Monday, November 8, 2010

დამალობანა 2

ნეტავ, ვიცოდე, ჩემი ბედისწერა სად დაბოდიალობსო, თქვა და წამოდგა. ერთხელ კიდევ დახედა ბებერ კუნძზე მოფუსფუსე ჭიანჭველებს, დანანებით რაღაც ჩაიბუტბუტა და ძვლების ჭრიალით ბილიკს დაადგა.
ის კი იქვე იჯდა. მზის გულზე ნებვრობდა. ისიც ჭიანჭველებს დასცქეროდა. ტყისკენ მიმავალს აინუნშიაც არ აგდებდა. არც მოსწონდა და არც ედარდებოდა. გაზარმაცებულს ფეხზე წამოდგომა, უკან ადევნებაც ეზარებოდა. ნაბიჯების ხმა როცა მიწყდა, მერეღა წამოიზლაზნა, ფეხი აითრია... ტყისკენ მიმავალს ბანცალით მიჰყვა..
მოხუცი მთელი ცხოვრება ელოდა, ვიღაცის იმედად ცოცხლობდა და საკუთარ ბედსაც ვიღაც ბედისწერას ანდობდა. სჯეროდა, ბედისწერა უშველიდა. მისი არც კარგი უკვირდა და არც ცუდი სწყინდა. გამოგონილ ,,წერას“ ემორჩილებოდა.
ის კი მის ბრძანებას ელოდა და თანდათან ზარმაცდებოდა.
სად არ იარა მოხუცმა, სად არ იყო, რა არ ნახა, ბედისწერას კი ვერსად მიაგნო, ვერსად გადაეყარა. სიკვდილი ახლოვდებოდა და შეშინდა. ახლა ტყეში დაეძებდა.
ის კი ისევ იქ იყო. გაქცევას არსად აპირებდა და ამის აღარც თავი ჰქონდა. არც წინასწარ ჰქონდა დაწერილი და არც წინასწარ იცოდა რამე. ისიც მოხუცის მსგავსად საკუთარ თავს დაეძებდა და მის მოლოდინში ისიც კვდებოდა.
მოხუცი გვიან მიხვდა. მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ვეძებდი თურმეო, თქვა და გათავდა. ეს მაშინ როცა ბედისწერას მოხუცის დევნა მობეზრდა, ერთ დღესაც გაჩერდა და უბრალოდ დასრულდა...

No comments: