Thursday, November 4, 2010

სკოლის ამბები

ამბები მართლაც დამიგროვდა.

სამშაბათს პირველი გაკვეთილი შემომეცდინა. თბილისში ვიყავი, თან დამავიწყდა, სამშაბათს პირველი გაკვეთილიც რო მაქვს ხოლმე და 9 საათზე ბედნიერად გავიღვიძე. ასე რომ სასწრაფოდ წამოვხტი, 5 წუთში მოვემზადე, ჭავჭავაძის დაღმართზე სასწრაფოდ ტაქსი გავაჩერე და დიდუბისკენ გავქანდი. რეკორდი მოვხსენი. მთაწმინდიდან დუშეთში ზუსტად 55 წუთში მივედი.

გაკვეთილების მერე კი მაგისტრატურის გამო ისევ თბილისში დავბრუნდი. ჯიპას კაფეში მეგობრებთან ერთად ცოტა დავისვენე და მერე კი ერთ საათს მაინც ვიბოდიალე იმისთვის, რომ მეექვსე კლასელებისთვის შეპირებული საჩუქარი მეყიდა.

გუშინ კი სწორედ მეექვსე კლასში მთელი ამბები გვქონდა. პირველ გაკვეთილზე ჩვეულებრივად ვითამაშეთ. გამარჯვება გივიკომ მოიპოვა და საჩუქარიც დამსახურებულად მიიღო. დათომ და აკაკიმ მთხოვეს, მართალია არ გვეკუთვნის, მარა გეხვეწებით, ვარსკვლავები ჩვენც მოგვეცითო. კარგი-მეთქი, მაგრამ შემდეგ გაკვეთილზე თუ ვარსკვლავს არ დაიმსახურებთ, ამ ვარსკვლავებსაც წაგიშლით და ჟურნალშიც ერთიანებს ჩაგიწერთ-მეთქი. ვაიმეო, მარა მაინც დამთანხმდნენ. ვნახოთ, როგორ ისწავლიან...

მეორე გაკვეთილამდე სადილი იყო. სადილის მერე საკლასო ოთახში შესულს გივიკო იქ არ დამხვდა. კლასელები კი რაღაცას ბობოქრობდნენ. ბოლოს გამიმხილეს, რომ გივკოზე იყვნენ გაბრაზებულები. მათი თქმით, გივიკო კლასელებს ზევიდან უყურებს, მერვე კლასელების დასანახად ,,ებლატავება” და სულ მერვე კლასელებთან დადის.

გივიკო როცა მოვიდა, ვცადე ყველაფერი გამერკვია. ვუთხარი, ამ ბოლო დროს კლასელებთან ერთად ვეღარ გხედავ და რამე მოხდა-მეთქი. მერე კი ბავშვებს ვუთხარი, გივიკოსთან თუ რამე გაქვთ სათქმელი, ან თუ რამე გეწყინათ, მოდით, პირდაპირ უთხარით-მეთქი. მათაც უთხრეს.

პრობლემა კი მართლაც დიდია. გივიკო ამბობს, ჩემი მეგობრები მარტო თორნიკე და შოთა არიან, მაგათთან კი არანაირი ურთიერთობა არ მინდაო. დათომ, ლაშამ და აკაკიმ აღმაფრთოვანეს, მიუხედავად იმისა რომ გივიკო ასე ლაპარაკობდა, მთელი სიმშვიდით უხსნიდნენ, ჩვენ შენთან მეგობრობა ნამდვილად გვინდა, უბრალოდ შენ გაქვს ჩვენს მიმართ ცუდი განწყობა. ძალიან გვწყინს, როცა მერვე კლასელების დასანახად გვებლატავებიო.

იმის გამო, რომ შოთას ასე თუ ისე ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ვთხოვე, იქნებ გაარკვიო, რატო არ უნდა გივიკოს ბავშვებთან ურთიერთობა-მეთქი. შოთა ძალიან საყვარელია. ისო, თავის კლასელებს ეუბნება, თქვენი საქციელი რას გავს, ერთმანეთი ისე უნდა გიყვარდეთ, სხვები აქეთ უნდა გბაძავდნენო, ასე რომელ რუსეთს დავამარცხებთო. მერე გივიკოს მიუბრუნდა, შენი საუკეთესო მეგობარი რო ვარ, იმიტო გეუბნებიო, სახლში რო მიხვალ, მაცივარი გამოაღე, ცივი წყალი გექნება, დალიე იქნებ აზრზე მოხვიდეო. ისე, თქვენც არ გაწყენდათ ცივი წყალიო, დანარჩენებს მიუბრუნდა.

მოკლედ, ათასნაირი მაგალითი მოვიყვანე, დაპირისპირებულ მხარეებს თავის გამართლების საშუალება მივეცი, პრობლემა ყველა მხრიდან განვიხილეთ. არ მეგონა, ამდენს თუ შვძლებდი, გასუსულები მისმენდნენ. წყნარად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, უხსნიდნენ, თითოეულს ერთმანეთისაგან რა ეწყინა, საკუთარ ნათქვამს ასაბუთებდნენ.

ბოლოს ყველაფერი გავარკვიეთ. გადავწყვიტეთ, ყველაფერი დავივიწყოთ. ზარი ისე დაირეკა, ახალი სიტყვების ჩაწერა ვეღარ მოვასწარით. საყვარლები, კი არ ადგნენ (სხვა გაკვეთილებიდან ზარის დარეკვისთანავე გამორბიან ხოლმე) ისხდნენ მერხებთან და მთხოვდნენ, სანამ დასვენებაა ახალ სიტყვებს ჩავიწერთო. მასწავლებლებმა და დირექტორმა ათასჯერ შემოაღეს კარები, რა სჭირთ მეექვსე კლასელებსო. ისინი კი ისხდნენ ჩუმად და სიტყვებს იწერდნენ.

დასვენებაზე მითხრეს, ამ სკოლაში ინგლისურის გამო დავდივართო. მთხოვეს, ჩვენი დამრიგებელი იყავითო. უი, მართლა აკაკი საშინელებათა ფილმების მოტანას შემპირდა. შოთამ მითხრა, მე ტროას ომზე მოგიტანთ ფილმებსო. ძალიან მიყვარან. ძალიან, ძალიან, ძალიან... მეექვსე კლასელებიც, მერვეც და მეცხრეც... საუკეთესო ბავშვები არიან... the best children...

ახლა კი წავედი, ბავშვებს რამე უნდა ვუყიდო...

6 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

აუუ რა მაგარიაა! ასე მგონია მეც ვასწავლი და მაგ კლასს ვიცნობ ♥

maito said...

:D:D:D:D თუ სურვილი გექნება, მართლა გაგაცნობ, ბავშვებსაც გაუხარდებათ, თან ბლოგისთვისაც გექნება მასალა :D

მარიამ ბლანკი¹³ said...

auu ra magarii shemotavazebaaa ♥♥ Zalian Zalian magaria , namdvilad didi siamovnebit ♥

maito said...

:):):):) როგორც კი შევძლებ, აუცილებლად შეგეხმიანები :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

Zalian kargi ^^ madloba

maito said...

ეჰ, პირობა პირობად დამჩა :( სამწუხაროდ, იმის გამო რომ მაგისტრატურის ცხრილი ამერ–დამერია,სკოლიდან წამოსვლა მომიხდა:( ეჰ.... :(