Tuesday, July 5, 2011

,,Exite" ღილაკით მოგვარებული პრობლემა


,,საიტზე განთავსებული ფაილები განკუთვნილია პირებისთვის, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს. თუ თქვენ არ ხართ 18 წლის და ფაილები უკანონოა თქვენთვის, გთხოვთ დაუყოვნებლივ დატოვოთ საიტი ღილაკით ”EXIT"!

მიუხედავად მსგავსი გაფრთხილებისა, მოზარდების უმეტესობა ღილაკზე დაწკაპუნებით თავს სრულწლოვნად ასაღებს და საიტის მომხმარებელი ხდება. გაუგებარია, რას ნიშნავს უკანონო ფაილები. საიტზე შესვლას და პორნოგრაფიის ყურებას კანონით არავინ უკრძალავს.

დღეს, როცა ინტერნეტი ინფორმაციის გავრცელების ყველაზე თავისუფალი საშუალებაა, შეზღუდვა, მითუმეტეს კანონით გათვალისწინებული, თითქმის არ ხდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255–ე მუხლის თანახმად, იკრძალება ,,პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება და გავრცელება“. სასჯელი ამ უკანონო ქმედებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთაა. პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნაში მოზარდების მონაწილეობის შემთხვევაში სასჯელი 1 წლით იზრდება.

რაც შეეხება ,,უკანონოდ დამზადებულ პორნოგრაფიას“, იურისტის განმარტებით, უკანონო ნიშნავს იმ შეზღუდვების დარღვევით დამზადებულ პორნოგრაფიას, რომელსაც კანონი აწესებს. ასეთია, მაგალითად, პორნოგრაფიაში მოზარდების მონაწილეობა, ფარულად გადაღება და ა.შ.

ინტერნეტსივრცეში პორნოსაიტების მიერ გავრცელებული მასალის რეგულირება მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით გამოიხატება. თუმცა საიტების უმეტესობას ასეთი სიტყვიერი გაფრთხილება არ აქვს და მასზე მოხვედრილ მოზარდს ამა თუ იმ პორნოსაიტის მოხმარება თავისუფლად შეუძლია.

ერთ-ერთ ქართულ პორნოსაიტზე გვხვდება განყოფილება სათაურით ,,teens”, რომელშიც მოზარდების მონაწილეობით გადაღებული ვიდეოები იტვირთება. ვიდეოების უმეტესობა ძალადობის სცენებს ასახავს. შესვლა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, 30-ზე ნაკლები დღის თითქმის არც ერთ მონაკვეთში არ ფიქსირდება. ძირითადად ასეთი საიტების შემოსავალს რეკლამა შეადგენს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ასეთი საიტების გავლენა მოზარდებზე საზიანოა.

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი: ,,პორნოსაიტებზე გავრცელებული მასალა არ ასახავს რეალობას. აქედან გამომდინარე, ბავშვი იღებს არასწორ ფანტაზიაზე დამყარებულ ინფორმაციას. ეს კიდევ უფრო ზრდის მის ინტერესს პორნოსაიტების მიმართ, ხდება დამოკიდებული, საიტზე მიჯაჭვული. ამან შეიძლება მოზარდის არაადეკვატური თვითშეფასება და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ შიში ჩამოუყალიბოს. ის ხდება ვირტუალურ სექსზე დამოკიდებული.“

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის – ,,იუნისეფის“, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის, თქმით, ბავშვს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მისთვის საზიანო. მოზარდს არ შეუძლია განსაზღვროს, რა არის მისთვის კარგი ან ცუდი. როგორც მაია ქურციკიძე ამბობს, პასუხისმგებლობა საიტის ადმინისტრატორს უნდა ეკისრებოდეს. მოზარდებისთვის საზიანო ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.

მაია ქურციკიძე: ,,როცა მოზარდი პორნოსაიტზე ხვდება, დიდი ალბათობაა, რომ იგი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდეს. როგორც წესი, ბავშვებს სწორედ ასეთი საიტებიდან უახლოვდებიან და პორნოგრაფიაში მათ ჩაბმას ცდილობენ. დღეს, როცა კანონით არ რეგულირდება პორნომასალის გავრცელება, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ. მათ უნდა დაიცვან ბავშვები მავნე გავლენისგან“

ფსიქოლოგების აზრით, მოზარდების პორნოსაიტებით დაინტერესების უმთავრესი მიზეზი არასაკმარისი ინფრომაციაა. დაახლოებით 14 წლის ასაკში მოზარდს საპრისპირო სქესისადმი ინტერესი უმძაფრდება. მას აინტერესებს სექსუალური ცხოვრების დეტალები და რადგან ინფორმაციის წყაროს ინტერნეტის გარდა ვერსად ხედავს, ინტერესის დაკმაყოფილებას პორნოსაიტებზე სტუმრობით ცდილობს. ასეთი საიტების სარეკლამო ბანერები კი საკმაოდ ბევრ საიტზეა და მომხმარებელს უხმობს.

მაია ცირამუა: ,,აკრაძალვით არაფერი გამოვა. სამწუხაროდ, აკრძალვა-დაშინება უფრო ხშირია, ვიდრე ახსნა–განმარტება. ძალიან ცოტა მშობელი მეგულება, ვინც გაბედავს და შვილს სექსუალურ საკითხებზე დაელაპარაკება.“

ფსიქოლოგის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სექსზე სწორ ინფორმაციას მივაწვდით, პორნოსაიტების მიმართ ნაკლები ინტერესი გაუჩნდება და ასეთ საიტებზე თუ მაინც შევა, მათი გავლენა ნაკლებად საზიანო იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საიტების დასაბლოკი საშუალებები, მოზარდების სრული დაცვა შეუძლებელია. ამას მშობლებიც აღიარებენ.

,,დაბლოკვას არანაირი აზრი არ აქვს. ბავშვი წავა და სხვაგან ნახავს. ახლა ბავშვებმაც კი ისე კარგად იციან კომპიუტერული პროგრამები, თუნდაც დავბლოკოთ, მოახერხებენ და ბლოკს მოხსნიან. ასე რომ, დაბლოკვა გამოსავალი არ არის“, - თამთა 26 წლის, მშობელი.

გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ პორნოსაიტების აკრძალვა შეუძლებელია, თუმცა ეთანხმებიან, მოსაზრებას, რომ კანონით მისი რეგულირება დასაშვები და შესაძლებელია.

,,ინტერნეტსივრცის გაკონტროლება ძალიან ძნელია, თან პორნოსაიტები ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა მონახულების მხრივ, ანუ ეს მომგებიანი ბიზნესია.

გამოსავალს ისევ მშობლების კონტროლში ვხედავ და სპეციალურ დასაბლოკ პროგრამებში“, – ამბობს ერთ–ერთი გამოკითხული, დათო ცაბოშვილი.

იმაში დასარწმუნებლად, რომ პორნოინდუსტრიას საკმაოდ ჰყავს მომხმარებელი, my video-ს რომელიმე პორნოვიდეოზე შესვლაც კმარა.

,,აკრძალვით ვერ აკრძალავ, პორნოინდუსტრია მძლავრი ბიზნესია. უბრალოდ, მათი მოხმარება სახელმწიფო კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს...“ – მიიჩნევს 26 წლის ნუცა ცქიმანაური.

იურისტ ზურაბ ბიწაძის აზრით, ,,ერთი მხრივ, საიტის ადმინისტრაცია სწორად იქცევა, როცა მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. მათ კანონი მეტს არაფერს ავალდებულებს. ისინი ვერ გააკონტროლებენ, ვინ ზის კომპიუტერის ეკრანთან, მეორე მხრივ, ბავშვის უფლებები მართლაც ირღვევა. მიმაჩნია, რომ ძალოვანებმა, რომლებმაც მიიღეს უფლება აკონტროლონ ინფორმაცია და ინტერნეტსივრცე, სწორედ მოზარდთა დასაცავად უნდა გამოიყენონ საკუთარი შეუზღუდავი ძალაუფლება“
რაც შეეხება იმას, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სექსოლოგია სკოლაში, ამ საკითხზე დავა დღესაც გრძელდება. არსებობს მოსაზრება, რომ სექსოლოგიის სწავლება ბავშვებზე მხოლოდ ცუდ გავლენას მოახდენს. ზოგი კი სექსოლოგიის სასკოლო საგნად დამატებას პორნოსაიტებისგან ბავშვთა დაცვის საშუალებად მიიჩნევს. ფაქტი ერთია – 14 წლის ასაკში მოზარდი მისთვის საინტერესო ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. როგორ მივაწვდით მას საჭირო ინფორმაციას, ჩვენი გადასაწყვეტია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, პორნოინდუსტრია დღეს ყველაზე უკეთ ,,ზრუნავს“ მოზარდებზე ამ თვალსაზრისით. ამ ზრუნვის არც თუ კეთილშობილურ მიზანში დასარწმუნებლად კი ,,enter” ღილაკზე ერთი დაწკაპუნებაც საკმარისია.

2 comments:

ochopintre said...

ეგ საკითხი ნამდვილად მოსაგვარებელია არამარტო საქართველოში. რამე შეზღუდვა რო დააწესო პანიკაში ჩავარდებიან არასამთავრობოები ინფორმაციის თავისუფლების აღკვეთა არისო, ხო და დადგნენ და აყურებინონ თავიანთ შვილებს

maito said...

არადა, შეზღუდვით არაფერი დაშავდება, მაგრამ ასეთ საიტებზე ყველაზე მეტად მოზარდები შედიან და ალბათ არ უნდათ, ბიზნესი ჩაუვარდეთ :( :( :( :(

ეს კი ძალიან ცუდია :(