Tuesday, September 20, 2011

მოხუცი

მოხუცი ძველებურ აივანზე იჯდა. პურის ნატეხს ანამცეცებდა და ბეღურებს უყრიდა. აკანკალებული ხელებიდან გადავარდნილი ნამცეცები აივნიდან იყრებოდა და ძირს, ჭადრაკის სათამაშოდ შეკრებილთ მაგიდაზევე ეყრებოდათ.
- გამოტვინდა ეს საცოდავი,- ჩაილაპარაკა ერთმა და თავისი სვლით მოხიბლულმა ქვა დაფაზე დაახეთქა.
- გგონია, შენ კი არ გამოტვინდები? - დაფისთვის მზერა არც მოუცილებია, ისე გაეპასუხა ოდნავ გამელოტებული მოთამაშე, - პაპაჩემი მეტყოდა ხოლმე, ასე თეთრად დამიბერდიო, დღემდე მიკვირს, რის გამო იყო, ამ სიტყვებს დალოცვად რომ თვლიდა. რა ყრია თეთრად დაბერებაში? გამოტვინება, მარტოობა, უსუსურობა. შენ რა გგონია, ამ მოხუცს კი უნდა სიცოცხლე? იქნება ამ წუთსაც სიკვდილზე ოცნებობს?
მოხუცი კი იჯდა, ისევ პურს ფშვნიდა. ზანტად აყოლებდა თვალს მოფართხალე ბეღურებს, ნამცეცებს პირიდან რომ აცლიდნენ ერთმანეთს. ამ მოძრავ არსებებში საკუთარ ახალგაზრდობას ხედავდა. როცა ჯერ კიდევ სჯეროდა, თავის სიტყვას ისიც იტყოდა. რას არ მისცემდა მაშინ, საკუთარი მომავალი ოცნებებში წარმოდგენილს დამსგავსებოდა, უნაკლო, სრულყოფილი, დიდებული... თმაში ჭაღარა შერეულმა კი შვილთან საუბრისას თავადვე აღიარა, ოცნება და რეალობა ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამეო. ფიქრით ადამიანი ძლიერი ხდება. ფიქრით წარსულსაც შეცვლი, აწმყოსაც და მომავალსაც შექმნი, თუმცა მისი იდეალი რეალობისგან ისეთი განსხვავებული იქნება, როგორც შენი ანარეკლი ახლა და 80 წლის შემდეგ, დანაოჭებული, უსუსური, გამოფიტული, თუმცა - ცოცხალი. მიუხედავად ამისა, ყველა ნაფიქრში არის სინამდვილე და ეს სინამდვილე იმდენად სუსტი, იმდენად უსიცოცხლოა, მხოლოდ ოცნებებში თუ შეძლებს გადარჩენას. ეს ის მბჟუტავი ნაპერწკალია, რომელსაც მხოლოდ ამ ორი უკიდურესობის შეყრა გააღვივებს. მათი ერთად შეყრა კი ისევეა შესაძლებელი, როგორც აისი ან თუნდაც დაისი - რომელიც გენებოთ. ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს შანსს, ჩვენი ოცნება ან ნაფიქრი რეალობად ვაქციოთ. ამის დაუნახავობა, ჩვენი მხრიდან, დიდი უნამუსობა იქნებოდაო...
კითხვაზე, შენ თუ გამოიყენე შანსიო, ხელს ჩაიქნევდა და იტყოდა, იქნებ გამოვიყენე კიდეც, იქნებ ამის დრო ჯერ არც დამდგარა. განა რახან მოვხუცდი, შანსი აღარ მექნება? ცხოვრება უცნაური რამეა, არც ახალგაზრდა იცის და არც ბებერი, მისი კანონები ყველასთვის ერთია. არ იცი, როდის მობეზრდები. როდის გაგწირავს. სიკვდილის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. რახან თმაში ჭაღარა შემერია, ხელი უნდა ჩავიქნიო? მაშ თუ ასეა, სიბერე რაღა საჭირო ყოფილა. ადამიანი სანამ ცოცხლობს, სანამ სული უდგას და მოძრაობა შეუძლია, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს.
გამოვიყენე თუ არა შანსი? განა ეს ვინმემ იცის? ამის გასაგებად წარსულზე დაფიქრებაა საჭირო, მაგრამ ვაი, რომ ამისთვის არავის სცხელა. ისევე როგორც ბეჯით მოსწავლეს გაკვეთილის გამეორება, ადამიანს საკუთარი წარსულის გადაფასება სჭირდება. ხშირად დგება დრო, როცა უბრალოდ უნდა გაჩერდე, აწმყოს დანებდე და წარსულს ნება მისცე, თავი შეგახსენოს. ასეთ დროს გონების დაძაბვა არც დაგჭირდება, არც თვალების დახუჭვაა აუცილებელი. ათასი ფიქრი, ათასი მოგონება უკითხავად აგესვეტება და იქამდე არ მოგასვენებს, სანამ გულდაგულ არ გადაამოწმებ, აწონ-დაწონი, გაამართლებ ან უბრალოდ აღიარებ, რომ შეცდომა დაუშვი და მზად ხარ, გამოასწორო. ასეთ დროს უარს არ იტყოდი, ვინმე ჭკვაინს დროის მანქანა შეექმნა, თუმცა ისიც კარგად იცი, შენი სიცოცხლე, ცივილიზაციის ისეთი მიღწევისთვის, როგორიც დროის მანქანაა, წამადაც არ ღირს.
მერე ჩაფიქრდებოდა. თვალს უსასრულობას გაუშტერებდა და იჯდა საათობით. დაკვირვებული თვალი მოხუცში ჩაბუდებულ შიშსაც შეამჩნევდა. ნიღაბ აფარებული შიში, რომლის არსებობის დაჯერება მოხუცს იმდენად არ სურდა, რამდენადაც ყეყეჩს საკუთარი ნაკლისა.
ერთ საღამოს ძილის წინ კარის ჩასაკეტად რომ მიჩანჩალდა, საკუთარ თავს ჩააწვეთა, სიკვდილს ემალებიო. ეს იყო და ეს, უცნაური ჩვევა დასჩემდა. ღამე კარს ღიას ტოვებდა, თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებდა, სიკვდილის არ მეშინიაო. სიკვდილის გაგონებაზე ნემსები ესობოდა დამჭკნარ სხეულში. ჯერ ცხოვრების არსში გაურკვეველს სიკვდილი ნაადრევად ეჩვენებოდა.
ჩქარობდა. ფიქრი ეჩქარებოდა. საათობით გაშეშებული ოფლში იწურებოდა. იღლებოდა. სხეულით დაღლილი გონებით ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა სხვებთან შედარებით ორმაგად იხარჯებოდა.
ერთხელ ეზოში ჩასული ჭადრაკის მოთამაშეებმა გამოიჭირეს. წინა დღეს სანაძლეო დაედოთ და ახლა იმის გარკვევას ცდილობდნენ, ეშინოდა თუ არა მოხუცს სიკვდილის.
-ჯერ ის მითხარით, სიცოცხლე რა არის,- უნდობლად გაჩერდა მოხუცი.
დაიბნენ მოთამაშეები. ვერ მიუხვდნენ მოხუცს ჩანაფიქრს. გულში იფიქრეს კიდეც, მართლა გამოშტერებული ყოფილა ეს საწყალიო. თქმით არაფერი უთქვამთ, მხრები აიჩეჩეს და გამომცდელად მიაჩერდნენ მოხუცს.
-ცხოვრება რინგია, შვილო, იბრძვი, ეცემი, მაგრამ მაინც ფეხზე წამოდგომას ლამობ.. ცხოვრება წარსულსა და აწმყოს შორის გაჩაღებული სამკვდრო სასიცოცხლო ორთაბრძოლაა.
-მოხუცო, შენ მებრძოლივით ლაპარაკობ,- შეეპასუხა ერთ-ერთი.
-ხო, შვილო. ჩვენ ყველანი მებრძოლები ვართ. ამ ბრძოლაში კი მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან, ძლიერი კი ისაა, ვინც საკუთარ წარსულს შეურიგდება და მის გამოსწორებას შეეცდება. ძალა გამოცლილი როცა რინგზე გდიხარ, პირში სისხლს გრძნობ, სხეული გიფეთქავს და გონებაც გებინდება, მხოლოდ საკუთარ წარსულს შეუძლია, გამოგაფხიზლოს, ბინდი გაფანტოს, უკანასკნელი ძალის მოკრებაში დაგეხმაროს და უხეში ხელისკვრით, შენს თავთან დახრილი, თვლაში გართული მსაჯი გვერდზე მოგასროლინოს. მერე აღარ ფიქრობ გამარჯვებაზე, არც დამარცხება გადარდებს. მოწინააღმდეგე არც გძულს და არც მისი ბედი განაღვლებს. შენ მომართული საათი ხარ, რომელიც იქამდე ივლის, იქამდე იბრძოლებს, სანამ ძალაგამოცლილი რინგზე დაეცემი, ან გამარჯვებული ხელს მაღლა აწევ და იტყვი, მე ეს შევძელი. ამ დროს სიკვდილი როდი გაშინებს, უბრალოდ არ გინდა. არც მე მეშინია სიკვდილის. უბრალოდ არ მინდა, -თქვა მოხუცმა და დაბნეულ მოთამაშეებს ცივად გაშორდა.
-მოჭიდავე ყოფილა,-დაასკვნა ერთმა.
-ალბათ კარგად მოსცხეს თავის დროზე, აურევია საცოდავს,-თავი გააქნია მეორემ.
მესამეს ხმაც არ ამოუღია, ქვები დაფაზე დაალაგა და თამაშიც დაიწყო.
როგორ გავდა ქვებს შორის გამართული საბრძოლო ჭიდილი სულ ცოტა ხნის წინ მოხუცის მიერ რინგს შედარებულ ცხოვრებას. რა უსუსურია ადამიანი, რომელიც საკუთარ ცხვირს მიღმა სამყაროს ვერ ხედავს. სამყაროს, რომელსაც თავადვე ქმნის, თავისი ნახელავით უკმაყოფილო კი განგებას საყვედურობს და საკუთარ უსუსურობას გაურკვეველ ბედისწერას აბრალებს. რა უსუსურია ადამიანი, რომელსაც ყველაზე ჭკვიანი სულელად მიაჩნია, ცხოვრების არსი კი წარმავალი ბედნიერების მოპოვება ჰგონია.
მოთამაშეები ვერ შეთანხმდნენ, რას მიაღწია გამარჯვებულმა მებრძოლმა, რომელმაც მოხუცის თქმით, ხელი მაღლა ასწია და თქვა, მე ეს შევძელიო. ახალი სანაძლეო დადეს და მოხუცის მოლოდინში ჭადრაკის დაფა ვინ იცის, მერამდენედ გაშალეს სათამაშოდ.

***
მოხუცს შვილიც ჰყავდა და შვილიშვილებიც ბლომად ეხვია. მაინც მარტო იყო. წინაპრებისგან გაეგონა, შვილის თვალში ისეთი რაღაცის ამოკითხვა შეიძლება, რაც სიკვდილის მოახლოვებას გაგრძნობინებსო. ამის გახსენებაზე წარსული გადაქექა, მშობლები გაიხსენა, შვილების თვალებში საკუთარ მეს დაუწყო თვალთვალი.
როცა ნათქვამის აზრს ჩასწვდა, სახლი მიატოვა, მონაგარს გაექცა და ყველასგან მივიწყებულ სოფელში დაიდო ბებრული ბინა.
მალე მოსწყინდა. უსასრულოდ გაწელილი დღეები მომაბეზრებელ ერთფეროვნებად გადაექცა. მიხვდა, ცხოვრებას ვერსად გაექცეოდა, მის წესებს გვერდს ვერ აუვლიდა. მოსახდენი მაინც მოხდებოდა.

დიდხანს ელოდნენ მოჭადრაკეები მოხუცს. ბოლოს წარსულს გადააბარეს და თავის შესაქცევად ახალი სანაძლეო დადეს...

2 comments:

Tato Mumladze said...

დიდებულია !!!!

maito said...

მიხარიააა :*