Friday, February 12, 2010

როდის დავუთმოთ მოხუცებს ადგილი


ზოგჯერ ყველაფერი პირიქით ხდება. ეს კარგია, თუ ცუდი არავინ იცის, თუმცა ამის გაგება ძალზე ადვილია. ეს შეიძლება ცუდიც იყოს და კარგიც. ჩემ შემთხვევაში კი როცა ყველაფერი პირიქითაა, ჩემი დაბნეული სახის გამომეტყველებით ადვილად მიხვდებით, რომ კარგი არაფერი ხდება. აი, მაგალითად...
ვზივარ ავტობუსში (ფანჯრისკე... რა ცოტა მჭირდება ბედნიერების შესაგრძნობად...) გავყურებ გზას და თავს განგებ არ ვაბრუნებ, რათა ჩემი მზერა ავტობუსში ამოსულ ხანში შესულ ადამიანს არ წააწყდეს და მშვენიერი ადგილი არ დამაკარგვინოს, მაგრამ ნამუსი თავისას შვრება (უხ, ამის... ნამუსიც უნამუსოა ხანდახან) და სკამს ველევი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ადგილის ახალმა მფლობელმა ზრდილობისათვის მაინც მადლობა გადამიხადოს და მეც მხოლოდდამხოლოდ კარგი ახალგაზრდის როლის შესასრულებლად გავიღიმო, ყველაფერი პირიქით ხდება... ახალი მფლობელი რაღაცით უკმაყოფილოა და ბოლო ხმაზე ყვირის (რა აყვირებს, ვინ მიხვდება, ვინ გაიგებს) მე ახლა მაგ სიმაღლეზე ამომსვლელი ვარო? (სკამი ცოტა შემაღლებულ ადგილასაა), მერე კი უცნობ უკვე ნაცნობ მეზობელს უტრიალდება და ეუბნება, ისეთ გადაღრძულებულს ვგავარ, ვინმეს შევეცოდო და ადგილი დამითმოსო? (გაკვირვება შეიძლება, თუ გადაღრძუებული არ არის, სკამზე დაჯდომა რატო უნდა უძნელედებოდეს? მიდი და შეიკავე თავი, რისგან იმის აქ დაწერა ცოტა უხერხულია...)
არადა ამაყი ვარ. სკამიდან თუ ავდექი, უკან როგორ დავჯდები? ესეც ასე, ამ გამოტვინებული ბებოს გამო ოცდასამი გაჩერება ფეხზე უნდა ვიდგე, თან დაბოღმილი მით უფრო რომ ჩემ ადგილას ახლა ვიღაც მესამე კლასელი დეგენერატი ზის, ფეხებს იქნევს და კევს ისე აღლაჭუნებს, აშკარად მბურძგლავს და ლამის გავაფრინო, თუმცა რატომ? ისეთი რაღაც გავიგე: მგზავრობით უკვე დაქანცულმა და ცხვირაბზეკილმა ბებომ თავის მეზობელს ხმამაღლა უჩურჩულა, ისე ღეჭავს ეს უზრდელი კევს, ლამის გავგიჟდეო... (ესეც შენ ბებო) ის ფეხებმოქანავე დეგენერატე კი მაშინვე შემიყვარდა და ჯიბეში კევი რომ მქონოდა აუცილებლად მივცემდი კიდეც...
გოგონას ბებოს ნათქვამი, რა თქმა უნდა, არ გაუგია. ავტობუსით მგზავრობა ნაოშნიკების გარეშე მართლაც რომ ჯოჯოხეთური ტანჯვაა...
ოცდამესამე გაჩერებაზე ქალის ხმა მომესმა:
-ეს რა თაობა გვეზრდება, ამხელა ქალი ფეხზე დგას, ეს კი ჩამოსკუპებულა და ადგომას არც კადრულობსო.
თინეიჯერი ბებოს სახის გამომეტყველებით მივხვდი, თავისი ასაკის ხსენების გამო თავის ქომაგს კარგ დღეს არ დააყრიდა, მაგრამ მეჩქარებოდა და სხვა გზა არ მქონდა, ავტობუსიდან უნდა ჩავსულიყავი...
მოდი და ამის მერე ვინმეს ადგილი დაუთმე, თუმცა ეს მარტო მაშინ, როცა ყველაფერი პირიქით ხდება...
და რა გავიგო, როდის ხდება ყველაფერი პირიქით?
გულში ვფიქრობ კიდეც, დამაცადეთ თქვენ, არასდროს დაგითმობთ ადგილს-მეთქი, მაგრამ ხომ ვიცი ეს მოჩვენებითია... დამერწმუნეთ, ერთ რამედ ღირს, როცა ადგილს დაღლილ მოხუცს დაუთმობ და მის დალოცვას მოისმენ... ამის მერე აღარც იმაზე ფიქრობ, ადგილი რომ დაკარგე და ოსცდასამი გაჩერება ფეხზე დგომაც უმნიშვნელოდ გეჩვენება... და ამის გაკეთება განა ეს ასე ძნელია?

No comments: