Sunday, November 14, 2010

ფოტოჟურნალისტიკის დავალება და ისევ...




ჩემ დამ ბეწვზე მომისწრო. უკვე ეკლესიასთან ვიყავი, როცა დამირეკა, მანდ გაშეშდი სადაც ხარ, ახლავე მოვალ და ერთად წავიდეთო. ხოდა ერთად წავედით. კიდევ კარგი დაველოდე, ლობიანი მოჰქონდა და პატიოსნად გამინაწილა. თან მშიერი ვიყავი (თუმცა აღარც მახსოვდა).

დილით ტელეფონმა გამაღვიძა. მერე მამიდები მოვიდნენ და ახალი ჭორები მოიტანეს. მერე კი შემთხვევით ჩანთა გავხსენი და ფოტოაპარატის დანახვაზე შესასრულებელი დავალება გამახსენდა. ჯიპაში ფოტოჟურნალისტიკას გავდივარ და სურათები მქონდა გადასაღები. (ე.წ. ჰარმონიული სურათები). მეც ავდექი, ჩანთა ავიკიდე და ნაძვებისკე წავედი (ესეიგი მეორე სახლისკე). მერე უკვე იცით, რომ თბილისიდან მომავალმა ჩემმა დამ თვალი მომკრა და ეკლესიასთან მომისწრო კიდეც. სახლში არც შევსულვართ. ტყისკე წავედით. ვჩეჩეთ ხეები, ხიდან ჩამოყრილი ფოტოები რაღაც მოგვეწონა და აი ასე, ხეებს სულ გავაცალეთ ფოთლები. ერთი სიტყვით, ოჩოპინტრე გავარისხეთ.

სტრელბიშაზე მაგარი იყო. გაშლილი სივრცე, გაყვითლებული მიდამო, რაღაცნაირად პირველყოფილური გარემო და ჩვენც გადავირიეთ. აუ, მაგარია. აქ შეგიძლია იცეკვო, იხტუნავო, იყვირო. როგორც ნატო ამბობს ხოლმე, შეგიძლია აცუნდრუკდე. ხოდა, ჩვენც ასე დაგვემართა. ისე, უამისოდაც არ გვიჭირს აცუნდრუკება. მერე ცოტა შორს ჩვენზე აცუნდრუკებულები დავინახეთ და მოვერიდეთ, უკან დავბრუნდით. მაინც შარს უნდა ერიდო.

როგორ მიყვარს ეს ტყე, ნაძვები. მართალია, ბავშვობის დროინდელი საქანელა თვალს აკლია, მაგრამ მე ხომ მახსოვს. 

ბევრი, ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს ამ ტყესთან. მე და ედო აქ ვთამაშობდით ხოლმე. ხან ნემსიყლაპიებს დავდევდით. ნემსიყლაპიების ერთ-ერთი ხოცვა-ჟლეტის დროს ედუკიმ ფეხიც გაიჭრა. როგორ შეგვეშინდაა... ერთხელ ედუკი საქანელიდან ჩამოვარდა და დაცემისას ჩემხელა ორმო გათხარა...

ერთხელ მეც ჩამოვვარდი. ვქანაობდი, ზედმეტი მომივიდა. ტვინი გადამეკეტა თუ რა დამემართა არ ვიცი, მაგრამ უკვე შეგრძნება მქონდა, მალე გავფრინდებოდი. ხოდა მართლა გავფრინდი. ტოტი იმ დროს მომიტყდა, ჰაერში როცა ვიყავი თან უმაღლეს წერტილზე. დაბლა დავეფერთხვე და მოტეხილი ტოტი თავზე დამეცა. აი, მულტფილმებში ხომ გინახავთ, ვარსკვლავები რომ უბზრიალებთ თავზე, არ დამინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვარსკვლავები მეც დამბზრიალებდნენ.

ერთ-ერთი სათავგადასავლო ფილმის ყურების მერე კი განძის მოძებნა გადავწყვიტეთ და გათხრითი სამუშაოები სწორედ ამ ნაძვებში წამოვიწყეთ. ვთხარეთ, ვთხარეთ და, ახლაც მეცინება, ლენინის გამოსახულებით ძველებური მედალი და საბჭოთა კავშირის ემბლემით - გულსაკიდი ვიპოვეთ. მაშინ ეს დიდ ნადავლად მივიჩნიეთ და ჩვენ შტაბში წავაცუხცუხეთ. შტაბში რა გვქონდა? ძაღლის კბილები, ძროხის თავის ქალა, ჩვენი ხელით შეკერილი ინგლისის ფორმა, გათხრითი სამუშაოებისას აღმოჩენილი ავლადიდება, ტყვიები და ათასი ხარახურა.

შტაბთან ახლოს საღამოობით ფეხბურთს ვთამაშობდით ხოლმე. იმის გამო რომ ჩვენს უბანში გოგო მეტი იყო ვიდრე ბიჭი, ფეხბურთის თამაშის მსურველიც ცოტა იყო ხოლმე. ცოტა რა, მარტო მე, ნატალი და ედო. ნატო და ედო ერთად იყვნენ ხოლმე. მე კი მარტო. დავრბოდი გიჟივით, ვიქნევდი ხელებს, ფეხებს, თავს და მაინც ვმარცხდებოდი: ათით-ერთი, თორმეტით-ორი და ასე რა... ერთადერთხელ მოვიგე და მაშინაც მხოლოდ იმიტომ რომ ედომაც და ნატომაც რამდენიმე გოლი საკუთარ კარში გაიტანეს. ერთხელ დანარჩენი ბავშვებიც გადაირივნენ და მაგარი თამაში გვქონდა. (მაგარი იმიტომ რომ მსაჯებიც გვყავდა) ბოლოს მე და ედომ სერიოზულად ვიჩხუბეთ. ედომ გადამწყვეტი პენალტების დროს პროტესტის ნიშნად კარში ჩადგომაზე უარი განაცხადა და იმის გამო რომ გაცეცხლებული მაია ანუ მე დავეწყნარებინეთ, კარში ედოს ბებია ჩადგა. აუ, რა კარგი იყო... აი, ბევრი ხო ცუდიც მახსენდება ხოლმე, მაგრამ ამ კარგი რაღაცებისთვის ყველაფერს თავიდან სიამოვნებით გავივლიდი. 

ადრე სტრელბიშაზე რუსეთის ჯარი იდგა ხოლმე, იქ ვარჯიშობდნენ. ხოდა ბალახებში ათასობით გამოუყენებელი ტყვიის პოვნა შეიძლებოდა. ხშირად მივდიოდით ხოლმე ტყვიების მოსაგროვებლად, ზოგჯერ ბედიც გვწყალობდა და გაუსროლელ ტყვიებსაც ვპოულობდით. მერე მამა წამალს აცლიდა ხოლმე, ცეცხლს უკიდებდა და ჩვენც გვიხაროდა რა.

უკან მზის ჩასვლისას დავბრუნდით. ახლა კი წავედი, ახალი წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ ერთი ფურცელი აკლია და იქნებ სადმე კარადაში მივაგნო. აბა ჰე...

No comments: