა, მაგრამ არაუშავს, მალე ჩამოვა ჯარიდან და ისევ გამხიარულდება.

ზვიადი

ზვიადი გოგას მეგობარია. გიჟდება ლაშქრობებზე და ფეხით სიარულზე. მეგობრებთან ერთად თითქმის ყოველ კვირა გადის ქალაქგარეთ. მასაც ჩემსავით მთა ზღვას ურჩევნია და ძალიან უნდა ფარავნის ტბის პატარა კუნძულზე მოხვედრა.

13.08.2011

ლოგინის მეორე სართულზე ძლივს ავფოფხდი. ხატიას ჯერ ღვიძავს. მგონი მამაოს უწერს ლექსს, რომელიც პოეზიის საღამოზე წაიკითხა. ნუცას თავისი კრუდელია ღამის სათვალე აქვს ჩამოფხატებული და ტკბილად სძინავს.

საღამოს მე და ხატია ეზოში ჩავედით. მალე მამაო შემოგვიერთდა და დიდხანს ვსაუბრობდით. მოგვიყვა, როგორ გადაწყვიტა საერო ცხოვრების დატოვება. გვიყვებოდა წმინდა ნინოს გზის გასავლელი ექსპედიციის შესახებ. ამაზე დოკუმენტური ფილმიც ვნახეთ. ექსპედიციელები 6 თვე მიჰყვებიან წმინდა ნინოს მიერ განვლილ გზას. მოგზაურობა ძალიან რთულია და ბევრ პრობლემას უკავშირდება, თუმცა თავად ექსპედიციის მიზანი იმდენად დიდი მადლია, პრობლემები შეუმჩნეველი ხდება.

ხვალ უკვე თბილისში ვბრუნდებით. გული მწყდება. მომენატრება მამა ალექსანდრე, ბავშვები, ექსპედიცია თავისი ცხოვრებით...

მომენატრება დაჩის პრონტოზავრული ხუმრობები, ნიკას ,,რას შვები, ბიჭო“, ლილიკოს კისკისი, ზვიადისთან დამკის თამაში, მარიტას სიმღერა და ჩვენი ეზო.

პანსიონის ეზო ბარალეთისასა ვერც კი შეედრება, თუმცა გასართობად მაინც მშვენივრად ვიყენებდით. ვთამაშობდით ფრენბურთს, ბამბიქტონს ფრენბურთის ბადით და ჩოგნებზე გაკეთებული თავისივე ჩამოსაცმელებით.

ერთხელ დამკის ჩემპიონატი მოვაწყეთ. ნახევარფინალში გადასვლა თათიას დამარცხებით მოვახერხე. აი, გიორგისთან კი ვერაფერი გავაწყე. მართალია, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლე, მაგრამ ერთი ქვის უპირატესობით გიორგიმ ჩემი დამკა მოიმწყვდია და ფინალში გადასვლაც გაინაღდა. ფინალში დემე და გიორგი შეებრძოლნენ ერთმანეთს. პრიზი ცოტა უცნაური იყო - მაიტოსთან ჩახუტება.

,,პრიზი“ დემემ დაიმსახურა...

ეზოში განმარტოვებაც თავისუფლად შეიძლებოდა.

როცა ხმაური მღლის, ვეძებ ადგილს, სადაც თავს მყუდროდ ვგრძნობ. უბრალოდ, ზოგჯერ განმარტოვების ხასიათზე ვდგები, თორე არაფრის ისე არ მეშინია, როგორც მარტოობის. ზოგი ამას უცნაურ ხასიათს აბრალებს, ზოგი დეპრესიად აღიქვავს, მე კი ვიტყოდი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ამოჩემებაა და მეტი არაფერი.

ერთხელ მე და დემეს ფილოსოფიური საუბრების საღამო გვქონდა. შევთახმდით, რომ ბედისწერა არ არსებობს. უბრალოდ, სისულელეა ადამიანის ცხოვრება წინასწარ იყოს დაგეგმილი. ეს ყოველივე ეწინააღმდეგება თუნდაც ცნებას სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ. ადამიანს არჩევანის უფლება რომ არ ჰქონდეს, წინასწარ დაგეგმილი ცხოვრების და ცოდვების საფუძველზე მისი სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვედრა ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა.

ასევე, ვისაუბრეთ გარდაცვალებაზე, სამოთხეზე, ზოგადად ადამიანებზე და სამყაროზე,..

4. მეუფესთან

მეუფის სახლში პირველად როცა მოვხვდი, გაოცებისგან პირი დავაღე. მაშინვე უცნაურ სახლში მარტო დარჩენა და თითოეული ნივთის საგულდაგულოდ დათვალიერება ვინატრე. დაღებული პირი როდის დავხურე, აღარ მახსოვს, მაგრამ ეს მეუფის სახლში ყოფნისას რომ არ მომხდარა, ნამდვილად ვიცი.

ათასი უცნაური და ძვირფასი ნივთით დატვირთული თაროები მუზეუმის დიდებულ კედლებს მოგაგონებთ. ეს სახლი კი არა პატარა მუზეუმია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც თაროებიდან მტვერი საკუთარი ხელით გადმოვწმინდე, თითოეულ ნივთს შევეხე და მომაბეზრებელი ხელსაქმე ნივთების ღირებულებას შევადარე, თითოეულმა მათგანმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ახლა ისინი უბრალო, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ნივთებად გადაიქცნენ.

უსულო საგნებიც ადამიანებივით არიან. გიზიდავენ, გაკვირვებენ, სანამ გაიცნობ, სანამ შეისწავლი. მერე კი უბრალოდ შეიყვარებ, მტვერს კვირაში ერთხელ მაინც გადაწმინდავ, ან გავა დრო და თვალიც არ გაგექცევა მათ შესახედად. ამოხსნილი ამოცანასავით მიაგდებ და დაივიწყებ.

***

მეუფესთან ვიზიტი ყოველთვის განსხვავებული და ორიგინალურია.

წელს ორჯერ ვესტუმრეთ.

პირველად პირდაპირ ბაღში ვუყურეთ ფილმს ,,ადამიანი წარსულის გარეშე“.

ადამიანი, რომელსაც თავისი წარსული რაღაც შემთხვევის გამო ავიწყდება, ცხოვრებას ნულიდან ბავშვივით იწყებს. თამამად შეგიძლია, ამ ახლად გამოჩეკილ უკვე ზრდასრულს კეთილშობილი უწოდო. ბოლოს გმირს ახსენდება, რომ წარსულში ლოთი, თამაშების მოყვარული და ერთი სიტყვით, დიდი არამზადა ბრძანდებოდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული პიროვნებაა. ეს არის თამაში ადამიანის რადიკალურად განსხვავებულ წარსულსა და აწყმოს შორის.

ნამდვილად საბრალოა ადამიანი წარსულის გარეშე. თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა მძიმე ტვირთად არ გაწევს მხრებზე. ასეთ დროს მისი ერთი ხელის მოსმით დავიწყება, მართლაც რომ დიდი ბედნიერება იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ამ ფილმის გმირს ვერ შევიბრალებ. პირიქით, მისი ბედი მშურს კიდეც. მან წარსულის დავიწყებით ცხოვრების რელსებზე დაბრუნება შეძლო. მან, როგორც დემემ თქვა, ერთ ცხოვრებაში ორი შანსი მიიღო. მან ცოდვების მონანიება თავად ცოდვების სიმძიმის შეგრძნების გარეშე მოახერხა.

მას არც წარსულის მძიმე მარწუხები გამოუცდია, არც წარსულის დაბრუნების მძიმე ,,ლომკები“ ჰქონია წამალზე დამოკიდებული ნარკომანივით. ნარკომანივით, რომელიც ცხოვრების შეცვლის გეგმებს მომავლისთვის გადადებს, ოღონდ კი დღეს იყოს ,,ბედნიერი“. მისთვის დიდი შვება იქნებოდა, უცებ თავისი ნარკომანობა დავიწყნოდა. წამლის არსებობაც წარსულისთვის ჩაებარებინა და ცხოვრება ფილმის გმირივით სუფთა ფურცლიდან დაეწყო. მას აღარც წამლის სურვილი შეაწუხებდა და ახალ ცხოვრებასაც ჯანსაღი ადამიანივით დაიწყებდა.

მორედ ექსპედიციიდან წამოსვლის დღეს ვესტუმრეთ მეუფეს.

ბაღში მინდორზე მოვკალათდით და საზამთროსთან ერთად საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. მეუფემ დემეს იდეაც მოიწონა. ასე, რომ ექსპედიციის შესახებ ბლოგის ან საიტის გაკეთება ნამდვილად გადაწყვეტილი საქმეა.

ჯავახეთის ექსპედიცია 2011


ზაფხულში გადაწელილი ჯიპას უკვე მოსაბეზრებელი ლექციები ჯოკრის თამაშითა და მეგობრების ერთად ყოფნით როგორც იქნა, დავამთავრე. ჯიპას გარდა საქმე სხვაც ბევრი მქონდა: სააგენტო თავისი სტატიებით, გაურკვეველი გრანტი, რომელიც მე და ქეთომ ბესოს დახმარების მიუხედავად ჯერჯერობით მაინც ვერ გავარკვიეთ, ჩემი დის თურქეთში გამგზავრება, ექსპედიციისთვის მომზადება და ა.შ.

საქმეების ასე თუ ისე მოგვარებისა და ზურგჩანთის ყიდვის შემდეგ - რასაც თავისი ისტორია აქვს - ბოლოს და ბოლოს სადგურამდე მივაღწიე. მარშუტკაში დემესთან და ირინასთან ერთად ნახევარსაათიანი ყურყუტის შემდეგ კი როგორც იქნა, ჯავახეთში წავედით.

ჩანთა, რომელიც 60 ლარი ღირდა, 40 ლარად ვიყიდე. ,,საწყალ“ გამყიდველს ავეტუზე. ავეტუზე და მანამდე არ მოვეშვი, სანამ ჩანთა თავისი ნებით არ ჩამოხსნა და ზურგზეც თავისი ხელით არ ამკიდა. ამჯერად თავის მოსაწყლება და სავაჭრო ტყუილების გამოგონება არ დამჭირვებია. საფულეში ნამდვილად 40 ლარი მქონდა.

სწორედ ამიტომ, ჩანთის ისტორიამ რეკორდი მოხსნა და ჩემი საბაზრო-სავაჭრო მიღწევების სიაში ღირსეულად პირველი ადგილი დაიკავა.

მას შემდეგ, რაც ჩემ წინ მჯდომ ძიას ფანჯარა ავაწევინე და თმების უშედეგო სწორება წარსულს ჩავაბარე, თამამად შემიძლია ვთქვა - შესანიშნავად ვიმგზავრე. ირინა მთელი გზა წიგნს კითხულობდა, მე და დემე ხან რას ვთამაშობდით და ხან რას. ლაპარაკიც საკმაოდ ხმამაღლა, ალაგ-ალაგ წამოყვირებებით გამოგვდიოდა. ამის გამო მძღოლი წარამარა უკან იხედებოდა და გული მისკდებოდა, სადმე არ ავკაპოტებულიყავით.

ახალქალაქში ღამე ჩავედით. გზა ადვილად გავიკვლიეთ. პანსიონთან მისულები ,,სულიერების აივნიდან“ შეგვნიშნეს და კარი გაგვიღეს. შესვლისთანავე ჩალისფერ თუ მსგავსფერთმიანი გოგონა შეგვეგება. როგორც რამდენიმე წუთში გავარკვიე, ეს ფორუმელი ნუცა იყო. ექსპედიციელებიდან ზოგი ნაცნობი აღმოჩნდა. უცნობიც ბევრი იყო, თუმცა ეს უცნობობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

ექსპედიციაში ჩამოსვლამდე უკვე ვიცოდი, წელს დედაოების ნაცვლად ჩვენთან მამაო დარჩებოდა. ვფიქრობდი, შარშანდელთან შედარებით სიმკაცრე იქნებოდა, მაგრამ შევცდი. არა სიმკაცრეც იყო, თუმცა ამას სიმკაცრეს კი არა, უფრო დისციპლინას დავარქმევდი.

მამა ალექსანდრე

მამა ალექსანდრე ძველი ექსპედიციელია. საერო ცხოვრების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად, ახალქალაქში გატარებული ერთი თვის შემდეგ მიიღო. როგორც თავად ამბობს, სამღვდელო ცხოვრება ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, იმდენად ბედნიერია, რომ საერო ცხოვრების დატოვება ერთხელაც არ უნანია.

მისმა საუბრებმა ბევრ რამეზე ჩამაფიქრა. ბევრ კითხვაზე პასუხი მაპოვნინა და ბევრი კარგი საქმეც გადამაწყვეტინა. პირველი აღსარებაც მამა ალექსანდრეს ჩავაბარე. მისი დარიგებიდან ყველაზე მეტად ეს ნათქვამი დამამახსოვრდა, როცა რამის გაკეთებას დააპირებთ, ჯერ დაფიქრდით, თქვენი მოქმედება ღმერთს მოეწონება თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგით ნაბიჯიო.

ისევე როგორც შარშან, წელსაც იგივე გრძნობა მქონდა. მეგონა, ექსპედიციაში ერთ კვირასაც ვერ გავძლებდი, თუმცა წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე უბრალოდ დროს მივენდე, სიტუაციას ავყევი და არც თუ ტყუილად.

განბანვა და ექსკურსია თავკვეთულაზე

სიზმარში რას ვხედავდი, აღარ მახსოვს. ვიცი მხოლოდ ის, რომ რაღაც კარგი უნდა მენახა. კარგი მანამდე მაინც, სანამ ზარს დარეკდნენ. გამოღვიძებულს ისეთი გრძნობა მქონდა, აი სკოლაში მიმავალს ზარის ხმა შორიდან რო შემომესმებოდა ხოლმე და ვხვდებოდი, გაკვეთილი იწყებოდა. მასწავლებელს დაგვიანება არ უყვარდა, ამიტომ ამ შორეულ ხმაზე უცნაურად მბურძგლავდა და ფეხებიც უკან მრჩებოდა.

ასე დამემართა ახლაც. უცნაურად გამომეღვიძა. ლოგინიდან გადმოწეული ფეხიც საეჭვოდ მალე შეეხო იატაკს. იმის გამო, რომ ფეხის გადმოწევის სისწრაფე ცოტა სხვა სიმაღლისთვის მქონდა გათვლილი, იატაკთან შეხება მტკივნეული აღმოჩნდა. ტკივილმა პარალონი და პარალონზე წოლა გამახსენა. გამახსენა ისიც, რომ ასე წოლა ორი ექსპედიციელის წასვლამდე მომიწევდა. მერე კი ორ სართულიანი ლოგინის მეორე სართულზე გადავბარგდებოდი. ამის გახსენებაზე იატაკთან შეხების ,,სასიამოვნო გრძნობა“ მეორე სართულიდან გადმოვარდნის ,,სიამოვნებას“ შევადარე და პარალონზე წოლა ამჯერად გულწრფელად დავაფასე.

ექსპედიციელების გამოსაღვიძებლად დარეკილი ზარის მიუხედავად ჩემი თანამობინადრეები ძილს მშვიდად განაგრძობდნენ, მეც ავდექი და ძილი განვაგრძე. თუმცა, ვინ გვაცალა, კარზე ატეხილმა ბრახა-ბრუხმა იძულებულები გაგვხადა სასწრაფოდ ავმდგარიყავით.

ლოცვის შემდეგ მარშუტკებში გავნაწილდით და თავკვეთულაზე ნახევრად ძილბურანში მყოფები წავმარშუტკდით.

თავკვეთულაში ჩასვლამდე კი...

ნუცა

ადამიანი, რომელსაც ერთი შეხედვით სხვების აზრი არ აინტერესებს, არის საკმაოდ კომუნიკაბელური, მხიარული, უყვარს ლექსები და კუსტურიცა. მართალია ასაკი არ ეტყობა, მარა ექსპედიციელებს რა გამოეპარებათ. გაიგეს, 27 წლისააო და ნუცა ბებო შეარქვეს. მოგვიანებით ნუცა ბებოს კუსტურიცა დაემატა და ასე შეგვრჩა ექსპედიციაში ნუცა ბებო კუსტურიცა.

ნუცას ექსპედიციამდეც ვიცნობდი, მაგრამ მხოლოდ ფორუმიდან, ნიკით კატო-სტროფა. მოკლედ, რეალურმა ნუცამ ვირტუალურ კატო-სტროფას აჯობა და ღირსეულად დაიკავა ადგილი სიაში, რომელშიც მხოლოდ უცნაურ და გამორჩეულ ადამიანებს ,,ვაწევრიანებ“

დემე

დემე ძალიან მხიარულია. ლაპარაკის დროს უცნაურ შესვენებებს აკეთებს. ნებისმიერი სიტყვის თქმა შეუძლია, ოღონდ უკუღმა და ყოველთვის ისეთი სერიოზული სახით გატყუებს, შესაძლოა ჩემსავით ,,შარში“ გაყოთ თავი. მაგალითად, სერიოზული სახით გეტყვით, რომ ბორჯომი ადრე გვარი ყოფილა. თქვენც დაეთანხმებით და მხოლოდ იმიტომ რომ, ასეთი წვრილმანების უცოდინარი არ გამოჩნდეთ, ეტყვით, ეგ ყველაფერი ვიციო. დემე კი დახუჭავს თვალებს, თავს გააქნევს და გეტყვით, რა ბოთე ხარ, რა ბორჯომი, რის ბორჯომიო.

ირაკლი

ჩვენი პატარა ოპერატორი. ირაკლი ბარალეთიდანაა და სწორედ იმ პანსიონში სწავლობს, სადაც წელს ექსპედიციელები ვცხოვრობდით. ვიდეომონტაჟიც აქ ისწავლა. ძალიან უყვარს მანქანები. გვაცინებდა, პატარა ტირილს რო დავიწყებდი მანქანაში მსვავდნენ, ქოქავდნენ და მაშინვე ვჩუმდებოდი ხოლმეო.

ფენი ჩემ გარდა კიდე ვინმეს თუ ,,უყვარდა“, თანაც ბიჭს, რას წარმოვიდგენდი. თითქმის ყოველ დილით მოდიოდა ირაკლი ჩვენს ოთახში და თმებს გვასწორებინებდა. სხვათაშორის ირაკლი ჩემი ტელეფონის უახლოესი მეგობარია. გაუჭირდებოდა თუ არა რამე, ირაკლი ეხმარებოდა. სამაგიეროდ, ყველა მესიჯი თითქმის ზეპირად იცოდა.

ხატია

ხატიას მგონი უკვე ყველა იცნობთ. ხატია ჩემი დაიტოა, მე კი მისი მაიტო. მაიტო სწორედ ხატიამ შემარქვა და შესაბამისად, ჩემი ბლოგის სახელწოდების ავტორი ხატიაა. ისე დემემ ახალი სახელები მოგვიფიქრა - ხაიკო და მატია. უცნაურია, მარა ჩვენ მოგვწონს.

ხატია სულ გრძელი თმებით მახსოვს. თევზის კუდი აკლია, თორე ქალთევზას ჰგავს. ხშირად იბუტება, უყვარს ტირილი, თუმცა ხასიათზე მოსვლა მალევე ეხერხება. მოკლედ, ხატია ისეთი მეგობარია, როგორზეც ბევრი, ძალიან ბევრი იოცნებებდა.

აქვე ლადო ასათიანი მიხედვით:

,,ხომ კარგია ეს ჩემი მეგობარი ხატია, ხოდა მე უფრო კარგი ხატია სულაც აღარ მინდა.“

ამასობაში თავკვეთულაშიც მივედით. შედარებით დაბალი ფონი მოვძებნეთ და მტკვარს შევბედეთ. შორიდან ყველაფერი მარტივი ჩანს, მაგრამ მდინარის შუაში მისულებმა ტალღებს რო გავუშტერეთ თვალი, ვეღარ გავიგეთ, ტალღები მიდიოდნენ და ჩვენ ვიდექით, თუ ჩვენ მივდიოდით და ტალღები იდგნენ. საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, საჭმელიც დაუსველებლად გადავიტანეთ და ჩვენც ყოველგვარი გართულებების გარეშე გადავედით.

თავკვეთულა - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის კლდეში გამოკვეთილი ტაძარი უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია. ეკლესიაში შესასვლელად პატარა გვირაბია გამოკვეთილი. ეკლესიაში წირვა აღვავლინეთ, ვილოცეთ და გარეთ გამოსულებმა მინდორზევე ვიტრაპეზეთ. მერე ექსპედიციის გუნდის შესრულებით სიმღერები მოვისმინეთ და განსაბანად ისევ მდინარესთან მოვგროვდით. აქ კი დიდი განსაცდელი მელოდა. წყალში ჩაყურყუმელავების ხომ მეშინოდა, მაგრამ გასწორებული თმების ბედი უფრო მაღელვებდა. წუწუნმა მაინც არ მიშველა. მამა ალექსანდრემ მდინარეში გემრიელად მაყურყუმელავა. წყლიდან ამოსულმა პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ თავზე წავიშინე ხელი და საცოდავად წამოვიკნავლე, ჩემი თმები-მეთქი. მერე დამცინოდნენ, ,,რადიოზე დაყენებული“ თმები დაგიშალეთ თუ არაო.

ახალქალაქში დაბრუნების შემდეგ რამდენ ხანს გვეძინა, აღარც მახსოვს, მაგრამ რამ გამაღვიძა ეგ არასდროს დამავიწყდება. თეა მირეკავდა, თინამ ქულა არ დაგიწერა და საგანი ჩაგივარდაო. გული დამწყდა, მარა ჩემი ბრალი იყო. კოლოქვიუმზე არ მივედი, რომელიღაც დავალებაც არ გადავუგზავნე და ვიცი, ქულები დამაკლდებოდა. თუმცა ეგაც არაფერი. ბოლოსდაბოლოს ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

Tuesday, July 26, 2011

გამარტივებული ლიტერატურა შორს ვერ წაგვიყვანს

ვინც თქვა, გემოვნებაზე არ დავობენო, ნამდვილად შეცდა. გემოვნება განსაზღვრავს ყველაფერს: მოდას, სამზარეულოს და ა.შ. რა თქმა უნდა, გემოვნება განსაზღვრავს ლიტერატურასაც... იცვლება გემოვნება, იცვლება ლიტერატურა, თუმცა ამ ცვლილებას მკითხველის გემოვნება იწვევს თუ მწერლის, სათქმელად ძნელია.

დღეს, როცა ყველაფერი მარკეტინგულად ფასდება და ავტორს საკუთარი იდეების საზოგადოებისთვის გაცნობაზე მეტად ფინანსური სარგებელი აინტერესებს, ძნელია, მან საზოგადოების გემოვნებაზე სასიკეთო გავლენა მოახდინოს. ის, ძირითადად, საზოგადოების გამარტივებული გემოვნების ,,მსხვერპლი“ ხდება.

ახალგაზრდა მწერალი, მიშა ბახსოლიანი ასეთ ლიტერატურას ვაზელინს ადარებს და ამბობს, რომ მას არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია.

რაც შეეხება ახალგაზრდობას, სტერეოტიპებს თუ დავუჯერებთ, მათ კითხვა არ უყვართ. ვისაც უყვარს, ფინანსური სარგებლისთვის გათვლილ წიგნებს კითხულობს და მისი გემოვნება სავალალო მდგომარეობაშია. ახალგაზრდობის ასე, ერთ ქვაბში მოქცევა არასამართლიანია, თუმცა სტერეოტიპის შექმნა ახალგაზრდა მკითხველზე დასკვნების გასაკეთებლად მშვენიერი ხერხია.

სალო მხეიძე (ახალგაზრდა მწერალი) ამბობს, რომ ახალგაზრდებს თავისუფლება აკლიათ. ამის გამო სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან და ახასიათებთ კოგნიტური სიძუნწე (ეზარებათ აზროვნება). ეს კი საბოლოოდ მათ გემოვნებას აყენებს ზიანს.

სალო მხეიძე: ,,სიმართლე გითხრათ, ვიცნობ განსხვავებული გემოვნების მქონე ბევრ ახალგაზრდას, რომელთა გემოვნებაზე მართლა ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, იმოქმედა სახლში არსებულმა წიგნებმა, მეგობრებმა, წრემ... მე არ მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც კითხულობენ სამკაულის პოეზიას, ციტირებენ კოელიოს და ა.შ. თორემ აუცილებლად ვკითხავდი, რატომ კითხულობენ ამას“. სალო ამბობს, რომ დღეს წიგნის თუ მწერლის პოპულარობას მკითხველის გემოვნებით თამაში განსაზღვრავს. მისი აზრით, პოპულარულია ის, ვინც საზოგადოების გემოვნებას ითვალისწინებს. თავად სალო წერს იმას, რაც ეწერინება. ,,მე თავისუფლად ვწერ, ამ ყველაფერზე ცნობიერად არ ვფიქრობ, ყველაფერი ბუნებრივად და თავისით გამოდის. მაქვს იდეა და ვიწყებ წერას, როგორ განვითარდება მოვლენები, თვითონაც არ ვიცი, ეგაც ნაწერს მოაქვს.“
ერეკლე დეისაძე კი მიიჩნევს, რომ გემოვნებაზე ყველაზე დიდ გავლენას მოდა ახდენს. მოდას კი ტელევიზია ამკვიდრებს.

ერეკლე დეისაძე: ,,- მოდას ქმნის ის მწერალი, რომელიც ყველაზე მეტად ჩანს ტელევიზორში. ახალგაზრდების გემოვნება ტელევიზიებზეა დამოკიდებული“. მისი თქმით, თავად ნაკლებად ექცევა მედიის გავლენის ქვეშ. წერის დროს მკითხველის გემოვნებას ნაკლებად ითვალისწინებს. ეყრდნობა საკუთარ ინსტიქტებს და ამ პროცესს სექსს ადარებს. „ მწერალ-მკითხველი სექსუალური პარტნიორები არიან. მთავარია, შენი სიამაყე კარგი პარტნიორის ხელში მოხვდეს“.

მისი აზრით, „ფარჩაკი“ მწერლის ნაწერის წაკითხვას კომპიუტერთან ჯდომა სჯობს, რადგან მხოლოდ კითხვას არანაირი აზრი არ აქვს - „ ჩემი დედაია ბიჭები მანველიძის „მგლებს“ კითხულობენ, არიან ისეთებიც, რომლებიც ადრე ეცნობიან ხარისხიან ლიტერატურას, თუმცა ასეთები ცოტანი არიან. რაც შეეხება ჩემს წიგნს, ორივე კატეგორიას წაკითხული აქვს“.

ხარისხის მხრივ საკუთარ ნაწერს საშუალო დონის ლიტერატურად აფასებს და ამბობს, რომ წიგნს ღირებულებაზე მეტად პიარი ყიდის: „პოლპულარობას ბევრი რამ განაპირობებს, მაგრამ საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ პიარი ერთ-ერთი მთავარი იარაღია პოპულარობის მისარწევად“.

ერთ-ერთ ლიტერატურულ ფორუმზე ახალგაზრდების პასუხების მიხედვით, თუ რა წაიკითხეს ბოლოს, ყველაზე დიდი პოპულარობით ოთარ ჭილაძის ,,მარტის მამალი“, ესპანელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას ,,დეიდა ხულია“, ჰერმან ჰესეს ,,ტრამალის მგელი“, ფრედერიკ ბეგბედერის ,,99 ფრანკი“ და ა.შ სარგებლობენ. კითხულობენ სხვა კლასიკოსებსაც. თუმცა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ლიტერატურულ ფორუმზე ძირითადად ის ადამიანები „პოსტავენ“, რომლებსაც გარკვეული აქვთ საკუთარი ლიტერატურული გემოვნება. ასეთების რაოდენობა კი საკმაოდ მცირეა.

როგორც მწერალი მიშა ბახსოლიანი ამბობს, ქართველი ახალგაზრდების ერთი ნაწილი მხოლოდ ნაცნობ-მეგობრების გამოცემულ წიგნებს კითხულობს, დანარჩენები ძირითადად თარგმანებს ეტანებიან: ,,ყურბან საიდის ,,ალი და ნინო” ახლაც ყველაზე დიდი ტირაჟით იყიდება ვენს წიგნების მაღაზიებში, ისევე როგორც პაოლო კოელიო. პოპულარულია ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებიც: ,,ბეჭდების მბრძანებელი” და ,, ჰარი პოტერი”.

მწერალი დათო გორგილაძე ფიქრობს, რომ ადამიანებს ხელოვნებისადმი სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ, სწორედ ამიტომ გემოვნებაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ,,მე შემიძლია გითხრათ, როგორი ჟანრის ლიტერატურა არ მომწონს. ასეთი ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკაა. ეს არასოდეს დამაინტერესებს, თუმცა ვერაფრით ვიტყვი, რომ ის უგემოვნოა, შეიძლება პირიქითაც იყოს. გემოვნებას განათლება და ბევრი კითხვა განაპირობებს.“ მისი აზრით, დღეს ახალგაზრდობის ნაწილისთვის წიგნი საკმაოდ პოპულარულია. ,,თანამედროვე ტექნოლოგიები, კერძოდ კი ინტერნეტი, ახალგაზრდებს ძალიან დიდ პალიტრას სთავაზობს. შეიძლება, წიგნი ავტორის სახელის ან სათაურის მიხედვით მოგეწონოს. პირადად მე ყველაზე ხშირად მეგობრების რჩევებს ვეყრდნობი და აგრეთვე ვცდილობ, ყველა ესპანურენოვანი მწერალი წავიკითხო (ეს ჩემი სისუსტეა).“ მისი თქმით, წიგნის გაყიდვა როგორც კარგ პიარს, ასევე ღირებულებასაც შეუძლია. ,, ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის და ორივე შემთხვევის მაგალითიც ბევრი გვაქვს თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში. „ბინდი“, რომელიც მე უკიდეგანოდ დიდ სისულელედ მიმაჩნია, ბესტსელერია, მაგრამ არიან ავტორები, რომლებსაც დიდი პიარის გარეშეც უამრავი ადამიანი კითხულობს. მაგალითად არტურო პერეს ,,რევერტე“, რომლის ახალ წიგნსაც უამრავი ერთგული მკითხველი ელოდება.“ თავად დათო ნაკლებად ითვალისწინებს სხვის გემოვნებას, თუმცა არც გამორიცხავს, რადგან ფიქრობს, რომ ასე მკითხველს დაკარგავს.

რაც შეეხება თემებს, რაც ახალგაზრდების ყურადღებას იქცევს, ძირითადად მათ ასაკში წამოჭრილ პრობლემებს უკავშირდება: სექსი, ალკოჰოლი, ნარკომანია, ოჯახური უთანხმოება, დეპრესია და ა.შ. ახალგაზრდა მწერლებიც საწერად ასაკის გამო იმავე თემებს ირჩევენ. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა მწერლების ძირითადი აუდიტორია ისევ და ისევ მათი თანატოლებისგან შედგება. ახალგაზრდა მწერლებს აუდიტორიის მისაზიდად თამაში და მარკეტინგული გათვლები არ სჭირდებათ, რადგან იმას წერენ, რაც ეწერინებათ. უფროსი მწერლებისგან მსგავ თემებზე წერა კი შესაძლოა, აუდიტორიისთვის დაგებულ მახედ ჩავთვალოთ.

ფოლკნერი ამბობდა: „მთელი ოფლი დავღვარე, სულიერებისაგან გამეკეთებინა ის, რაც არ არსებობდა მანამდეო.“ მწერალი თუ გულწრფელი არ იქნება, სულიერებაც არ იქნება. სულიერება თუ არ იქნება, ლიტერატურული გემოვნება დაკნინდება. გემოვნება თუ დაკნინდება, ლიტერატურა გამარტივდება. გამარტივებული ლიტერატურა კი შორს ვერ წაგვიყვანს.


Wednesday, July 20, 2011

ცოლად გავყვები...

ზოგადად, ოცნება ძალიან მიყვარს. მაქვს აკვიატებული ოცნებები, რომლებიც ხშირად აუსრულებელი მრჩება და საბოლოოდ უბრალოდ მავიწყდება. მაგალითად, მეშვიდე-მერვე კლასში მინდოდა, იტალიის ნაკრების ფორმა მქონოდა. უფრო ადრე ვოცნებობდი, საკუთარი ცხენი მყოლოდა. ასაკთან ერთად მგონი ოცნებებიც ცოტა ქალური უნდა გამხდარიყო. მაგალითად, მეოცნება საქორწინო კაბაზე, პრინცზე, მანქანიან-სახლიან შეყვარებულზე... მაგრამ რა ვიცი, ჩემი ოცნებები ახლა უფრო სახიფათოა, ვიდრე ქალური... მაგალითად:

  1. ხიდიდან გადახტომა. (ამას მალე ვიზავ)
  2. პარაშუტით გადახტომა.
  3. საჰაერო ბურთით ,,სეირნობა“
  4. ცხენზე ჯირითის კარგად სწავლა.
  5. მოტოციკლის კარგად ტარება და საკუთარი მოტოციკლი, რა თქმა უნდა.
  6. ლაშქრობაში წასვლა კარავით და ა.შ. (ამ ოცნებას რამდენიმე კვირაში ავიხდენ)
  7. ტიბეტში მოგზაურობა.
  8. სადმე კუნძულზე ერთი თვით დაკარგვა.
  9. პირსინგი და ტატუ (მამაჩემმა, როცა გათხოვდები, მერე რაც გინდა ის ქენი, ახლა არაო.
  10. მე რო მომწონს, ისეთი ბათინკები. მარტო ერთ ფილმში როა და სხვაგან ვერსად მივაგენი ჯერ.
  11. სამხედროების ნაჭრით შეკერილი ბუწ(ტ)ილკა შარვალი. (მგონი თვის ბოლოს სიას ესაც გამოაკლდება)

აქვე:

ვინც ყველა ამ ოცნებას რეალობად მიქცევს, თუნდაც ბაყაყი იყოს, დაუფიქრებლად გავყვები ცოლად.

და ერთი ქალური ოცნებაც:

იმედია, ოცნებების ამსრულებელი ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი პრინცი იქნება. თუ ბაყაყი, კოცნის მერე პრინცად გადაიქცევა. ჩვენ გადავიხდით უზარმაზარ ქორწილს, მე ჩავიცვამ თეთრ კაბას და ...

ახლა კი წავედი, თორე სტატია დასაწერი დამრჩება.