Friday, January 15, 2010

იყო და არა იყო რა...







    ბავშვობაში ზღაპრების კი არ მჯეროდა, თავად ვცხოვრობდი ზღაპარში. სკოლაში დავდიოდი, როცა ვფიქრობდი, ჩვენი სახლის მეზობლად ქვით ნაშენებ სახლში მოხუცი ძია ტურა ცხოვრობდა; ის კამფეტები კი, რომელსაც სირანა პაპიდა სკოლიდან დაბრუნებისას მაძლევდა, ტურას მიერ გამოგზავნილ ძღვენს წარმოადგენდა. სირანა პაპიდას რომ ანგელოზთან არაფერი ჰქონდა საერთო მაშინ მივხვდი, როცა მის მიერვე მოყოლილი ზღაპრიდან შევიტყე, ანგელოზებს ფრთები აქვთო, თუმცა უნდა ვაღიარო, თუ ოდესმე და სადმე უფრთო ანგელოზი დაბადებულა, უთუოდ პაპიდაჩემი იქნებოდა.

სკოლიდან დაბრუნებული სახლის კარს შევაღებდი თუ არა, სირანა პაპიდა მეგებებოდა და ალერსიანად მეუბნებოდა:

-დაიბანე, შვილო, ხელები და შემწვარი კარტოფილი ჭამე.

-კაი რა, სირანა პაპიდა, ჯერ სახლში არ მოვსულვარ და უკვე საჭმელად მეძახი?-მეც ალერსიანად ვეტყოდი ,,მესამე ბებოს” და შემწვარი კარტოფილის მადისაღმძვრელ სუნს პირდაპირ სამზარეულოსაკენ მივყვებოდი.

გოგლი-მოგლი მხოლოდ სირანა პაპიდას გაკეთებული მიყვარდა. მიყვარდა იმიტომ, რომ მჯეროდა, გოგლი-მოგლის დასამზადებლად პაპიდაჩემს ღმერთი სჩუქნიდა კვერცხებს. ,,-თუ გულით სთხოვ ღმერთს, აუცილებლად შეგისრულებს თხოვნასო”- ამბობდა პაპიდაჩემი. მერე კი ღმერთს სთხოვდა, ერთი კვერცხი გადმომიგდეთო და ისე ოსტატურად იჩენდა კვერცხს ხელში, აღფრთოვანებისაგან ენა მუცელში მივარდებოდა. ღამღამობით კი, როცა ყველა იძინებდა, ლოგინიდან ხშირად წამოვმდგარვარ და საათობით გამიგრძელებია ღმერთის მიმართ მხურვალედ გამოთქმული სათხოვარი სიტყვა. შემდეგ კი, როცა ჩემი თხოვნა უშედეგოდ დამთავრებულა, უფრო მეტად დამიჯერებია პაპიდაჩემის ანგელოზობის.

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ჩვენს უბანში ერთი კაცი, ლტოლვილი აკაკი დასახლდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ თავისი ქონების გადმოტანა საზღვარს აქეთ მოახერხა და ჩვენთან შედარებით მდიდრულად ცხოვრობდა. აკაკი ყველა ბავშვს, მათ შორის კი მეც მიყვარდა. ჩვენი სახლის უკანა ეზო აკაკის სახლს ემიჯნებოდა. ერთხელ უკანა ეზოში გავედი და ღმერთს მთელი ხმით ვთხოვდი, გეხვეწებით, ერთი კვერცხი გადმომიგდეთ-მეთქი; უეცრად შოკოლადი დამეცა თავში. სიხარულისაგან ერთი კი შევიკუნტრუშე, მერე კი ჩავფიქრდი, მე კვერცხი ვთხოვე და შოკოლადი რატომ გადმომიგდო, ეტყობა, ღმერთსაც ეშლება ზოგჯერ-მეთქი. ამ ამბის შემდეგ თითქმის ყოველდღე გავდიოდი უკანა ეზოში და ღმერთს შოკოლადს ვთხოვდი. ღმერთიც არ იშურებდა წყალობას და შოკოლადებით მანებივრებდა. ღმერთის ვინაობა მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა ჩემი მეზობელი თბილისში გადაცხოვრდა და წასვლის წინ შოკოლადებით სავსე მთელი ყუთი მაჩუქა, თან მითხრა, ეს ღმერთმა გამოგიგზავნა და შემოგითვალა, ცოტა ხანს დაისვენე, თორემ ამდენი შოკოლადის ჭამით კბილები გაგიფუჭდებაო.

Yმახსოვს, ფეხბურთის ფორმის ყიდვა მინდოდა და ფულის შესაგროვებლად ყულაბა გავაკეთე. როცა სტუმრები მოდიოდნენ, ყულაბას შესამჩნევ ადგილას წამოვასკუპებდი ხოლმე და დედაჩემის მიერ მოცემულ ხურდასაც სწორედ მაშინ, სტუმრების თვალწინ ვყრიდი. ზოგჯერ ჭრიდა ჩემი ეშმაკობა, ზოგჯერ არა, თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ლარზე მეტი იმ ყულაბაში არასდროს შემიგროვებია. Gგეგმებს კი მაინც ვაწყობდი და ვერ გადამეწყვიტა, ფორმა მეყიდა თუ სასკოლო ჩანთა. პირველი ოთხი წელი იმ ჩანთით დავდიოდი სკოლაში, რომელიც ჭირივით მძულდა და სკოლიდან დაბრუნებისას აღარ ვიცოდი, სად დამემალა, რათა გამვლელ-გამომვლელებს არ დაენახათ. ბევრჯერ მინატრია, ნეტავი, ფრთები გამოიბას, სახლში გაფრინდეს და მე კი უამისოდ გავაგრძელო გზა-მეთქი. ერთხელ სიზმარი ვნახე: ჩანთების მაღაზიაში ვიყავი და საუკეთესოს ვარჩევდი. ვყოყმანობდი და ვერ გადამეწყვიტა, რომელი ამეღო. ისე გამომეღვიძა, ჩანთის არჩევა ვერ მოვასწარი. მახსოვს, იმ დღეს ძალიან, ძალიან ბევრი ვიტირე და დედაჩემმა სკოლაში აღარ გამიშვა. მეორე დღეს კი ახალი ჩანთა მიყიდა. სამაგიროდ ის ზამთარი დედაჩემმა საგაზაფხულო ტუფლებით გაატარა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა ვხვდები, მშობლების ამაგს ვერასდროს გადავიხდი.

ყველაზე მეტად მარისაბლობანას თამაში მიყვარდა. მარისაბლობანა მე და ჩემმა დამ მოვიგონეთ და შესაბამისად, მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით. მისი ვინმესთვის სწავლება კი აზრადაც არ მოგვსვლია. მარისაბლობანას თამაში მთლიანად ჩვენ ფანტაზიას ეყრდნობოდა. ჩემი და მარისაბელი 1-ლი იყო, მე მარისაბელი მე-2. მარისაბლები მდიდარი და ძალიან ლამაზი გოგონები იყვნენ. ყავდათ უამრავი და-ძმა. ჰქონდათ უამრავი სახლი და მანქანა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ანუ ყველაფერი ის, რაც მე და ჩემ დას გვაკლდა და გვეგონა, ეს ყველაფერი მხოლოდ ფილმებში არსებობდა და რეალურ ცხოვრებაში მისი არსებობა შეუძლებლად გვეჩვენებოდა. ვთამაშობდით მარისაბლობანას და სადღაც, ჩვენ მიერ გამოგონილ სამყაროში დავნავარდობდით. ამ სამყაროდან დაბრუნებულებს, დედაჩემის მიერ დავალებული საქმე, ჭურჭლის რეცხვა სათაკილოდ გვეჩვენებოდა და სიტუაციიდან თავის დასაღწევად ისევ ფანტაზიას მოვუხმობდით. ეს კი ასე ხდებოდა: წარმოვიდგენდით, რომ ჭურჭლის რეცხვისას მარისაბლების მოსამსახურეები ვიყავით და ასე თამაშ-თამაშში დასარეცხი ჭურჭელიც თვალსა და ხელს შუა სუფთავდებოდა. ერთი კია, როცა საკმარისი ფულის არ ქონის გამო ჩვენს სურვილებს მშობლები ვერ აკმაყოფილებდნენ, მე და ჩემი და დაუყოვნებლივ მარისაბლები ვხდებოდით და ასე ვტკბებოდით ხანმოკლე ბედნიერებით.

მართალია, ბავშვად აღარ ვითვლები ( თუმცა, თუ მამაჩემს დავუჯერებთ, უკვე დიდი, ოღონდ ,,დიდი ბავშვი” ვარ), მაგრამ ახლაც, როცა მინდა, ყველაფერი დავივიწყო და უბრალოდ, ოცნებაში მაინც ავიხდინო ჩემი სურვილები, ცოტა ხნით მარისაბელი ვხდები და იმ სამყაროში ვბრუნდები, რომელსაც ბავშვობაში ვსტუმრობდი. ალბათ, გავა დრო და ამ უცნაურ სამყაროს ,,კაკუჩით” ხელში ვესტუმრები. ვესტუმრები და ვინ იცის, იქნებ, სამუდამოდაც კი დავრჩე...


4 comments:

maito said...

სხვათაშორის, ამ ნაწარმოებმა იყალთოს ლიტერატურული კონკურსის ,,შემოდგომის ლეგენდა", მეორე ტურში გადამიყვანა.:)

გოგლიკა said...

momewona sxvata Soris zalian gulwrfeli xar da amas vfaseb adamianebshi :)

maito said...

:):):)

Gigoli said...

გოგლიკას დავეთანხმები, მართლაც იგრძნობა გულწრფელობა და კიდევ ძალიან საინტერესოა აკაკის საქციელი.