Sunday, April 17, 2011

აღარ მინდა

ადვილია, ყველაფერი მომავალს გადააბარო. ადვილია, ძილის წინ რაღაცაზე იოცნებო, თუმცა საკმარისია გათენდეს, რომ საკუთარი მიზნები მომავალი დღისთვის გადადო. ერთი დღით ხომ მაინც იქნები ,,ბედნიერი”. საბოლოოდ არაფრის მომცემი ,,ბედნიერება” კი გაცილებით უარესია.
ხოდა, მორჩა. ოცნება არ მინდა. არც იმის თქმა მინდა, თითქოს ხვალ მზე ამოვა, ყველაფერი კონკიას ისტორიასავით შეიცვლება და ახალი მაია დაიბადება. უბრალოდ მინდა, ყოველდღე რაღაც გავაკეთო. ყოველი გათენებისას თანდათან შევიცვალო.
დავიწყოთ იქიდან, რომ საკუთარ თავს კარგად არ ვიცნობ. არ ვიცი რეალურად რისი გაკეთება შემიძლია, რა მინდა საერთოდ და ა.შ. არ ვიცი რას ფიქრობენ ჩემზე.
არავინ თქვას, სხვისი აზრი ფეხებზე მკიდიაო. ან სხვისი აზრი რაში გაინტერესებს, მთავარია ისეთი იყო, როგორიც შენ გინდაო. უაზრობაა. საბოლოოდ მაინც ისეთი ხარ როგორიც სხვებს სურთ. მაინც იმას აკეთებ, რაც სხვებს მოეწონებათ. ცდილობ, სხვას დაანახო შენი უპირატესობა, სიძლიერე, სიკარგე თუ განსხვავებულობა.
უმარტივესი, პატარა ბავშვი ცდილობს საკუთარ მშობლებს თავი მოაწონოს. ისწავლოს კარგად და ნაყინი დაიმსახუროს. სტუდენტი ცდილობს ლექტორს მოაწონოს თავი. რიგითი მუშა უფროსის მოხიბვლას და უკეთესი თანამდებოიბის მიღებას ცდილობს.
სხვანაირად ვერც მიაღწევ წარმატებას.
ხოდა, მეც მინდა სხვების დამოკიდებულება შევცვალო. ის რასაც დღეს ჩემზე ფიქრობენ, ჩემი წარმატებისთვის არასაკმარისია. ის როგორიც სხვებს ვგონივარ, დიდი ხნის წინ უნდა ვყოფილიყავი და სკოლასთან ერთად დამესრულებინა. ამისთვის საკუთარი თავის შეცვლა კი არა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის ხარისხის შეცვლაა საჭირო. საჭიროა სხვებს ის დაანახო შენში, რაც კონკრეტულად ,,სხვებს” სჭირდებათ. ,,სხვებიც” სხვადასხვა კატეგორიად იყოფა და წარმოჩენილი შესაძლებლობებიც ,,სხვების” მიხედვით განისაზღვრება.
მოკლედ, საჭიროა ვისწავლო ის, თუ ვისთან რა უნდა წარმოვაჩინო და ვისთან რომელი როლი ვითამაშო.
არც ამაში შემომედავოს ვინმე, თითქოს ადამიანი რამე ,,როლს” კი არა საკუთარ თავს უნდა თამაშობდეს. ესეც დიდი უაზრობაა. დავიწყოთ იქიდან, რომ საკუთარ რეალურ სახეს ადამიანი დაბადებიდან თუ არა ლაპარაკის დაწყებისთანავე კარგავს.
მოკლედ, რაღაცებს ვბოდიალობ, მაგრამ თუ არ ვიბოდიალებ ვერც გავიგებ რა მინდა. ახლა უკვე ვიცი, რაც მინდა და საკუთარ თავზე მუშაობასაც ,,ხვალიდან” კი არა დღეიდან ვიწყებ.
შედეგებს ყოველ თვე შევაჯამებ და დავპოსტავ. ვნახოთ, რა გამომივა.

4 comments:

Arsen said...

"რეალური სახე" – ფანტომია, თუ იმას თავიდანვე ვკარგავთ, შეიძლება ის არც გვაქვს? და საერთოდ, საკუთარ თავზე ობიექტურად მსჯელობა ძალზე ძნელია.
პ.ს.: "არც იმის თქმა მინდა, თითქოს ხვალ მზე ამოვა, ყველაფერი კონკიას ისტორიასავით შეიცვლება და ახალი მაია დაიბადება. უბრალოდ მინდა, ყოველდღე რაღაც გავაკეთო" – აი, ეს ძალიან მომწონს!!!!!

maito said...

არ ვიცი, შეიძლება რეალური სახე მართლაც არ გვაქვს. შეიძლება ვამბობდეთ, ისეთი ვარ როგორიც სინამდვილეში ვარო, მაგრამ საბოლოოდ ეს ასე მაინც არ არის. ადამიანი ან ისეთია, როგორიც სხვებს სურს, ან ისეთი, როგორიც თავად სურს. თავად სურს და არა, როგორიც რეალურადაა. ანუ ადამიანი მაინც რაღაც როლს ირგებს.

აღარ ვიცი, რომელი სჯობს, ვიყო ისეთი როგორიც მე მსურს, თუ ისეთი, როგორიც სხვებს სურთ. დავიბენი :(

Arsen said...

"...ადამიანი მაინც რაღაც როლს ირგებს" – ამაში გეთანხმები,მეტიც ის ყოველთვის "თამაშობს" Homo Sapiens არის Homo Ludens–ი.მიყვარს ეს რეფლექსიური თემები, გაანვითარე.
პ.ს.: ზეიდეალისტური რჩევა – ეცადე ოქროს შუალედი იპოვო:)

maito said...

:) ki, vecdebi vipovo, tumca azrze ar var, es rogor unda gavaketo :(