Monday, October 25, 2010

KGB - still watching you

ბავშვობაში ტანსაცმლის საყიდად როგორც წესი, მამა მომყვებოდა ხოლმე. ალბათ, ამის ბრალია ბავშვობიდანვე თავისუფალ სტილს რომ მივეჩვიე და ე.წ ქალურად ჩაცმა ძალიან მიჭირს. არასდროს მცმია ქუსლიანები. ვფიქრობ, იმ ხანმოკლე სიცოცხლისათვის რაც დედამიწაზე უნდა გავატარო, ასეთი სატანჯველი სრულიად ზედმეტია.
მეშვიდე კლასში პირველად მომინდა გოგოს ფეხსაცმლის ყიდვა. მახსოვს, ძალიან მომეწონა, ზევიდან პეპელა ჰქონდა დასკუპებული და პატარა ქუსლზეც იდგა. მამაჩემმა არჩევანი დამიწუნა და იმ დღეს ისევ ბათინკები ვიყიდეთ. ცოტა გავიბუსხე, მაგრამ მალევე გადამიარა. იმის მერე მორჩა, პეპლებიან ფეხსაცმელს ჩემი ყურადღება აღარასოდეს მიუქცევია. ახლა კი ასეთი ზიზილ-პიპილები უბრალოდ მზარავს და მეტი არაფერი.

კარეზე შეჭრილი თმები, კარგად მომდგარი ან დახეული ჯინსები, ფეხზე კეტები, ე.წ. ბალეტკები ან ბათინკები, კაპიშონიანი ზედა ან მაისური რაც შეიძლება ორიგინალური წარწერით –ეს ისაა, რაც თავს ადამიანად მაგრძნობინებს. ყველაზე ორიგინალური მაისური რაც კი მქონია ,,KGB - still watching you” იყო. ქუჩაში ხშირად მაჩერებდნენ ხოლმე კითხვით, სად იყიდე?

მაისურს თავისი ისტორია ჰქონდა. ვინც შარდენს ხშირად სტუმრობს ეცოდინება, რომ არსებობს კაფე სახელად ,, KGB”. პირველ კურსზე გადავწყვიტე, დროა საკუთარი ფული მეთვითონ ვიშოვო-მეთქი. იმ დროს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ,, KGB”-ში მუშაობდა. დახმარებაც მას ვთხოვე და კაფეში მუშაობაც დავიწყე, თუმცა ეს მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა. თავიდან როცა მიმტანად მუშაობა გადავწყვიტე მამაჩემს არაფერი უთქვამს. მაგრამ პირველ დღესვე, როცა სახლში ღამის 5 საათზე დავბრუნდი, მამამ კატეგორიულად მომთხოვა ჩემი საქმიანობისათვის თავი დამენებებინა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სწავლაში ხელი შემეშლებოდა. ისიც მითხრა, ღამით გვიან დაბრუნება დიდად არ მხიბლავსო. მართალია, თავიდან გავიბუტე და წუწუნი დავიწყე, თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევთ-მეთქი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, მამა მართლაც მართალი იყო.

ასე რომ, კაფეს თავი დავანებე, მაგრამ ,,KGB“-ს მაისური გამოვიყოლე და კაფედან წასვლაც დიდად აღარ მიდარდია. სწორედ ამ მაისურის წყალობით ,,იყალთოს ლიტერატურულ კონკურსზე” ტურაშვილი გადავიკიდე. გინდა თუ არა, მაისურზე კაგებე რატო გაწერიაო. კაგებე კი არა, ამ მაისურში მთავარი still watching you-ა. (კაგებე ისევ გვითვალთვალებს) ეს გაფრთხილებაა და არა კაგებეს პიარი.

როგორც ხედავთ, მაისურს, მაისურზე წარწერას, სხვა ნებისმიერ ორიგინალურ ტანსაცმელსა თუ დამახასიათებელ სტილს ყოველთვის შეუძლია გამორჩეულად გაქციოს. ამიტომაც ვცდილობ, ჩემი სტილი მქონდეს. ბევრი მიზეზის გამო ამას ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ მაინც. მიზეზი კი უმთავრესად უფულობაა. უფულობა კი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკუთარი ფული ჯერ არც თუ ისე ბევრი მაქვს. მშობლებისათვის ფულის თხოვნა კი დიდად არ მიყვარს.
ჰოდა, ახლა ეს მაგარი მაისური ფერზე ვეღარაა, გადახუნდა და გასაცოდავდა. ამიტომაც მინდა, იგივე წარწერა სხვა მაისურზე გავაკეთებინო. ისე სხვა ორიგინალური წარწერებიც მაქვს მოფიქრებული და გაზაფხულისკე აუცილებლად მაგარ მაისურებად ვაქცევ. ახლა კი წავედიიიიიიი, უკვე ნახევარი საათია მესიჯი მომივიდა, ამ პოსტის გამო კი ჯერ არ მინახავს. თან იმედი მაქვს, მესიჯი იმისგანაა ვინც მე მინდა.
დღეს აშკარად მიმართლებს.

3 comments:

seekergirls said...

:):):):)

Anonymous said...

is your FATHER STILL Watching you? :D

maito said...

and why do you ask me? :D