Monday, May 3, 2010

იქ, სადაც ომის დროს ტურიზმი ყვავის ...

2010 წლის ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია. Dტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით ზამთრის სეზონმა გაამართლა. წინა წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 110 992 გაიზარდა. გასული წლის პირველ კვარტალში თუ ზამთრის კურორტებს 239 521 ტურისტი სტუმრობდა ამ მაჩვენებელმა წელს 350 518-მდე მიაღწია. წელს ტურისტების ნაკადით უკრაინა 26%-ით გამოირჩეოდა. შემდეგ ადგილებს გერმანია 26%, თურქეთი 12%, შვეიცარია 8%, საფრანგეთი 8%, ლატვია 8%, ესპანეთი 4%, ლიტვა 4% და შვედეთი 4% ინაწილებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წელს საზამთრო კურორტებზე ჩამომსვლელი ერთი ამერიკიდან ტურისტიც კი არ დაფიქსირებულა.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოში ტურისტების რაოდენობა წლებთან ერთად კიდევ უფრო იზრდება. Dმათი ინფორმაციით 2003 წლიდან, მიუხედავად 2008 წელს გადატანილი ომისა და ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა, ტურისტების რაოდენობა იქამდე გაიზარდა, რომ მილიონსაც კი გადაარჭაბა. 2009 წელს კი მათმა საერთო რიცხვმა მილიონ-ნახევარს მიაღწია. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს, 2007-2009 წლებში ტურისტების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის ზრდას 2010 წლის მეორე კვარტალსაც უწინასწარმეტყველებენ.
დეპარტამენტის მიერ 2010 წლის თებერვალში კვლევა ჩატარდა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, წითელი ხიდისა და სარფის სახმელეთ-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობდა. კვლევაში იმ ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებოდნენ. ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ჩამოსვლის ძირითადი მიზანი საქმიანი აქტივობაა ( 29%). შემდეგ მოდის ახლობლების მონახულება 25 %, დასვენება 23 %, საყიდლები 12 %, განათლება 12 % და სხვა. ტურისტების ნახევარი თბილისით ინტერესდება, ასევე ბათუმითა და მცხეთით. შემდეგ მოდის გუდაური, სიღნაღი, ბაკურიანი, მესტია-უშგული, უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია. რაც შეეხება ღამის გათევას, ტურისტების 47% მეგობრის ან ნათესავის ბინებში რჩება; 45% უპირატესობას სასტუმროს ანიჭებს, დანარჩენი ან კარავს ამჯობინებს ან ტრანსპორტს.

ტურისტების 30 %-ს ქართული ტრადიციები და ადგილობრივების სტუმარ-მასპინძლობ
ა იზიდავს; 23 %-ის აზრით, პირველ რიგში საქართველოს ბუნებაა მიმზიდველი და გამორჩეული; 14 % კი თვლის, რომ საქართველოში ჩამოსვლა ქვეყნის შიდა სამზარეულოსათვის ღირს. რაც შეეხება იმას, თუ საქართველოს შესახებ ინფორმაციას საიდან იღებენ, გამოკითხვების მიხედვით ირკვევა, რომ ძირითადად ნათესავებისაგან გებულობენ. შემდეგ მოდის ინტერნეტი და მედია-საშუალებები. თუმცა პროცენტული მაჩვენებლით ეს უკანასკნელი პირველ ორთან შედარებით ძალზე მცირეა.
როგორც კობა არაბული (ექსპერტი ტურიზმის განვითარების საკითხებში) ამბობს, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მსოფლიოში გაპიარება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ესენია: ვარდების რევოლუცია, 2008 წლის აგვისტოს ომი და თუნდაც ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო გამოსვლები. ამის გამო ტურისტების ნაწილი საქართველოთი ინტერესდება და მის სანახავად ჩამოდის კიდეც. თუმცა პიარიც პიარია და მასაც შეუძლია საპირისპირო შედეგის ჩვენება, რაც ამ შემთხვევაში საქართველოს იმ სიაში შეყვანით გამოიხატა, რასაც ტურისტებისათვის საშიში ქვეყნების ათეული ჰქვია.
,,-ეს არის მესიჯი საელჩოებისათვის, რომ ეს ქვეყნები ტურისტებისათვის არაკეთილსაიმედოა. და როცა ამ ფონზე მეუბნებიან, ქვეყანაში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბაო არალოგიკური და სასაცილოც კია. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს რომ კითხო, ეს სტატისტიკური მონაცემები საიდან მოგაქვსო, გეტყვიან, საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ითვლიანო. უკაცრავად, მაგრამ ვინც საზღვარს გადმოკვეთს თუ ყველა ტურისტად უნდა მივიჩნიოთ, მაშინ გამოდის, რომ საბერძნეთში და საზღვარგარეთ ლუკმა-პურის საშოვნელად წასული ქართველებიც ტურისტები ყოფილან”.
არის თუ არა დეპარტამენტის მიერ შემუშვებული სტატისტიკური მონაცემები რეალური? შეეფერება თუ არა სინამდვილეს? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დეპარტამენტის ცნობით, როცა საქართველოში ომი მიმდინარეობდა ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და მილიონსაც კი გადააჭარბა, ცოტა არ იყოს ეჭვს იწვევს.
,,-დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკა მხოლოდ გაბერილი რიცხვებია და მეტი არაფერი. ამით კი კომკავშირულ სისტემას ემსგავსებიან. მათ იციან მხოლოდ ის, რომ ეს რიცხვები ყოველწლიურად უნდა იზრდებოდეს, რათა ყველას დაანახონ, რომ კარგად მუშაობენ, მაგრამ ტურისტების რაოდენობას ასე რომ მიზრდი, შემოსავლებში რომ მოგკითხო, რას მეტყვი? მაგრამ საქმე ისეა აწყობილი, შემოსავლის რაოდენობას ვერსად ნახავს კაცი“
საქართველოში ჩამოსული ტურისტები, ძირითადად მომსახურების დაბალ დონეს უჩივიან. მათ უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ იმ ფასთან შედარებით, რასაც სასტუმროებში იხდიან მომსახურება საკმაოდ უხარისხოა. პრობლემა უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტურიზმის განსავითარებლად რესურსები საკმაოდაა, მათი ნაწილი თითქმის აუთვისებელია.
მსოფლიოში ტურიზმის 300-მდე მიმართულება არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა ეს მიმართულება ათვისებული ვერ იქნება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა. რესურსი კი მაშინ ფასობს, თუ მოგებას იძლევა და ტურისტული დანიშნულებისაა.
,,-დღეს რეგიონები მთლიანად ასათვისებელია. უცნაური ტენდენცია ჩამოყალიბდა. ყველაფერი თბილისში იწყება და თბილისშივე მთავრდება. რუსთაველის პროსპექტზე და ვაკეში რაც უნდა მოვაწყოთ, ტურიზმი ვერ განვითარდება. ეს ქვეყნის იმიჯზე არანაირად არ იმოქმედებს. ტურისტს თბილისი კი არა საქართველოს რეგიონები, რაჭა, სვანეთი და ფშავ-ხევსურეთი აინტერესებს, თუმცა დღეს რეგიონებში სტუმრის მისაღები პირობები საერთოდ არ არის. რაც შეეხება ათვისებულ მიმართულებებს: პირველი, კრეატიული პოტენციალი ქვეყნისა, რომელიც უზარმაზარია. მინერალური, სამკურნალო წყლები, ჰაერი, ტალახი, ქვიშა... ბუნებრივი პოტენციალი, გეოორიენტაციის ტურიზმი და ისტროიულ-კულტურული მემკვიდრეობა. თუმცა ჯერ ყოველივე ეს ტურიზმის რესურსად არ გაგვიხდია. საქართველოს ბუნება სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა: მდინარე, მწვერვალები, კასტრული გამოქვაბულები და ა.შ, მაგრამ ამას სერიოზული მომზადება და სერიოზული თანხა სჭირდება. ტურიზმი დიდი მომგების მომტანი ბიზნესია, მაგრამ ამას დასაწყებადაც დიდი თანხა სჭირდება.”
ტურიზმის განვითარებას რომ თანხაა საჭირო, ალბათ პატარა ბავშვმაც იცის და მით უმეტეს დიდებს ხომ ეცოდინებათ და ეცოდინებათ. დიდი ეჭვი მაქვს, საქართველოს მმართველობაშიც დიდი ადამიანები იყვნენ, რადგან წელს ტურიზმის დეპარტამენტისათვის ისეთი მცირე თანხაა გამოყოფილი, როგორიც 2 მილიონია. ეს კი წინა წლებთან შედარებით სამჯერ ცოტაა. თუმცა ქვეყანაში, სადაც ტურიზმისათვის დახარჯული ორი მილიონი თოთხმეტ მილიონ მოგებას იძლევა, საქმე არც თუ ცუდად უნდა იყოს. დეპარტამენტის ცნობით, ტურიზმმა გასულ წელს მოგება სწორედ 14695835,2 ლარის ოდენობით მოუტანა ბიუჯეტს.
როგორც ექსპერტი მიიჩნევს, ტურისტის მიერ საქართველოში დახარჯული თანხის რაოდენობა უმნიშვნელოა. მაგალითისათვის მუზეუმებიც საკმარისია. იმისათვის, რომ ტურისტმა მუზეუმი დაათვალიეროს, მაქსიმუმ 1 ლარი უნდა გადაიხადოს. ამას კი მოგების მოტანა არანაირად არ შეუძლია. საზღვარგარეთ, სადაც მუზეუმში შესვლა უფასოა, სამაგიეროდ არსენალი ისეთი მდიდარი აქვს, რომ ტურისტების მიერ მიღებული მოგებით სამეცნიერო ექსპედიციების დაფინანსებაც კი შესაძლებელია. საკუთარი პროდუქციის გასაღებით, როგორიცაა სამახსოვრო საჩუქრები, უძველესი ნივთების კოპიოები, რელიქვიები, სუვენირები და ა.შ, მოგებას ნახულობენ. დეპარტამენტის ცნობით, თითოეული ტურისტი დღეში 337 %-მდე ხარჯავს. საინტერესოა, რაზე უნდა ეხარჯებოდეს ტურისტს თანხა, თუ ქვეყანაში ტურისტული ფულის ხარჯვა პრობლემას წარმოადგენს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტურისტების დიდი ნაწილი სასტუმროებში მაღალ ფასს უჩივის, პასუხიც ნათელია - სასტუმრო და მგზავრობა.
,,-მომსახურება ევროპის ქვეყნებში უკეთესია, მაგრამ სიძვირით ჩვენი უფრო ძვირია. თქვენი აზრით, ქართველი მოსახლეობა რატო ამჯობინებს ანტალიაში წასვლას? იმიტომ რომ, იქ წასვლა ქობულეთზე იაფი ჯდება, დამსვენებელი კი სიამოვნებას გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე ქობულეთში ყოფნისას.”
გარდა ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემებისა პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანას პროფესიონალი კადრები აკლია. გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმი მეცნიერული და პროფესიული თვალსაზრისით საქართველოსათვის ახალი დარგია, ასათვისებელი ჯერ კიდევ ბევრია. თუმცა, დღეს, როცა ტურიზმი თანდათან პოპულარული ხდება და მიმდევარიც, სტუდენტების სახით ბევრი ჰყავს, ბატონი კობა ამას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ რამდენიმე წელში ტურიზმის განვითარება აუცილებლად დაიწყება.




2 comments:

lasha said...

saministroebi da tyuilebi ra axloa ertmanettan, samwuxarod :(

Unknown said...

es 2009-10 wlis statistikuri info saidan gaqvs, maito? me veZebdi msgavs informacias da arc statistikis da arc turizmis saministroebis saitze ar iyo...