Monday, June 20, 2011

როცა არ იცი

მატარებელი რომელიღაც სადგურზე შეგრიალდა. მოწყვეტით გაჩერდა და ნაცემი ძაღლივით შეჰყმუვლა. მგზავრი ბევრი იყო. ხმაურიც და მტვერიც იყო. მერე ბრბომ იშხუვლა და ერთბაშად გასასვლელს მიაწყდა. ზოგმა იკივლა, ზოგმა გალანძღა, ზოგმა უთავაზა. მე ამ ორომტრიალს გავექეცი, რომელიღაც კუნჭულში შევიყუჟე და დაველოდე. მატარებელი დაცარიელდა. სიწყნარე ესიამოვნა დაღლილ ყურებს. ათასი ფიქრი ამყვა და აღარ მომასვენა. მატარებლიდან ჩამოსვლაც გადამავიწყდა. ფიქრში წასულს აგუგუნებული ბორბლების ხმა ჩამესმა, მერე ვაგონი შეტორტმანდა, კარები დაიხურა და ლიანდაგებზე მოსრიალე მატარებელს მარტო მივყევი.

დღის სინათლე გაუგებარმა სიბნელემ შეცვალა. თითქოს სქელი მასა ჩამოეფარა ვიწრო ფანჯრებს. მხოლოდ ბორბლების ცახცახზე ვხვდებოდი მატარებლის თავდაუზოგავ რბოლას. შიშმა ამიტანა. ფრთხილად ჩამისახლდა, ათასი ეჭვი დამიბადა, ათასი მაიმუნობა ჩამჩურჩულა, მერე მარტოობას შემატოვა და უკვალოდ გაქრა. მარტოობა შორიახლო ჩამოჯდა, თავი ჩაჰკიდა, აღარც გამეცალა და არც ახლოს მიმიშვა. იჯდა, ცივად აცეცებდა უშუქო თვალებს და ქვეშ-ქვეშ მიმზერდა. მერე ადგა, კარებში გასხლტა, გაუჩინარდა.

მერე აღარ მახსოვს. ცივმა ნიავმა გამომაფხიზლა. ვეგდე მიწაზე, თავი მტკიოდა. შორს, ძალიან შორს მატარებლის კუდიღა მოჩანდა. წამიც და თვალთახედვიდან გაუჩინარდა. შეგრძნება მქონდა თითქოს ცხოვრებას უკან ჩამოვრჩი. მაგრამ ტყუილად. მან მხოლოდ გადამარჩინა ან თავად გადავრჩი. მას ან შევეცოდე, ან შევუყვარდი, ან თავიდან მომიშორა. რაც უნდა იყოს, ფაქტი ერთია, საკუთარი თავი მაპოვნინა.მერე კი გაიქცა, გამერიდა...

ახლა რა ვქნა? მატარებლის კვალს საით გავყვე? წინ თუ უკან. უკან წარსულია, წინ მომავალი. წინ თუ გავყვები არ ვიცი რა მელის, გონების დაძაბვაც დამჭირდება ნაკვალევის გამოსაცნობად. უკან თუ წავალ, საფრთხე არ მელის, მაგრამ რას მომცემს წარსულში ქექვა, წარსულში ბოდიალი.

(სწორედ ახლა ლიანდაგზე ვარ.

დიდი ხანია კვალი დავკარგე და უბრალოდ არ ვიცი, საით წავიდე )