Wednesday, June 9, 2010

შენ, ეი, მიყვარხარ

                მოდით, მეც დავწერ რამეს... რას? რამეს... ვიზე ან რაზე? რაც თუ ვინც ყველაზე მაგრად მიყვარს, ყველაზე მაგრად შევეჩვიე, ყველაზე მაგრად ვაფასებ, ყვალეზე მაგრად მიშლის ნერვებს და ყველაზე მეტად მომენატრება... ეს არც დედაა, არც ჩემი და, არც ჩემი მეგობარი და არც ვინმე ბიჭი, სამწუხაროდ... (მამაჩემის აზრით, სწორედაც რომ სამწუხაროდ). 
                პირველად რომ ვნახე, გული შემიღონდა, რაღაცნაირად შემაშინა და უცნაური გრძნობა დამიტოვა. მერე ხშირად ვფიქრობდი მასზე და მიხაროდა ჯერ სკოლაში რომ დავდიოდი. წლები კი უკითხავად გარბოდნენ და მეც ვიზრდებოდი. ვერ ვიტყვი, ამ წლებმა დიდად შემცვალა-მეთქი, მაგრამ ალბათ, მაინც შემცვალა. მაგალითად უკან შებმული კიკინის ნაცვლად უკვე სამი წელია კარეს ვატარებ და ვაპირებ, 80 წლისასაც კარე მქონდეს. ნუ, მანმადე თუ არ მოვკვდი, რაზეც გული დიდად არ დამწყდება. რატო? აბა, როგორია 80 წლის თმების გასწორებას რო დავიწყებ? თან მაგ დროს ჩემი და უკვე 83-ის იქნება და არა მგონია, თმების გასწორების თავი ჰქონდეს. ხოდა, თუ მოვკვდები, გული არ დამწყდება, ახლა კი მართლა მწყდება... არა სიკვდილს არ ვაპირებ, რა დროს ეგაა, ორ კვირაში მეგობრებთან ერთად ბორჯომში მივდივარ... ახლა თუ მოვკვდები, ესეიგი ბედი მართლა არ მქონია...
                რა უნდა დამეწერა, მგონი უკვე დამავიწყდა...ხო, მოკლედ, წლები გარბოდა და მისი ნახვა მეორედ მომიწია... ისევ შემაშინა, მომავალზე დამაფიქრა და მეგონა, მისი ღირსი არ ვიყავი... მერე ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, ჩავირიცსე და კიდე უფრო შემეშინდა...
მალე მას ყოველდღე ვხედავდი, შიში თანდათან გაქრა და ცოტა შემზიზღდა: მისი გარემო, მისი შინაგანი სამყარო, წვრილმანი დეტალები და მოჩვენებითი სიდიადე... შემზიზღდა მისი ბინადრებიც, დიდებიც და პატარებიც, ჩემთვის უცხო და უინტერესო... ზიზღი თანდათან ინტერესში გადამეზარდა, შევეჩვიე და შემიყვარდა კიდეც. ისე შემიყვარდა როგორც დედა, როგორც ჩემი და, როგორც მეგობარი და როგორც აი ის, მამაჩემს რო გაახარებდა...
               ახლა კი უნდა დავშორდე და არ მეთმობა... არ მეთმობა ჩემი უნივერსიტეტი, ჩემი მეექვსე კორპუსი თავისი ბინადრებით, გარემოთი, თავისი სასაცილო სიდიადით, სასაცილო ისტორიებითა და არასასაცილო კრედიტებით. 
               მანამდე კი გამოცდას მიწყობს, ჩემი ნებაა ჩავაბარებ და დავშორდები თუ ჩავაგდებ და ისევ მეგობრებად დავრჩებით, თუმცა ამ შემთხვევაში არა მგონია, ჩემი მისდამი სიყვარული სახელმწიფომ დამიფასოს და დამატებითი სემესტრი კიდევ დამიფინანსოს... ხოდა გშორდები მეექვსე კორპუსო, მიყვარხარ და მეგობრობას გთავაზობ, გესტუმრები ხოლმე და მაგრად ჩაგეხუტები, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ და რა ვიცი, უკეთეს მომავალს... 
                შენი კი ტყუილად მეშინოდა, არც ისე დიადი ყოფილხარ, როგორც მეგონა, ჩვეულებრივი ხარ, სადა და უბრალო... მიყვარს სისადავე, უბრალოება... მზარავს სიდიადე... სიდიადე არც მოგიხდებოდა...

4 comments:

ტატუ said...

მომეწონა, კარგი პოსტია :)

maito said...

:):):):)მიხარიააააა:)

Nino said...

რა ტკბილი პოსტია... ჩემსას კი არ ჰგავს :D

maito said...

რატო, ნინ, წავიკითხე შენი პოსტი და ძალიანაც მომეწონა :*