Monday, May 16, 2011

რისკი happy end-ით















ბავშვობაში, როცა მამა სამსახურიდან ბრუნდებოდა, ხელში მიყვანდა და ჰაერში ამისროდა ხოლმე, ჩემზე ბედნიერი ქვეყანაზე არავინ მეგულებოდა. ვენდობოდი მამას, მის ძალას, ჩემდამი სიყვარულს და დაბლა დაცემის შიშიც უკვალოდ ქრებოდა. ერთხელ ,,უცხო ძიამ“ მომინდომა გაპამპულება. დამტაცა ხელი და ჰაერში ამაგდო. მგონი, პირველად მაშინ ვიგრძენი ნამდვილი შიში. მოვრთე ტირილი და რა მოვრთე. ,,უცხო ძიაც“ გვარიანად შევაშინე და ჩემი მშობლებიც უხერხულ სიტუაციაში ჩავყარე.

სწორედ ამიტომ კითხვაზე, ვის ენდობი, ძალაუნებურად ოჯახის წევრები, მეგობრები, და ახლო ნაცნობები მახსენდება. მახსენდება ის, ვინც ჩემთან ახლოსაა. მახსენდებიან ის ადამიანები, რომლებიც მეგობრებად სწორედ ნდობის ფაქტორის გამო ავირჩიე.

როცა პატარა ხარ, მეგობრების არჩევა საკმაოდ ადვილია. მეგობრად თვლი მას, ვისაც ბევრი სათამაშოები აქვს და მასთან თამაში არ გეზარება. პატარას არც საიდუმლო აქვს, არც პრობლემები აწუხებს და შესაბამისად ნდობის ფაქტორი მეგობრობის შესანარჩუნებლად შედარებით ნაკლებია. წლებთან ერთად პრობლემების რაოდენობაც იმატებს, მათგან გასათავისუფლებლად კი ისეთი ადამიანია საჭირო, ვისაც მიენდობი, თავისუფლად დაელაპარაკები ან დახმარებას სთხოვ. შესაბამისად, ბავშვობასთან ერთად მეგობრების რაოდენობაც მცირდება. მეგობარს უკვე არა სათამაშოების, არამედ ნდობის მიხედვით არჩევ.

რაც შეეხება თავად ნდობას. რას ნიშნავს ადამიანისადმი ნდობა? პირადად ჩემთვის ნდობის ფაქტორი ძირითადად ,,გაგებას“ ემყარება. ვენდობი და ბოლომდე ვიხსნები მასთან, ვინც ვიცი რომ გამიგებს, ჩემთვის საჭირო რჩევას მომცემს და პრობლემის გადაჭრაში დამეხმარება.

თუმცა დგება მომანტიც, როცა მეგობრებზე მეტად სრულიად უცხო ადამიანს მივენდობი, ჩემ აზრს, პრობლემებს, გასაჭირს და გულის ნადებსაც გავუზიარებ. რატომ ხდება ასე? ზოგჯერ იმისთვის რომ ადამიანს ენდო და მეგობრად მიიღო, წლებია საჭირო, ზოგჯერ კი ერთი დღის გაცნობილს მიენდობი და ისეთ რაღაცასგაუმხელ, რასაც მეგობარს კი არა სხვა დროს საკუთარ თავსაც კი დაუმალავდი.

ჩემი თავი ხშირად დამიჭერია. შემიძლია სრულიად უცხო ადამიანს მივენდო, მეგობარს კი რაღაც დავუმალო და ბოლომდე არ ვენდო. შემიძლია სრულიად უცხო ადამიანს ჩემთვის ტაბუ დადებულ თემებზეც კი ვესაუბრო, მეგობარს კი არაფერი ვუთხრა. ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი ნდობის ობიექტი ვინ გახდება. მნიშვნელობა უფრო გარემოს და პირადად ჩემ განწყობას ენიჭება. აქედან გამომდინარე ბევრი ადამიანია, ვისაც შემიძლია ვენდო. თუმცა ასე თამამიც ვერ ვიქნები. მართალია, ნდობის ობიექტის არჩევა სრულიად შემთხვევით ხდება, მაგრამ შესაძოა ამ არჩევაში არაცნობიერიცაა ჩართული და ჩემი გახსნილობაც თავად ობიექტის სხვადასხვა დეტალებზეა დამოკიდებული. მაგალითად, გარეგნობა, მისი ჩემდამი დამოკიდებულება, ხმის ტემბრი და ა.შ.მითუმეტეს, რომ სადღაც ნდობის ფორმულასაც გადავეყარე

ნდობა = საიმედოობას + მოხიბვლა (Trust= delight + reliability)

მოგვიანებით შეიძლება დავფიქრდე კიდეც და ჩემი თავი ზედმეტ გულახდილობაში დავადანაშაულო, თუმცა გამოდინარე იქიდან, რომ მსგავსი საქციელის გამო სერიოზული პრობლემები ჯერჯერობით არ შემქმნია, საკუთარი თავისადმი ,,რისხვაც“ ცოტა ხანს გრძელდება ხოლმე.

ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მრავალჯერ რისკავს. ამ ფაქტსაც, რაზეც უკვე ვისაუბრე, რისკს დავარქმევდი. რისკავ და სრულიად უცხო ადამიანს ენდობი. შესაძოა, ეს მომავალში ცუდად დაგიბრუნდეს, ან პირიქით, happy end-ით დასრულდეს. ჩემ შემთხვევაში happy end ხშირად ყოფილა და ,,სრულიად უცხო“ ადამიანიც საბოლოოდ ჩემი მეგობარი გამხდარა.

5 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

უნებლიე ნდობა არაა საღ აზრს მოკლებული : ) რადგან იმ ადამიანმა არ იცის რა არაფერი შენზე იმის გარდა რასაც იმ მომენტში გაუზიარებ - ნაკლებად განგსჯის , ნალებად მოძებნის ქვეტექსტებს, ნაკლებად დაგადანაშაულებს რაღაცაში - მეგობრებისგან განსხვავებით რომებმაც ყველაფერი იციან შენს ცხოვრებაზე : ) ასე რომ შენ მარტო არ ხარ მსგავს ექსტრემალურ ”გართობაში” ყველას აქვს ეგეთი მომენტები ხოლო აი როგორ ირჩევა ადამიანი მასეთი გულახდილობისათვის არ ვიცი, ალბათ ყველა უბრალოდ ზურგის ტვინით რაღაცნაირად გრძნობს რომ ”ეს ის არის” ვისაც შეგიძლიეა ენდო : )

maito said...

გეთანხმები, თუმცა ბევრისგან გამიგია, რომ უცხო ადამიანებს ნაკლებად ენდობიან, ზოგი მეგობარსაც კი არ ენდობა და შესაბამისად მეგობრებსაც მოკლებულია. თუმცა ისიც მართალია, რომ ყველა ერთნაირი ვერ იქნება :)

რაც შეეხება არჩევას თუ ვის ენდო, შენი შედარება მართლა მომეწონა :)

Arsen said...

ბოლო დროს, ჩემ "მეორე მეს" არ ვენდობი, მაგრამ ეს ჩვენში იყოს რა...კარგი?:)

maito said...

კარგი, შენს ,,მეორე მეს" არ გავაგებინოთ, ეწყინებაა :D :D

Arsen said...

:)))