Friday, May 21, 2010

მთაწმინდის ნაცვლად....


          ლექციებს მოვრჩი, მეგობრებიც ვნახე. მართალია, მთაწმინდაზე ასვლა გვინდოდა, მაგრამ წვიმს და რა დროს მთაწმინდაა. მეგობრები უკვე წავიდნენ. მე კი დავრჩი. მეექვსეს კომპიუტერებში ვზივარ და სანამ არ გამაგდებენ აქედან არ წავალ. განა იმიტო, რომ Facebook-ზე ვარ და მოწონება- არმოწონების მიუხედავად ვიღაცებს სურათებს ვუფასებ. არა, ვზივარ იმიტომ, რომ რამდენიმე კვირაში უნივერსიტეტს დავამთავრებ, ეს ოთახი კი მართლა საშინლად მომენატრება.           
          ერთ დროს არც სკოლის დამთავრება მიხაროდა. არ მიხაროდა იმიტომ, რომ საერთოდ არ მიყვარს, როცა ჩემ ცხოვრებაში რაღაც მთავრდება. საშინელი გრძნობაა. იცი, განვლილს უკან ვეღარ დააბრუნებ, არადა ვერც ვერაფერს შეცვლი. თან სიახლისაც მეშინია. 4 წლის წინ სტუდენტობის მეშინოდა. უნივერსიტეტიც მაშინებდა, აი ისე, როგორც მე-9 კლასში პარლამენტმა შემაშინა, როცა სკოლიდან ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. უნივერსიტეტიც დაახლოებით პარლამენტივით მეგონა. ადგილი, სადაც არავის უყვარხარ, შენთვის ყველას ცუდი უნდა და შენი პრობლემები ყველას ფეხებზე კიდია. ზუსტად არ ვიცი, პარლამენტში ასეთი სიტუაციაა თუ არა, მაგრამ რაღაც ეგრე მგონია. თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჯერ კიდევ ჩემი მოწაფეობის დროს პარლამენტი საბრძოლო რინგს უფრო გავდა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს. აი, ასეთი მეგონა უნივერსიტეტიც. ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებამაც სხვადასხვანაირად გამახარ-დამამწუხრა. გამიხარდა იმიტომ, რომ ნათესავები ჩემ ,,უზომო ნიჭიერებაზე” ალაპარაკდნენ (ქების მოსმენას კი მართლაც არაფერი სჯობს), მომეცა შანსი, ჩემი ოცნება, ჟურნალისტი გავმხდარიყავი რეალობად მექცია და ცხოვრებაში რაღაც ახალი დამეწყო. სიხარულთან ერთად რაღაცნაირად ავფორიაქდი კიდეც. ამის გამო მთელი ზაფხული სტუდენტობის მოლოდინში, დაძაბულობაში და დეპრესიამდე მისულ განცდებში გავატარე. პირველ კურსზე ეს გრძნობა კიდე უფრო გამიმძაფრდა, როცა კოლოკვიუმების, კრედიტების, უჯგუფობის, უცნობი ჯგუფელებისა და ცხრილის ვერაფერი გავიგე. მეორე კურსზე ეჭვი შემეპარა, ცოტა შემიყვარდა კიდეც. მესამეზე უნივერსიტეტი ჩემი სახლი, დედა და მეგობარი გახდა. მეოთხეზე კი უკვე ვამთავრებ და ისე განვიცდი, როგორც 4 წლის წინ სკოლის დამთავრებას.      
          ყველაზე მეტად ჩემ ბუნდოვან მომავალს განვიცდი. გუშინ თათიას დაბადების დღეზე თავად თათიამ თქვა, კარიერაზე მნიშვნელოვანი პირადი ცხოვრებააო. მე კი ჯერ არც პირადი ცხოვრება და არც კარიერა (რა ხმამაღალი ნათქვამია) არ მაქვს. მართალია, გაზეთში სტატიებს ვწერ და ჟურნალშიც რაღაცებს ვჩალიჩობ, მაგრამ ეს იმას სულაც არ გავს, რაც ჟურნალისტობაზე ოცნებისას წარმომედგინა. თუმცა ისიც ვიცი, ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო. იმდენად დიდი, რომ ამას მხოლოდ ბაკალავრიატის დამთავრება და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არ ეყოფა. ამას პრაქტიკა სჭირდება. მაშ, საწუწუნო არც არაფერი მქონია...
         მე თუ ჩემი მომავალი ბუნდოვანი მეჩვენება, სამაგიეროდ ნათესავებმა საკმაოდ კარგად იციან, რომ უკვე გავიზარდე, აგერ უნივერსიტეტსაც ვამთავრებ და გათხოვებაა საჭირო. ,,-აბა, მარტო სწავლა და კარიერა რა ხეირია?”-ეს ის სიტყვებია, რომლიც ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად მესმის. მე კი ასე არ ვფიქრობ და სანამ ბავშვობის ოცნებას რეალობად არ ვაქცევ (არადა როგორ მეშინია, ოცნება ოცნებად არ დარჩეს) გათხოვებაზე ფიქრს სულაც არ ვაპირებ.        ახლა კი მხოლოდ იმის მეშინია, რომ სტუდენტობამ ჩაიარა და ახალი რაღაც უნდა დაიწყოს. 4 წლის წინ ის მაინც ვიცოდი, წინ სტუდენტობა რომ მელოდა, ახლა კი აზრზე არ ვარ, რა მელის. (სავარაუდოდ მაგისტრატურა, თუმცა ეს სრულიად უნარებზე და გრანტზეა დამოკიდებული). კიდე ბევრი რაღაცის მეშინია, მაგალითად იმ მეგობრების დაკარგვის, უნივერსიტეტში რომ შევიძინე და ისე შემიყვარდნენ მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენება. ამიტომ ვცდილობ, მთელი თავისუფალი დრო მათთან ერთად გავატარო და სტუდენტობისაგან სიამოვნება მაქსიმალურად მივიღო.      
        არ მინდა მერე რამე ვინანო, ისე როგორც სტუდენტობისას სკოლის პერიოდზე ვნანობდი ხოლმე რაღაცებს. 

9 comments:

Khatia Chogovadze said...

მაიკო,ასე ვიფიქრე უცებ ეს გოგო ჩემზე ხომ არ წერს მეთქი)))) ზუსტად ასეთივე განცდები მქონდა სკოლის დამთავრებისას,მაგრამ სტუდენტობის მიწურული პერიოდი ალბათ კიდევ უფრო სევდიანი და კიდევ უფრო სასიხარულო განცდაა.ეს არ მიყვარს რაღაც რომ მთავრდება და ხანდახან კი არ მიყვარს,არამედ არ მჯერა კიდეც))))ადვილად ვერ ველევი და ალბათ მაგიტომ.პარლამენტი....ოოო,მე გეტყვი :) პარლამენტს 12წელი ვუყურებდი კვირაში ხუთჯერ, რადგან ჩემი პირველი სკოლა ისეთ ადგილზეა, განებივრებულია მიტინგებითა და პოლიტიკური ამბებით)))))მე გამიშინაურდა ეგ შენობა თავიდანვე)))))

maito said...

აი, მეც, არ მჯერა ხოლმე და მერე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი მართლა კი არა სიზმარში ხდებოდა:) პარლამენტიიიი :D:D აშკარად გაგიმართლა, ხატ:* ისე, ალბათ არც პარლამენტია ცუდი :)

Nino said...

მსგავსი შეგრძნებები მეც მაქვს...
მე უკვე ვნანობ, აშკარად ცუდად გავანაწილე ჩემი სტუდენტობის წლები.
ვრცლად ჩემს ბლოგზე დავწერ ერთ თვეში :)))

maito said...

ნი, მგონი ყველა ნანობს და ცოტა დავმშვიდდი :D:D შენ პოსტს მოუთმენლად ველიიიიი :*:)

lela said...

სტუდენტობას შარშან მოვრჩი, მაგრამ უნივერსიტეტი ისევ ჩემი სახლივითაა :D

Beqa's Blog said...

უნივერსიტეტი იმდენად უნდა შეიყვარო, რომ 4 წლიან ბაკალავრიატი 5 წელშიაც ვერ დაამთავრო და არც გული დაგწყდება. გირჩევ რაღაც რაღაცაებს თუ დაინტერესდები :)

maito said...

აჰააა, ესეიგი საგნები ჩავაგდო ხო? :Dდიდი სიამოვნებით, მარა არა მგონია, სახელმწიფომ უნივერსიტეტის მიმართ ჩემი დიდი სიყვარული დააფასოს და დამატებითი სემესტრებიც დამიფინანსოს:):*:D

Anonymous said...

: ((( ცუდად ვხდები როცა ვიაზრებ, რომ 1 წლის შემდეგ ამგვარ განცდებში ვიქნები მეც : ((

maito said...

მართლაც ძალიან ცუდი განცდაა:( საშინელი:( ხოდა, მაქსიმალურად გაერთე მეგობარ-ჯგუფელებთან ერთად და ლექციებით კი თავი დიდად არ შეიწუხო:):) ვაი, რაებს ვლაპარაკობ:D:D:D:D