Thursday, February 18, 2010

დამალობანა....... (იყალთოში დაწერილი ჩანახატი).

შემთხვევით ,,გამომაგდეს” დედამიწაზე. როგორც მახსოვს, არაფერი დამიშავებია. უბრალოდ, ადგნენ და გამომიშვეს. ვერ ვიტყვი, ცუდი ვიყავი-მეთქი, თუმცა არც ყველაზე კარგი ვყოფილვარ. მითხრეს, ბედისწერამ აგირჩიაო და აღარც არაფერი უკითხვათ. პუხ და აქ აღმოვჩნდი.
იქ რა ხდებოდა? არც არაფერი... იქ ყველა ერთნაირია, ერთნაირად აცვია, ერთნაირი სახელი აქვს, ერთნაირად გამოიყურება და ხმაც ერთნაირი აქვს. თანაც ყველას სახელია- ,,ის”. მოფერებით ერთმანეთს შენ და მესაც ეძახიან. მიუხედავად ამ ერთნაირობისა, საერთო ჯამში ყველა სახვადასხვანაირია - ,,ხორცით ღარიბი და სულით მდიდარი”. თუმცა იქ ყველა სულია.
თავგადასავლების მოყვარული ვარ და სიხარულით წამოვედი. როგორც კი ჩამოვედი, ტირილი მომინდა. მე ვტიროდი, მასპინძლები იცინოდნენ. მერე ერთმა თეთრმა ქალმა მაგრად მომჩქმიტა და ვიღაცამ თქვა, ზედგამოჩრილი მამამისიაო. არ ვიცოდი, მამა რა იყო, მაგარამ მაშინვე შემიყვარდა. მერე საოცარი გრძნობა დამეუფლა. როგორც მოგვიანებით გავიგე ეს ძილი ყოფილა.
ცოტახნით უკან, იქ დავბრუნდი.
დიდ, თეთრ (ვისთვის ლურჯ, ვისთვის მწვანე...) ოთახში ბედისწერა შემოვიდა და რამდენიმე სული თავისთან მიგვიხმო. რას გველაპარაკებოდა აღარ მახსოვს. ბოლოს გვკითხა, რაც გითხარით, ხომ დაიმახსოვრეთო? ჩვენ თანხმობის ნიშნად თავი დავუკარით. შემდეგ კი ,,ის” მოვიდა ჩემთან, ხელი მაგრად ჩამჭიდა, გამიღიმა და რაღაც მოძრავ სივრცეში ერთად შევედით...
ცხრამეტი წელი ისე გავიდა, ბედისწერა არც გამხსენებია. უდარდელად ვიცხოვრე. ვერ ვიტყვი სრული ბედნიერება მარგუნა ბედმა-მეთქი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. ეს წლები ზღაპარში ვიცხოვრე. ზღაპარში სადაც ყველაფერი კარგი როდია. კარგიც ბევრია და ცუდიც, თუმცა კარგი გაცილებით მეტია. პაპიდამ მითხრა, სამყაროს აღსასრული მაშინ დადგება, როცა ცუდი კარგზე მეტი იქნებაო. მეც მჯერა და მიხარია. მიხარია რომ კარგი ჯერჯერობით ბევრად მეტია, თუმცა ყველაფერი ჯერჯერობითიაო, ვიღაც ბრძენს უთქვამს, ვის აღარ მახსოვს. საერთოდ ბევრი კარგი რამ აღარ მახსოვს. მაგალითად, ისიც არ მახსოვს, ბედისწერამ რა მითხრა. რა მითხრა კი არა, თავად ბედისწერაც დამავიწყდა.

***

ყოველ დილით უნივერსიტეტის კიბესთან დგას და მელოდება. არა, ჩემთვის არავის უთქვამს, იქ შენ გამო დგასო. უბრალოდ ვხვდები, უფრო სწორად კი, ასე მსურს... ვხედავ თუ არა, ვმხიარულდები და საფეხურებზე მარდად ავრბივარ. ვესალმები, ისიც დაბნეული მხიარულობით მესალმება და ჩუმდება. როგორ მინდა, რამე მითხრას, მაგრამ მორჩა, დღევანდელი პაემანი ამით სრულდება.
ირაკლი მაღალია, ლურჯი თვალები აქვს. ყოველთვის დახეულ-ჩაჩაჩული ჯინსები აცვია და ძალიან ლამაზია. მასზე ლამაზი ადამიანებიც მინახავს, მაგრამ ის მაინც სხვანაირად ლამაზია. კარგად არ ვიცონობ, მაგრამ ვიცი, მდიდარი ადამიანია. არა, ფული არაფერ შუაშია. ის სულიერადაა მდიდარი. ვიცი, ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ისიც ვიცი, ხშირად ამის გამოა ჩუმად.
ერთხელ მთვრალი მოვიდა ლექციაზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ დამინახა თუ არა გაბრუნდა და რამდენიმე დღე საერთოდ აღარ გამოჩენილა.
ირაკლი შემთხვევით გავიცანი. იქნებ შემთხვევა არ ყოფილა და ესაც ბედისწერამ დაგეგმა? არა მგონია...

***
ბედისწერა... რა არის ბედისწერა, თუ ვინ არის? ქალია თუ კაცი? არსებობს, თუ არ არსებობს? და თუ არსებობს, რა უნდა ჩვენგან, რას გადაგვეკიდა? ჩვენ ვქმნით ჩვენ ცხოვრებას თუ ბედისწერა? ალბათ ჩვენ, თუმცა მაინც ბედისწერას ვემორჩილებით...
ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ბედისწერა გამახსენდა...
ახლა უკვე ცნობილი ჟურნალისტი ვარ. ირაკლიც ჟურნალისტია, მაგრამ არ მუშაობს... ისევ რთული პერიოდი აქვს... ბავშვებიც გვყავს. მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ, მაგრამ გულის სიღრმეში ვხვდები, ეს ჩემი ბედისწერა არ არის.
რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე მივსეირნობდი. ვატყობდი, ღრუბლები საწვიმრად ემზადებოდნენ. ცოტა ციოდა. ეტყობა, ღრუბლებსაც შესცივდათ და ჩახუტება მოუნდათ. გაჩერებაზე გამახსენდა, ხურდა არ მქონდა. იქვე, გაზეთების ჯიხურთან მივედი და გამყიდველს ფულის დახურდავება ვთხოვე. ქალმა მწყრალად ამომხედა და ხურდა არ მაქვსო. მიწის ქვეშა გადასასვლელთან ბიჭი იჯდა. თავი ქურთუკის საყელოში ჩაემალა. ვატყობდი, მიყურებდა. გავცდი თუ არა, გამაჩერა და ხურდა გამომიწოდა. წვიმდა, მაგრამ მზე ჰქონდა თვალებში. როგორ მიყვარდა ეს მზიანი, ოდნავ ნაღვლიანი გამოხედვა... ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს თვალები მთელი ცხოვრება უკვან დამყვებოდა... ჩანს ბედისწერას რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ მივხვდი... ახლა კი ვხვდები, ის ,,ის” იყო...

***
უკვე ვიცი, დედამიწაზე დაბრუნება კიდევ მომიწევს... ეს როდი მწყინს. პირიქით, მიხარია... ჩანს, ბედისწერამ ჩვენი შეხვედრა თავად დაგეგმა. იქ, სადღაც გადაწყვიტა და აქ ჩამოსვლამდე მინიშნებაც მოგვცა. ჩვენ კი დავივიწყეთ და ცხოვრების ჩვენით წარმართვა ვცადეთ. ნამდვილი სიყვარული სიკვდილამდე როდია. ნამდვილი სიყვარული სიკვდილის, უფრო სწორად კი მარადისობაში დაბადების შემდეგაც გრძელდება.
ჩვენ ბედისწერამ შეგვაერთა, მერე დაგვაშორა და დედამიწაზე გამოგვისვა. იქამდე არ მოგვასვენებს, სანამ ერთმანეთს არ გვაპოვნინებს და ისევ არ შეგვაერთებს.
ასე რომ, ჩემი შეხვედრა ახლა არ შედგა... მომავლისთვის გადაიდო და მიხარია... მიხარია, რადგან თავგადასავლები მიყვარს და დედამიწაც შემიყვარდა...
აღსასრულიც შორსაა...

3 comments:

Khatia Chogovadze said...

გადმოგდება დედამიწაზე,ბედისწერა,სიყვარული,ისევ ბედისწერა...დედამიწის შეყვარება.კარგად ასრულებ.
ეს ხომ დამალობანაა? :) მართალი ხარ.დამაფიქრა. შემიყვარდა...ეს ხომ იყალთოს "დამალობანაა" :*

maito said...

გაიხარე ხატ. ის რაც ჩავიფიქრე გამოიცანი და იპოვე კიდეც :)))) ვიცი, დიდი არაფერია, მაგრამ იმ დროს რაც შევძელი ეს იყო :) ისე, იყალთო მართლა მენატრება...

siyvarulovna said...

მომეწონააა თან ძალიაან