Monday, June 6, 2011

ფილმის პრემიერა?

შერონ სტოუნის მონაწილეობით არც ფილმი მინახავს, არც მისი ახალგაზრდობა მახსოვს და არც მის დაბერებას განვიცდი. არც ის მედარდება, საქართველოში ჩამოსვლამდე რუსეთს თუ ესტუმრა. უნდოდა და ესტუმრა. არც ის მენაღვლება, ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა თუ არა. სხვებს რა არ სცმიათ? თუ რახან მსახიობია, არ ეკადრება? ადამიანი ადამიანია, მისი გაიდეალება ან გაღმერთება რა საჭიროა?

ასეთ დეტალებს თუ მივაქცევთ ყურადღებას, კარგად მეყოლეთ. ,,ხალხი რას იტყვისო“ და ჩვენი შოუბიზნეს-ელიტელები ყოველდღე ტანსაცმლის კი არა მანქანების ცვლას დაიწყებენ. ჩვენ კი ვუყუროთ და მერე სამზარეულო-სამსახურებში (კარგ შემთხვევაში) განვიხილოთ მათი ჩაცმულობა, ქცევა, ნაოჭები და ვინ მოსთვლის კიდე რა.

და მერე ამით რა?

ჩამოვიდა მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ვეღარ გავიგე, შერონ სტოუნის პრემიერა იყო თუ ფილმის. ჟურნალისტებს რაღა დაემართათ, ლიდიც დაავიწყდათ, ბადიც და დასკვნაც. შერონ სტონიო იმდენჯერ ახსენეს, ნაცვალსახელით მაინც რო ჩაენაცვლებინათ, მგონი არაფერი მოხდებოდა. ან რაში მაინტერესებს, თმები სად გაისწორა, ნომერში ვინ ესტუმრა, ვინ რა აჩუქა, ვის გაუღიმა.

აი, სააკაშვილის როლს კი ვერაფრით ჩავწვდი. რა შუაში იყო ან რა უნდოდა საერთოდ. ნუთუ სათანადო კადრი არ არსებობს, ვინც გიდობას გაუწევდა მსახიობს? იტყვიან, პატივისცემაო. რა დროს ,,ვარსკვლავების“ პატივისცემაა, როცა საკუთარ ხალხს ხელკეტებით დასდევ?

სასწაული, თუ გინდა.

ხუმრობაც როგორი სცოდნია. აქ თუ დადგები, ჩავარდებიო. მერე კი ძალად წაათრია. მიიღო კიდეც რაც უნდოდა, ნაზად მიტყიპა მსოფლიო ვარსკვლავმა.

არა, ეს პიარი მაინც ,,ყველაზე მაგრად“ გამოსდის. ,,ეს სვანეთია, სადაც ახალი აეროპორტი გავხსენითო“ - ეუბნება შერონ სტოუნს. ეს აეროპორტი რო არ დაეყოლებინა, მითომ რა დაინგრეოდა ქვეყანა? თურმე სვანეთი იმითი ყოფილა გამორჩეული, რო პრეზიდენტმა იქ აეროპორტი გახსნა.

ეს 5-იც უცნაურადაა გაკვეტებული. ,,აგვისტოს 5 დღე“ 5 ივლისს. დანახარჯებიც რა სიმბოლურია - 5 მილიონი.

რაც შეეხება თავად ფილმს, ჯერ არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი. მარა მისმა შეფუთულობამ რაღაც წინასწარგანწყობილება უკვე შემიქმნა. თუმცა ფაქტია, მსოფლიო ვარსკვლავს ცრემლიანი თვალები ჰქონდა, ზნაჩიტ კარგი ფილმია. ფაქტია, ფილმით მსოფლიო დაინტერესდა, ფული გადაუხადე და მითომ რატო არ დაინტერესდება? ფაქტია, ფილმზე უმაგრესმა რეჯისორმა იმუშავა, დიდი ამბავი ზოგჯერ საუკეთესო ფეხბურთელებსაც საკუთარ კარში გააქვთ გოლები.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ფილმი კარგია. ბევრი ცრემლი იყო? ინდური ფილმები აყურებინეთ ხალხს და ცრემლი მაშინ ნახეთ.

მოკლედ, ახლა აქ გავჩერდები და დანარჩენს მერე გავაგრძელებ, როცა ფილმს საკუთარი თვალით ვნახავ.

ახლა კი ტელევიზორს მშვიდად ჩავრთავ. . .

2 comments:

tako svanidze said...

maitoo yochag..vamayob shenit :):*:*

maito said...

თაკოოო :* :* :*