Friday, January 15, 2010

დიეტა შემწვარი კარტოფილითა და კეტჩუპით


 რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ირაკლი დგას და მორცხვად მიღიმის. იკრებს გამბედაობას, მაღლა სწევს თავს და თანდათან მიახლოვდება. მისი ცხელი სუნთქვა სახეს მიწვავს და...
-ადექი, გოგო, ლექციაზე გაგვიანდება!-ძილს მიფრთხობს ჩემი დის განწირული კივილი. ნელა ვწევ თავს ბალიშიდან და ჯერ ისევ ბურანში მყოფი ირაკლის აჩრდილს ვუცინი.
-რა გაცინებს შე საცოდავო, ადექი, ადექი-მეთქი!-არ ცხრება ჩემი დაიკო და საბანს მხდის.
  -სულ ცოტაც რა?-საცოდავად ვიკრიჭები, ძირს დავარდნილ საბანს ვისწორებ და ვცდილობ შეწყვეტილი სიზმრის გაგრძელებას, მაგრამ მოულოდნელად ლექცია მახსენდება, დაფეთებული ვხტები ლოგინიდან, ფართხა-ფურთხით ვიცვამ ტანსაცმელს და სახლიდან გავრბივარ.

***
მზის სხივი პირდაპირ ეცემა ფანჯარას და თვალს მჭრის. ვაბრუნებ თავს და უკვე ვნანობ: თამთა ამოდის ავტობუსში. ჩანს, უკვე შემამჩნია, პირდაპირ ჩემსკე მოიწევს. ახლა კი დაიწყება ჩემი ტანჯვა, ვფიქრობ, და წინასწარ ვემზადები ,,განსაცდელისათის".
-რაღაცას გკითხავ და სიმართლე მითხარი,-მოსალმების გარეშე იწყებს ჩემს წვალებას. ეტყობა ერთი ნამცეცით მეტი შეჭამა და დეპრესია აქვს.
-ნუ გეშინია, მომატებული არ ხარ,-მინდოდა მეთქვა, არც ტვინი მოგმატებია-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე.
-მართლა?-ძლივს გაეხსნა შეკრული შუბლი,-გუშინ ცოტა ბევრი მომივიდა, შენ წარმოიდგინე, მთელი ერთი ნაჭერი ხაჭაპური შევჭამე.
მაშ რა გამოდის? მე სამი ნაჭერი ხაჭაპური, შემწვარი კარტოფილი კეტჩუპით და ლობიანი შევჭამე. ნუთუ, რამე საშინელება ჩავიდინე? რა ვიცი, თეთრხალათიანებს ვერსად ვხედავ, ყოველი შემთხვევისათვის.
-უშაქრო ყავა, უმარილო საჭმელი, უცხიმო ხორცი, პური არავითარ შემთხვევაში-ლექციას აგრძელებს თამთა,-და წონაში დაკლება გარანტირებულია.
,,-წონაში დაკლება არ ვიცი, მაგრამ სიკვდილი აშკარად"-ვფიქრობ ჩემთვის და ვცდილობ გავიღიმო.
-ყველთან, ხორცთან, კარტოფილთან და მაკარონთან პური არ შეიძლება,-გაზეპირებულივით აგრძელებს.
,,-აბა, ცარიელი პური რა პონტში ვჭამო?"-და აღარც გაღიმებას ვცდილობ.
-აი, მაგალითად, შენ რა ჭამე ამ დილით?
-მე??? ლობიანი ვიყიდე და...
-ნახევარი შეჭამე, ალბათ, ხო?-გამომცდელად მიყურებს და თვალებს ჭუტავს.
-არა, მთლიანი.
-არ გამაგიჟო, თავს იკლავ? არადა, რომ შემოგხედოს კაცმა, იფიქრებს, საჭმელს არ ჭამსო.
,,-არა, თავი თუ არ დავაღწიე ამას, გამაგიჟებს".
-ისე ცოტა მოვიმატე, ხო?
ფიქრებში წასული მექანიკურად ვუქნევ თავს და საშინელ კივილს გამოვყავარ ბურანიდან. ავტობუსს გაჩერებას აღარ ვაცლი, კიბიდანვე ვხტები ტროტუარზე, გაკაპასებულ თამთას უკან ვიტოვებ და აუდიტორიისაკენ გავრბივარ.

***
ირაკლი კიბესთან დგას. ჩუმად აპარებს ჩემსკე მზერას და მელოდება. მეც არ ვაგვიანებ, ვესალმები და ლოყაზე ვკოცნი. მერე ვითომდა მაინტერესებს, სულელურ კითხვას ვუსვამ ლექციაზე. ისიც, თითქოს რამე იცის, სულელურ პასუხს მცემს და მთავრდება დიალოგი. ვატყობ, კიდევ უნდა რაღაცის თქმა, მაგრამ არ იცის, რა თქვას.
არაუშავს, ველოდები, სადამდე გაგრძელდება მისი სიმორცხვე თუ სიამაყე და ლექციაზე შევრბივარ, ახლა კი დროებით. (ლექციაზე ლაპარაკი არ შეიძლება).

***
სახლში დაბრუნებისას ორადორი კითხვა მიტრიალებს თავში: შემწვარი კარტოფილი კეტჩუპით, თუ მაიონეზით. შევდივარ მაღაზიაში და ხმამაღლა ვფიქრობ:
-კეტჩუპი, თუ მაიონეზი?
-მაიონეზი,-მიღიმის გამყიდველი.
,,ყველა მოგებაზე როგორ უნდა ფიქრობდეს?"
-კეტჩუპი!-ვიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
-თუ მაიონეზი?-აშკარად მეკაიფება.
-გადაწყვეტილება ერთპიროვნულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
დაუდევრად ვაგდებ კეტჩუპს ჩანთაში და გასასვლელისაკენ მივდივარ.

***
პირველ რიგში, სამზარეულოსაკენ გავრბივარ. მოუთმენლად ვხდი ტაფას თავსაფარს და ადგილზე ვშეშდები...
  პირდაფჩენილი ტაფა ურცხვად შემომყურებს და ვიღაცის მწარე ხარხარი ჩამესმის ყურში. ძლივს ვარჩევ თამთას დამცინავ ხმას. ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო, მაგრამ უშედეგოდ. აშკარად სიკვდილი მომიწევს, შიმშილით სიკვდილი, მაგრამ გონება მინათდება და ვატყობ, გადავრჩი.

***
საქმიანად ვაცეცებ ირგვლივ თვალებს.
მაცივარი, ტელევიზორი, ფუმფულა ძაღლი პიანინოზე, რატომღაც მაქსი რომ დავარქვი, გაზქურა და...
  მეტს აღარ ვფიქრობ, აბანოში გავრბივარ მაკიაჟის გასასწორებლად, რომელიც დღეს საერთოდ არ გამიკეთებია და იქიდან გამოსული ავტობუსების გაჩერებისაკენ მივიჩქარი. თითქმის მივფრინავ ჭავჭავაძის დაღმართზე, ადგილიდან დაძრულ ავტობუსში ოსტატურად ვხტები და სალარო აპარატს თავხედურად ვეყუდები
***
ოთახში შესულს ანა მეგებება. რა უცნაურია, რომ არა შიმშილი, მეგობრის დაბადების დღე არც გამახსენდებოდა. სასიამოვნოდ მიღიტინებს ცხვირში საჭმელების არომატული სურნელი. სასწრაფოდ ვაჩეჩებ საჩუქარს ხელში და სუფრისაკენ მივიჩქარი.
-ისევ ჩაიდანი?-ანას დაღლილი ხმა მეწევა ზურგსუკან და მეღიმება.
რას ვიზავთ, ასეთია ცხოვრება. ცხოვრება ყოველგვარი უსარგებლო კომპლექსებისა და ვალდებულებების გარეშე. ვფიქრობ ასე უკეთესია და იმედი მაქვს, თქვენც მეთანხმებით, თუ რა ვიცი...

***
ჯერ ჩუმად თუხთუხებს ჩაიდანი, მერე უმატებს და მისი თავსაფარი იქამდე ხტუნაობს, სანამ ანა ცეცხლს არ აქრობს და ჩაის არ ასხავს ფინჯნებში.
მერე კი ვსხდებით მაგიდასთან, ვწრუპავთ ცხელ ჩაის და ვიწყებთ ლაპარაკს: მე ირაკლიზე, ის კი...


3 comments:

Gigoli said...

წინაღმდეგი ვარ ყოველგვარი დიეტებისა და ჯანდაბების. ჭამე რაც გინდა და რამდენიც გინდა.ესაა ჩემი დევიზი. :p

maito said...

გეთანხმები და თან როგორ :):* ძირს დიეტა და მსგავსი საშინელებები :):* რა ჯობია ჭამას :)

Gigoli said...

აპა მე რო დიეტაზე დავდგე, გავქრები საერთოდ. :D