Wednesday, June 23, 2010

აღსარება...

                 უკვე მეორე დღეა აქ ვარ. შეიძლება სამიც ან იქნებ, უფრო მეტიც... ცოტა მცივა, უფრო სწორად, უნდა მციოდეს. ვერაფერს ვგრძნობ, სიცარიელეს მხოლოდ და ისიც ცოტა. თეთრი არ მიყვარს, აქ კი ყველაფერი თეთრია... არავინაა, ქალია მხოლოდ თუ ქანდაკება? 
მაღლა ვარ... ლამაზია... აქ მინდა სამუდამოდ... ისევ დაბლა, მერე მაღლა.... საქანელაზე კატაობა საოცრად მიყვარს...
                  გუშინ ისევ დამეწყო... მესამე წელია ამეკვიატა... უცნაური ფიქრია, გიჟური... ფიქრები ღმერთზე, ჩვენზე, ყველაზე და ყველაფერზე, უაზრო ფირები, საშინელი... ჯოჯოხეთის შემეშინდა, მერე სიზმარი ვნახე, გამეღვიძა და უკვე ორი ვიყავი... აუტანელია... არ გინდა და ფიქრობ, არ გინდა და აკეთებ... სამი წლის მერე გარინდებული ჩუმად ვითვლი არარეალურ საგნებს... დედას თვალებს უეცრად წავაწყდი... შემრცხვა, შემეცოდა და ფიქრების ამბავი ამჯერად დავმალე... 
                   ბინდია. ცეცხლი ლიცლიცებს. დედა კარტოფილებს ცეცხლში ყრის. დაჭმუჭნული, ძველი კარტოფილები მოუსვენრად ხტიან... მეცოდებიან, მაგარამ მშია... დედას სახე, თბილი, უკვე დიდი, დღეს მხიარული... მიყვარს ყველაზე მეტად, დედაზე მეტადაც კი... როცა მეფიქრება, მასთან მივდივარ, სიახლოვე მამშვიდებს... რამე რომ მოუვიდეს... არა, არ გისმენ, ამჯერად არ აგყვები, დედაზე ფიქრის უფლებას ამჯერად არ მოგცემ...
ნატალი თამაშობს... შუქი ინთება, მერე ქრება, ისევ ინთება, ქრება და ისევ... გაქრობა მინდა... მჯერა, გავიზრდები და მორჩება...
                  დედამ იცის, უსიტყვოდ ხვდება... დახმარებას ცდილობს, გუშინ ეკლესიაში წამიყვანა, დამარწმუნა, შენი თავის კონტროლი უნდა ისწავლოო, ვიცი, არ გამომივა, მაგრამ ვამშვიდებ... მეცოდება, დედის თავლებში ჩემ მეორესაც კი ვხედავ, მისი თვალებით ძლიერი ვხდები...
                      მეხუთე წელია, დედის თვალებში საკუთარი თავი დავკარგე... მე მის გარეშე ცარიელ სივრცეში დაკარგული დაბნეული სული ვარ... ფიქრები? ისევ მაწვალებს, გავიზარდე, მაგრამ ჩემთან ერთად ჩემი მეორე მეც გაზრდილა, უფრო მეტადაც კი, ვიდრე მეგონა...
                        სკოლიდან დაბრუნებული ვიღაცის ბრძანებით უკვე მეასედ ვკითხულობ უაზრო ლექსის უაზრო სტრიქონს... ვინმე მოგიკვდება, თუ არ წაიკითხავო და მეც ვკითხულობ... სიბრაზე მახრჩობს, გაქრობაც მინდა, მაგრამ მე თუ გავქრები, ვინ წაიკითხავს? მერე აღარ მახსოვს, გონზე მოსული დედის მკლავებში ცრემლად დაღვრილი ჩემი ფიქრების შესახებ აღსარებას ვამბობდი... მარტო მე არა, დედის ცრემლები უფრო მაკრთობდა, უფრო მტკიოდა, ჩემი გულისთვის ხომ იტანჯებოდა... 
                            ჩემი ფიქრები? ვერ მოვიშორე, ჩემ მესთან ბრძოლაც კი ვერ გავბედე... 
ახლა კი აქ ვარ... როგორც მითხრეს, დროებით...

2 comments:

nino popxadze said...
This comment has been removed by the author.
mari said...

magaria :) arc ki vici, ra vtqva :( ubralod, mikvirs, amden emocias rogor itevs iseti sayvareli arseba, rogoric shen xar :*:):(