Friday, April 1, 2011

პასპორტიზაციის მოლოდინში ეროვნული მემკვიდრეობა ნადგურდება

დუშეთის საცხოვრებელი სახლების უმეტესობა, რაც უძველესი, XVIII-XIX საუკუნეების ისტორიულ ნიმუშებს წარმოადგენს ნადგურდება. საცხოვრებელი სახლების შენობათა სტილი სიღნაღის, თელავის, ქუთაისისა და თბილისის მონათესავეა და მათთან ერთად ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნაწილს ქმნის. როგორც მაია მანია, არქიტექტურის ისტორიკოსი ამბობს, შენობებს ძეგლის სტატუსი არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, კერძო მფლობელებს მათ დასაცავად არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. შესაბამისად, მრავალმა შენობამ მოსახლეობის მხრიდან თვითნებური გადაკეთების გამო იერსახე დაკარგა, ზოგიც კი სრულიად განადგურდა. მანიას თქმით შენობების გადასარჩენად მათი პასპორტიზაცია და არქიტექტურულ-მხატვრული გამოკვლევაა საჭირო.

პასპორტიზაცია შენობების შესწავლას, მათი ფასეულობების გამოკვლევასა და ისტორიული ღირებულების დადგენას გულისხმობს. ეს არის ინფორმაცია, რის საფუძველზეც შენობას შემდეგში ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. როგორც მანია ამბობს, თუ ნაგებობას პასპორტი და სტატუსი არ აქვს, მისთვის რეაბილიტაციის ჩატარება გაუმართლებელია.

მანია ქალაქ დუშეთის შესწავლით რამდენიმე წელია, რაც დაინტერესდა. დუშეთთან ბავშობა აკავშირებს, თუმცა ქალაქის მიმართ პროფესიული დამოკიდებულება გაცილებით დიდი აქვს. ქალაქში ჩამოსვლისთანავე ნაგებობების შესწავლა, ფოტომასალის შეგროვება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო. დუშეთის უძველესი სარდაფები ფეხით შემოიარა და უნიკალური მასალაც შეაგროვა. სარდაფებში სიარულს უკვალოდ არ ჩაუვლია. მისი აღმოჩენის წყალობით ქალაქ დუშეთის სახალხო ნაგებობების დათარიღებამ შესაძლოა ერთი საუკუნით უკან გადაიწიოს. საუბარია ერთ-ერთი სახლის სარდაფზე, რომელიც სავარაუდოდ მე-17 საუკუნეს განეკუთვნება. კვლევების დასრულებამდე, ის თამამი განცხადებებისაგან თავს იკავებს.

მანიას საქმიანობით ადგილობრივი მოსახლეობაც დაინტერესდა. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის რამინ რამიშვილის ხელმძღვანელობით ქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის მიზანი უძველესი შენობა-ნაგებობების დაცვა, დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და მოსახლეობის ინფორმირებაა. ჯგუფი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას წიგნების საშუალებითაც აპირებს. პლატონ იოსელიანის მიერ რუსულ ენაზე დაწერილი ქალაქ დუშეთის აღწერა, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბელა წვერაძემ ქართულ ენაზე თარგმნა და მალე გამოსცემს კიდეც. ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ მთავრობას წერილობით მიმართეს და შენობების პასპორტიზაციისთვის, 25000 ლარის გამოყოფა სთხოვეს.

ლია როინიშვილი, ჯგუფის წევრი : ,,-25 000-ს ვითხოვდით იმიტომ, რომ პასპორტიზაციისთვის მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. საჭიროა ძეგლების კვლევა, გეგმის შედგენა, ნახაზების გაკეთება, ფოტოების გადაღება, ექსპერტებისა და არქიტექტორების დაქირავება.” როინიშვილის თქმით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან მათ მიერ გაგზავნილ წერილზე არაადეკვატური პასუხი მიიღეს. საკრებულოს თქმით, ისინი საზოგადოებრივი ჯგუფის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ, რადგან დუშეთის განვითარების არანაირ გეგმას არ ფლობდნენ.

დუშეთის რაიონის ისტორიისა და კულტურის დაცვის მთავარი სპეციალისტის, ბაბუა ალუდაურის თქმით, საკრებულო საზოგადოებრივი ჯგუფის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა, რადგან გაუგებარი იყო, რომელი ნაგებობებისთვის ითხოვდნენ თანხას. ბაბუა ალუდაური: ,,მხოლოდ წერილობით მოგვმართეს, სადაც ნაგებობების კონკრეტული დასახელება არ იყო. ან 25 000 საიდან მოიტანეს. ფულის ასე ზერელედ დახარჯვა სად გაგონილა. ამას განხილვა, სერიოზული პროექტის წარდგენა სჭირდება, სადაც დანახარჯი დეტალურად იქნება გათვლილი” როგორც ლია როინიშვილი ამბობს, საკრებულოს მხოლოდ წერილობით მიმართეს. რაც შეეხება თანხას, შენობების რაოდენობის მიხედვით, მიახლოვებით იყო გამოთვლილი. ლია როინიშვილი: ,,- ჩვენ რომ 25 000 ვითხოვდით არ ნიშნავდა, რომ უნდა ამდგარიყვნენ და პირდაპირ მოეცათ. მათ არც უკითხავთ, რაში ვითხოვდით თანხას ან რომელ ძეგლებზე ვსაუბრობდით. ჩვენთვის არც პროექტის მიტანა უთხოვით, არც თანამშრომლობა შემოუთავაზებიათ. ეს რომ ექნათ, საწინააღმდეგო არაფერი გვექნებოდა.“

საკრებულოსგან უარის მიღების შემდეგ საზოგადოებრივი ჯგუფი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. რასაც დუშეთში ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თაოსნობით ჯგუფის ჩასვლა მოყვა. ჯგუფის წევრის, ბელა წვერაძის თქმით, ვაჩეიშვილი ძეგლებით აღფრთოვანდა და საზოგადოებრივ ჯგუფს ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა.

ევროსაბჭოს პროექტი, რომელიც მიზნად კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციას ისახავს, 15 ქალაქი მიიწვიეს, მათ შორის: დუშეთი, ფოთი, ბოლნისი, წყალტუბო, გორი, ტყიბული და ა.შ. როინიშვილის თქმით, პროექტის ხელმძღვანელებმა ჯგუფს ძეგლების პასპორტიზაციის დაწყება ურჩიეს. საზოგადოებრივმა ჯგუფმა საკრებულოს თანხის გამოყოფის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა როინიშვილის თქმით ამჯერად საკრებულოსგან ორაზროვანი პასუხი მიიღეს. ისინი წერდნენ, რომ ძეგლების პასპორტიზაციას მხოლოდ პროექტში გამარჯვების შემთხვევაში დააფინანსებდნენ. თუმცა პასპორტიზაცია გამარჯვების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა.

როგორც დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ცარო საძაგლიშვილი ამბობს, საკრებულო და დუშეთის გამგეობა უახლოეს მომავალში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრაზე მათთან ერთად იმსჯელებენ და საერთო შეთანხმების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების პაპორტიზაციას დააფინანსებენ.

რაც შეეხება ევროსაბჭოს პროექტს სავარაუდოდ 2011 წლის ივნისში დასრულდება. გამოავლენენ სამ პილოტურ ქალაქს, რომლებსაც რესტავრაცია ჩაუტარდება.

საზოგადოებრივი ჯგუფი ადგილობრივ მთავრობას სტატუსის მქონე ძეგლების უყურადღებობაშიც ადანაშაულებს. 8 თებერვალს ყოფილი სასამართლოს შენობიდან, სადაც 9 წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე მოსამართლე-მომრიგებლად მსახურობდა ილიას ბიუსტი მოიპარეს. ადგილობრივი მთავრობა პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ შენობას თავისი მფლობელი ჰყავდა და საკრებულოს კერძო პირის საკუთრებაში რაიმე სახით ჩარევის უფლება არ ჰქონდა.

სასამართლოს მფლობელობის, კერძო პირების მიერ შენობის ბუნდოვანი შესყიდვის (2009 წლამდე შენობა სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა) და ბიუსტის დაკარგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიებას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიცია ახორციელებს.

No comments: