Tuesday, June 14, 2011

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის





















უკვე მთელი საღამოა კომპიუტერთან ვზივარ. წინ დიკტოფონი მიდევს, ჩანაწერის გაშიფვრას კი სპეციალურად ვაყოვნებ. არ შემიძლია მოსმენა, მაშინვე პატარა გოგონა მახსენდება, რომელიც ნაღვლიანი თვალებით შემოგვყურებს მე და თეას და გვთხოვს, კიდე მოდით ჩვენთანო. მერე კი ჯდება თავისთვის და ლექსებს წერს. ერთი ლექსი ჩვენც წაგვიკითხა.

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის

მე კი ვზივარ ნაზად სკამზე

დაღონებული ვფიქრობ რაღაცაზე

ვფიქრობ აუსრულებელ ოცნებაზე

ვტირი, ვტირი...

დღემდე არ ვიცი რატომ ვტირი

მაგრამ ამას მიზეზი გააჩნია დიდი

ჩვენ კი ბავშვთა სახლში მხოლოდ იმიტომ დავდიოდით, რომ სტატიისთვის მასალა შეგვეგროვებინა, იმისთვის დავდიოდით, რომ ინტერნეტმედიის საბოლოო დავალება არ ჩაგვეგდო. სწორედ ამიტომ დავრეკეთ ბავშვთა სახლში, სწორედ ამიტომ ვთხოვდით ბავშვებს ინტერვიუს, სწორედ ამიტომ ვცდილობდით მათთვის გაგვეღიმა და გვეგრძნობინებინა რომ მეგობრებად ვთვლით.

ახლა, როცა სტატიისთვის მასალა გვაქვს, ახლა როცა ჩანაწერებიც გვაქვს და სტატიას დაწერაღა აკლია, დიქტოფონიდან ინტერვიუს ვერ ვიწერ.

არ მინდა, ვინმე მეცოდებოდეს, არ მინდა ვფიქრობდე, რომ ამ ბავშვებს რაღაც აკლიათ, არ მინდა მეგონოს რომ ისინი ნაღვლიანები არიან, არ მინდა ფიქრობდნენ, რომ ცხოვრება უსამართლოა. მაგრამ ახლა ხო მეც ასე ვფიქრობ.

არადა, მართლა ძალიან კარგი ბავშვები არიან. ძალიან კარგი, ჩვეულებრივი ბავშვები, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ საკუთარი ოჯახი, თუმცა ყავთ ბევრი მეგობარი და ამ მეგობრებს ,,მათი ოჯახი“ ჰქვიათ.

მეც მინდა მათი მეგობარი ვიყო. მათი მეგობარი ვიყო არა იმიტომ რომ მებრალებიან ან სტატია მაქვს დასაწერი, არამედ იმიტომ რომ მათთნ მეგობრობა ნამდვილად მინდა.

No comments: