Thursday, April 1, 2010

დღეს პირველი აპრილია...


დღეს პირველი აპრილია, მაგრამ არაფრის მოტყუებას არ ვაპირებ, მითუმეტეს, რომ საპირველაპრილო ტყუილი, თუნდაც უწყინარი მკრეხელობად ითვლება და სათავეს ღმერთის უარყოფიდან იღებს. როგორც ცნობილია, იესო ქრისტეს აღდგომა პირველ აპრილს უკავშირდება. იესოს უარმყოფელებმა კი სწორედ ამ დღეს ქრისტეს მოწაფეებს საშინელი ტყუილი დასწამეს. მათი თქმით, ქრისტეს სხეული მისმა მოწაფეებმა მოიპარეს და ხმები დაყარეს, თითქოს იესო აღდგა. ამის შემდეგ პირველ აპრილს ტყუილი რატომღაც დასაშვებია. თუმცა, ჩემი აზრით პირიქით, სწორედ ამ დღეს უნდა იკრძალებოდეს ტყუილის თქმა.

(ხოდა, იმას ვამბობდი, რომ პირველი აპრილის მიუხედავად არ გატყუებთ-მეთქი)...

დღეს ტყავის კურტკა ვიყიდე...

მთელი თბილისი ტყავის კურტკებით დადის. ვაღიაროთ, რომ ერთმანეთის მიბაძვა ძალიან გვიყვარს არა მარტო ქართველებს, საერთოდ ადამიანებს. უბრალოდ, საქართველო პატარა ქვეყანაა და როცა ადამიანები ერთმანეთ ბაძავენ ადვილი შესამჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს სხვების მიბაძვა და იმის ჩაცმა, რაც ყველას აცვია, რა ვქნა და ტყავის კურტკის გარეშე ვერ გავძელი და მეც ვიყიდე. დაველოდები იმ დროს, როცა ხალხს მობეზრდება და მერე ჩავიცვამ.

ისე, დღეს უცნაური დღე იყო. დილით კინაღამ დამაჯარიმეს იმის გამო, რომ ჩემ სტუდენტურ ბარათს ვადა გაუვიდა და ამის შესახებ მაშინღა შევიტყვე, როცა აპარატმა მიმაბანძა და ბილეთი არ მომცა. კონტროლიორმა ბილეთი რომ მომთხოვა, ისეთი საცოდავი სიფათები მივიღე, აშკარად შევეცოდე. ცოტაც და ხურდას თვითონ მომცემდა, მაგრამ გადაიფიქრა და გაფრთხილებაც მაკმარა.
დღეს გაზეთის სარეკლამო აქციის დროს ვაშლით, ბანანით და პასკით დამაჯილდოვეს. ბანანი იქვე შემომეჭამა, ვაშლი ხატიას ვაჩუქე, პასკა კი სახლში წავიღე და მე, ჩემმა დამ და ბებიამ ნახევარი უკვე გადავსანსლეთ.
იქით კვირას მე და მანოს შევარდნაძესთან გვაქვს ინტერვიუ ჩასაწერი. მაგარია... შევარდნაძე ბაბუს ნახვა რეალშიც მეღირსება.
მანამდე კი მე და ხატია ჭიათურაში მივდივართ ცისანასთან და აღარ შემიძლია. ერთი სული მაქვს, კვირა როდის გათენდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ აღდგომაა, მეორე კი იმიტომ, რომ ვგიჟდები მგზავრობაზე, მითუმეტეს, მეგობრებთან ერთად.

No comments: