Thursday, April 28, 2011

მე - მეოცნებე გმირი თუ ეგოისტი

გმირობაზე ხშირად მიოცნებია. წარმომიდგენია ათასი სიტუაცია. როგორ გადავარჩენ ბავშვს, რომელსაც სადაცაა მანქანა დაეჯახება, როგორ ვიხსნი განსაცდელისაგან ტყვედ აყვანილ მშვიდობიან მოსახლეობას. ასეთი წარმოდგენებისას დაახლოვებით ასე გამოვიყურები

ტყავის შარვალი, მაღალყელიანი შავი ფერის ბათინკები, შავი მოსასხამი, ასევე შავი ფერის კორსეტის მსგავსი ზედა, მაქვს მაგარი მაკიაჟი, თვალები შავად შეღებილი, ვფლობ კარეტეს და როგორც იტყვიან ტყვიას ტყვიაში ვაჯენ. მყავს მოტო და ბაიკერებს არაფრით ჩამოვუვარდები.

ზოგისთვის შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მსგავს რამეზე ბავშვობაში მაინც არ უფიქრია. ავიღოთ თუნდაც ტომ სოიერი. გმირი, რომელიც მსოფლიოს ყველა ბავშვს გავს და გმირი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ბავშვი გავს.
ტომი ხშირად ფიქრობს გმირობაზე, ადამიანების დახმარებაზე. თავის წარმოდგენებში ტომი მეკობრეა, რომელიც მდიდრებს ძარცვავს და ღარიბებს ეხმარება. მისთვის დახმარებაზე მეტად გმირობაა მნიშვნელოვანი.

ჩვენი წინაპრები სამშობლოს დასაცავად სიცოცხლეს სწირავდნენ. მათთვის მთავარია სამშობლოში გმირები დაბრუნდნენ, ან გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, ომში წასული ძველი ქართველი სამშობლოს დაცვაზე მეტად საკუთარ ღირსებაზე ზრუნავდა. სამშობლოზე მეტად გმირის სტატუსი ადარდებდა.

წინაპრებო, თუ ვცდები მომიტევეთ.

ტომიც საკუთარ წარმოსახვაში, როცა ღარიბებს ეხმარებოდა მათ ბედნიერებაზე მეტად საკუთარი კეთილშობილური ქცევა და ამ ქცევით გამოწვეული პატივისცემა ადარდებდა.
მეც, როდესაც მიფიქრია, როგორ გადავარჩენდი ბავშვს ავარიისგან, მისთვის სიცოცხლის შენარჩუენბაზე მეტად საკუთარი თავის გმირობა მხიბლავდა.

რატომ სურთ ადამიანებს გმირად ყოფნა, თუნდაც ამას სიცოცხლე შესწირონ?

აქილევსი როცა ტროაში საომრად წავიდა, ამით სამუდამო გმირის სახელი ბედნიერ და უზრუნველ სიცოცხლეს ანაცვალა.

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრობს და ბუნებით ყველა ეგოისტია. სხვები არ ვიცი და მე როცა გმირობაზე მიფიქრია ზუსტად ვიცი, ამით საკუთარი უპირატესობის დამტკიცება მდომებია. მიზეზი კარგად არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. არ მინდა ეგოისტი ვიყო. არ მინდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდე. არც ის მინდა, ადამიანის დახმარება მხოლოდ პატივისცემის მოპოვებისთვის მინდოდეს.
ალბათ ამიტომ ითვლება ოცნება ცოდვად. მე კი ოცნება საშინლად მიყვარს...

3 comments:

Arsen said...

"გმირობა" ძალიან რთული მოვლენაა, რაც შეეხება "სუპერგმირობას" იგი არის უფრო ინდივიდუალიზმის გამოვლენის უკიდურესი ფორმა და არა სხვა რამე.
პ.ს. ისე რა გმირულ–გოთიკური ოცნებები გქონია:) მე უფრო კლასიკური "პირადი გმირის" ამბიციები მტანჯავდა:)))

maito said...

axla agar? ise, tandatan mgoni agarc me :):):)

Arsen said...

არა, ისე რატომ? ამჟამადაც ვგმირობ:) "გმირები არ არიან მხოლოდ წარსულში":)))))