Friday, September 24, 2010

ლაშქრობა ბეთანიაში


გალაკტიონის არ იყოს, დემესაც მოუნდა ბეთანაში წასვლა და ჩვენც წავყევით...

შეპირებულია, მთელი საქართველო ფეხით უნდა მოგვატაროს. ვერაფერს იტყვი, პირობას პირნათლად ასრულებს.

ლაშქრობა რამდენიმე დღით ადრე დავგეგმეთ. მიუხედავად გადაბმული წვიმებისა, დათქმულ დღეს მზემ გამოანათა და მშვენიერი ამინდიც გამოვიდა.

დუშეთიდან 8-ის ნახევარზე გავედი, დიდუბეში დემეს, გიორგისა და ხატიას შევუერთდი, საიდანაც დელისამდე გზა ერთად განვაგრძეთ. დელისზე დემეს მეგობრები შემოგვიერთდნენ და ჩვენი ექსკურსია-ლაშქორობაც დაიწყო.

N 82 ავტობუსს ახალდაბამდე გავყევით, მერე კი გზა ფეხით განვაგრძეთ. ძირითადად ტყეში ვიარეთ. იმის გამო, რომ ბეთანიაში დემეს გარდა არცერთი ვიყავით ნამყოფი, ჩვენი ექსკურსიამძღოლობა დემემ ითავა და თავი კარგადაც გაართვა, თუ იმ ,,უმნიშვნელო” შეცდომას არ ჩავთვლით, რომლის გამოც დაახლოვებით 20 კილომეტრი ,,ზედმეტი” ვიარეთ. მართალია, გზამ საშინლად დაგვქანცა და ბოლოს ფეხებს ძლივს მივათრევდით, მაგრამ ახლა რომ მახსენდება, შორი გზით წასვლა კიდევ უფრო საინტერესო მეჩვენება.

როგორც წესი, ასეთ ლაშქრობებზე ვგიჟდები. ტყე, მთა, დაბურული ბილიკები... ეს ჩემი სუსტი წერტილია. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო. დავიწყებდი საქართველოთი, საქართველოში კი სვანეთით... ძალიან მიკვირს ადამიანების, რომლებიც მთელ ზაფხულს პლიაჟზე წამოგორებულები ატარებენ და ჰგონიათ, მაგრად ისვენებენ. უაზრობაა... ზღვაზე დახარჯული ფულის სანაცვლოდ და გაცილებით იაფადაც კი შესაძლებელია, საქართველოს მთელი მთიანეთი მოიარო, უმარავი მონასტერი, ტაძარი, უძველესი ნაგებობა ნახო. დატკბე ბუნების საოცარი ხედებით, გაიცნო ადგილობრივი მცხოვრებლები, მათთვის დამახასიათებელი თავისებურებები ეროვნული კერძების ჩათვლით, უკეთესად შეისწავლო საკუთარი ქვეყნის ტრადიციები, ლეგენდები, თქმულებები, ხალხური შემოქმედება და ათასი სხვა რაღაც...

თუმცა რა დროს ეს არის...
სად გავჩერდი?..
ხო...

ტყიდან გასვლისას, ტრასას გავუყევით. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ერთ-ერთმა მანქანამ გაგვიჩერა და ბეთანიის გადასახვევამდე გაგვიყოლა. მძღოლი საკმაოდ კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მონასტრის გადასახვევამდე მისვლისას ჩვენი ნომერი ჩაიწერა და შეგვპირდა, როცა უკან მოვბრუნდები, ზარს გამოგიშვებთ და მანმადე ამოსვლას თუ მოასწრებთ, თბილისამდეც წაგიყვანთო. ჩვენდა გასაკვირად, პირობა არ დაივიწყა და 5 საათისთვის მართლაც დაგვირეკა, თუმცა ჩვენ უარის თქმა მოგვიხდა, რადგან უკან დასაბრუნებლად კარგა დიდი ხანი დაგვჭირდებოდა, თან ფეხით სიარული უფრო საინტერესოდ მივიჩნიეთ და არც თუ ტყუილად.

ბეთანიის გადასახვევიდან წასვლას თავისი ისტორია აქვს. ბიჭებმა მოგვატყუეს (რა თქმა უნდა, დემეს თამადობით) გასავლელი სულ რაღაც 3 კილომეტრი დაგვჩაო. გზაში ხატიამ ყოველი შემთხვევისათვის გამვლელებს ჰკითხა, მონასტრამდე კიდევ შორიაო, პასუხმა ყველაფერს მიგვახვედრა. ისე, დემეს ვეთანხმები, ტყუილი ყოველთვის როდია ცუდი, განსაკუთრებით კი ასეთ შემთხვევებში. იმ ფაქტმა, რომ გასავალელი 3 კი არა 8 კილომეტრი იყო, ერთიორად დაგვღალა. უცნაურია, გაჩერება და უკან დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგვეძლო, მაგრამ მონასტრის ნახვის სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მიუხედავად საშინელი დაღლილობისა წინ მაინც ჯიუტად მივიწევდით. ბოლოს, მონასტერსაც მივუახლოვდით. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

მწვანეში ჩაფლული მოწითალო ფერის უძველესი მონასტერი, გარშემო ხეებით დაფარული მთები და ჭალები. ბერების მიერ დაპობილი შეშის ხმაური და წყაროს რაკ-რაკი იქაურობას რაღაცნაირ მყუდროებას მატებს. ეს ყველაფერი კი ისეთ სიმშვიდეს გგვრის, საშინელი დაღლაც გავიწყდება და აღარც იქიდან წამოსვლა გახსენდება. თითქოს ბერებისაც აღარ გიკვირს, როგორ შეუძლიათ მთელი დღეები ცივილიზაციას მოსწყდნენ და ხალხისაგან ასე მოშორებით იცხოვრონ. წყაროსთან დასვენების შემდეგ მონასტერში შევედით, სანთლები ავანთეთ, ვილოცეთ და დასათვალიერებლად ისევ ეზოში დავბრუნდით. მონასტრის ეზოში საკმაოდ ბევრი კატა აღმოჩნდა. ეტყობა, ჩვენ ჩანთებში მოთავსებული საჭმელების სუნი იყნოსეს, ნამდვილი შემოსევა მოგვიწყეს და ,,საჩვენებელი ბრძოლაც” გამართეს. ამან კარგად გაგვამხიარულა.

მართალია, მონასტერში ყოფნა არ მოგვბეზრდებოდა, მაგრამ მალევე რომ არ წავსულიყავით, ტყეში დაგვიღამდებოდა, ამიტომ ჩვენი ნივთები სასწრაფოდ მოვაგროვეთ, მდინარესთან სახელდახელო პიკნიკი მოვიწყეთ და გზაც განვაგრძეთ. უკან იმ გზით წამოვედით, რომლითაც წესით მონასტერში უნდა მივსულიყავით.

...ხეებით დაბურული, კლდეებზე დახლართული საცალფეხო ბილიკი, ჰორიზონტზე მწვანეში ჩაფლული მთები, უფსკრულისფერი ხეობები და ჩამავალი მზით მეწამულისფრად განათებული მიდამო... როგორ შეიძლება ასეთ ადგილას მიდიოდე და ფეხების ტკივილზე ფიქრობდე, ხოდა დაღლა და ტკივილი ცოტა ხნით გადავივიწყეთ და მთლიანად ბუნების სილამაზეს მივენდეთ. ღამემ მაინც მოგვისწრო. ამას ისიც დაემატა, რომ უკანასკნელი გზების გასაყარი აგვერია და შეცდომით ვიარეთ. საბედნიეროდ დემე მალევე მიხვდა ყველაფერს და უკანაც დროულად დავბრუნდით. სოფელში ავტობუსამდე გზაც მიგვასწავლეს და დაგვამშვიდეს კიდეც, ნუ ნერვიულობთ, 5 წუთზე მეტი აღარ დაგჭირდებათო. ავტობუსის გაჩერებაზე წყაროსაც მივაგენით და 9 საათამდე იქვე ჩამოვსხედით. 9 საათზე ავტობუსიც მოგრიალდა და თბილისისკენ ჰერი, ჰერი...

ის ღამე ხატიასთან დავრჩი...

ლაშქობამ ძალზე კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. მართალია, 20 კილომეტრის ფეხით გავლის შემდეგ სიარულს თავიდან ვსწავლობ, მაგრამ ვინმემ ბეთანიაში ფეხით წასვლა კიდევ რომ შემომთავაზოს, ისევ სიხარულით დავთანხმდები...

1 comment:

ხატულა said...

ყველაზე გემრიელი ლაშქრობა იყო მართლა:) ბავშვებიც გემრიელები იყავით, მაგრამ ჩემი ღამის სამ საათზე გამომცხვარი მართლაც გემრიელი ბლინები რატომ დამიწუნეთ ვერ მივხვდი... :(