Thursday, February 4, 2010

სახლი ტყის პირას...

ჩემი ბავშვობა მენატრება...
ბუნდოვნად მახსოვს სახლი ტყის პირას, სახლის უკან ხშირი ნაძვნარი, ერთ-ერთ ნაძვზე საქანელა, ხის ძირას დაყუნცული კეთილი ბოლტო და ორი ჭინკა... მე და ნატალი ( თუმცა ჩემთვის უბრალოდ ნატუკა)...
საქანელიდან სამყარო სხვანაირი ჩანს, ოდნავ ზღაპრული და ძალზე რეალური... რეალობა მაშინებს, მარა არა იმდენად, რომ ყურები ჩამოვყარო და საქანელა სხვას დავუთმო...
საქანელაზე კატაობა დილაობით მიყვარს, როცა დედაჩემის გარდა ჯერ კიდევ ყველას სძინავს... ჩიტები საამურად დაჭიკჭიკებენ და გარემო თავისი ბავშვური ფერებით ზღაპარს მაგონებს... ამ დროს მომავალზე ვფიქრობ, არა, უფრო ვოცნებობ... ჩემი თავი ჰოლივუდის ვარსკვლავად, ინდური ფილმების პრინცესად ან ისტორიულ გმირად წარმომიდგება. სხვანაირად არც შეიძლება, აბა, რისთვის გავჩნდი? რისთვის დავიბადე? მხოლოდ იმიტომ რომ ვიცხოვრო? არა, ჩემი დედამიწაზე მოსვლის მიზეზი რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს...
სახლის ეზოში დედა დაფუსფუსებს... საქმეებს რა გამოლევს... თავისთვის რაღაც ნაზ მელოდის ღიღინებს... საოცარი სითბო მეღვრება პატარა გულში და სკოლაში წასვლა უდიდეს სატანჯველად მეჩვენება... არ მინდა დედის მიტოვება, არ მინდა სკოლის ცივი კედლები, გზაზე გაყინული სახეები...
მე დედა მიყვარს...
ბავშვობა მენატრება იმიტომ რომ დედა მენატრება... ბავშვობაში მინდა იმიტომ რომ, იქ დამრჩა ყველაფერი ზღაპრული და საყვარელი, ბავშვობაში მინდა იმიტომ რომ, უბრალოდ არ მინდა გავიზარდო, არ მინდა იმიტომ რომ, იმედგაცრუებისა და ჩემი ცხოვრების უაზროდ ჩავლის მეშინია...
მე ის თბილი საღამოები მენატრება, ერთად რომ ვიყავით ყველა: მე, მამა, დედა და ნატალი... მენატრება სანთლის შუქზე დაწერილი 8 მარტის მისალოცი ბარათი და დედის თბილი, ნაღვლიანი ღიმილი...
დედასთან შეხვედრა ხომ დამიბრუნებს ბავშვობის დაკარგულ წლებს?
დედა მიყვარხარ და მენატრები...
მალე შევხვდებით, მე ამის მჯერა...

1 comment:

natalia said...

ნიჭიეროოოოოოო...... დასავითააააააააააა................... :)