Tuesday, July 26, 2011

გამარტივებული ლიტერატურა შორს ვერ წაგვიყვანს

ვინც თქვა, გემოვნებაზე არ დავობენო, ნამდვილად შეცდა. გემოვნება განსაზღვრავს ყველაფერს: მოდას, სამზარეულოს და ა.შ. რა თქმა უნდა, გემოვნება განსაზღვრავს ლიტერატურასაც... იცვლება გემოვნება, იცვლება ლიტერატურა, თუმცა ამ ცვლილებას მკითხველის გემოვნება იწვევს თუ მწერლის, სათქმელად ძნელია.

დღეს, როცა ყველაფერი მარკეტინგულად ფასდება და ავტორს საკუთარი იდეების საზოგადოებისთვის გაცნობაზე მეტად ფინანსური სარგებელი აინტერესებს, ძნელია, მან საზოგადოების გემოვნებაზე სასიკეთო გავლენა მოახდინოს. ის, ძირითადად, საზოგადოების გამარტივებული გემოვნების ,,მსხვერპლი“ ხდება.

ახალგაზრდა მწერალი, მიშა ბახსოლიანი ასეთ ლიტერატურას ვაზელინს ადარებს და ამბობს, რომ მას არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია.

რაც შეეხება ახალგაზრდობას, სტერეოტიპებს თუ დავუჯერებთ, მათ კითხვა არ უყვართ. ვისაც უყვარს, ფინანსური სარგებლისთვის გათვლილ წიგნებს კითხულობს და მისი გემოვნება სავალალო მდგომარეობაშია. ახალგაზრდობის ასე, ერთ ქვაბში მოქცევა არასამართლიანია, თუმცა სტერეოტიპის შექმნა ახალგაზრდა მკითხველზე დასკვნების გასაკეთებლად მშვენიერი ხერხია.

სალო მხეიძე (ახალგაზრდა მწერალი) ამბობს, რომ ახალგაზრდებს თავისუფლება აკლიათ. ამის გამო სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან და ახასიათებთ კოგნიტური სიძუნწე (ეზარებათ აზროვნება). ეს კი საბოლოოდ მათ გემოვნებას აყენებს ზიანს.

სალო მხეიძე: ,,სიმართლე გითხრათ, ვიცნობ განსხვავებული გემოვნების მქონე ბევრ ახალგაზრდას, რომელთა გემოვნებაზე მართლა ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, იმოქმედა სახლში არსებულმა წიგნებმა, მეგობრებმა, წრემ... მე არ მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც კითხულობენ სამკაულის პოეზიას, ციტირებენ კოელიოს და ა.შ. თორემ აუცილებლად ვკითხავდი, რატომ კითხულობენ ამას“. სალო ამბობს, რომ დღეს წიგნის თუ მწერლის პოპულარობას მკითხველის გემოვნებით თამაში განსაზღვრავს. მისი აზრით, პოპულარულია ის, ვინც საზოგადოების გემოვნებას ითვალისწინებს. თავად სალო წერს იმას, რაც ეწერინება. ,,მე თავისუფლად ვწერ, ამ ყველაფერზე ცნობიერად არ ვფიქრობ, ყველაფერი ბუნებრივად და თავისით გამოდის. მაქვს იდეა და ვიწყებ წერას, როგორ განვითარდება მოვლენები, თვითონაც არ ვიცი, ეგაც ნაწერს მოაქვს.“
ერეკლე დეისაძე კი მიიჩნევს, რომ გემოვნებაზე ყველაზე დიდ გავლენას მოდა ახდენს. მოდას კი ტელევიზია ამკვიდრებს.

ერეკლე დეისაძე: ,,- მოდას ქმნის ის მწერალი, რომელიც ყველაზე მეტად ჩანს ტელევიზორში. ახალგაზრდების გემოვნება ტელევიზიებზეა დამოკიდებული“. მისი თქმით, თავად ნაკლებად ექცევა მედიის გავლენის ქვეშ. წერის დროს მკითხველის გემოვნებას ნაკლებად ითვალისწინებს. ეყრდნობა საკუთარ ინსტიქტებს და ამ პროცესს სექსს ადარებს. „ მწერალ-მკითხველი სექსუალური პარტნიორები არიან. მთავარია, შენი სიამაყე კარგი პარტნიორის ხელში მოხვდეს“.

მისი აზრით, „ფარჩაკი“ მწერლის ნაწერის წაკითხვას კომპიუტერთან ჯდომა სჯობს, რადგან მხოლოდ კითხვას არანაირი აზრი არ აქვს - „ ჩემი დედაია ბიჭები მანველიძის „მგლებს“ კითხულობენ, არიან ისეთებიც, რომლებიც ადრე ეცნობიან ხარისხიან ლიტერატურას, თუმცა ასეთები ცოტანი არიან. რაც შეეხება ჩემს წიგნს, ორივე კატეგორიას წაკითხული აქვს“.

ხარისხის მხრივ საკუთარ ნაწერს საშუალო დონის ლიტერატურად აფასებს და ამბობს, რომ წიგნს ღირებულებაზე მეტად პიარი ყიდის: „პოლპულარობას ბევრი რამ განაპირობებს, მაგრამ საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ პიარი ერთ-ერთი მთავარი იარაღია პოპულარობის მისარწევად“.

ერთ-ერთ ლიტერატურულ ფორუმზე ახალგაზრდების პასუხების მიხედვით, თუ რა წაიკითხეს ბოლოს, ყველაზე დიდი პოპულარობით ოთარ ჭილაძის ,,მარტის მამალი“, ესპანელი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას ,,დეიდა ხულია“, ჰერმან ჰესეს ,,ტრამალის მგელი“, ფრედერიკ ბეგბედერის ,,99 ფრანკი“ და ა.შ სარგებლობენ. კითხულობენ სხვა კლასიკოსებსაც. თუმცა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ლიტერატურულ ფორუმზე ძირითადად ის ადამიანები „პოსტავენ“, რომლებსაც გარკვეული აქვთ საკუთარი ლიტერატურული გემოვნება. ასეთების რაოდენობა კი საკმაოდ მცირეა.

როგორც მწერალი მიშა ბახსოლიანი ამბობს, ქართველი ახალგაზრდების ერთი ნაწილი მხოლოდ ნაცნობ-მეგობრების გამოცემულ წიგნებს კითხულობს, დანარჩენები ძირითადად თარგმანებს ეტანებიან: ,,ყურბან საიდის ,,ალი და ნინო” ახლაც ყველაზე დიდი ტირაჟით იყიდება ვენს წიგნების მაღაზიებში, ისევე როგორც პაოლო კოელიო. პოპულარულია ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებიც: ,,ბეჭდების მბრძანებელი” და ,, ჰარი პოტერი”.

მწერალი დათო გორგილაძე ფიქრობს, რომ ადამიანებს ხელოვნებისადმი სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ, სწორედ ამიტომ გემოვნებაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ,,მე შემიძლია გითხრათ, როგორი ჟანრის ლიტერატურა არ მომწონს. ასეთი ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკაა. ეს არასოდეს დამაინტერესებს, თუმცა ვერაფრით ვიტყვი, რომ ის უგემოვნოა, შეიძლება პირიქითაც იყოს. გემოვნებას განათლება და ბევრი კითხვა განაპირობებს.“ მისი აზრით, დღეს ახალგაზრდობის ნაწილისთვის წიგნი საკმაოდ პოპულარულია. ,,თანამედროვე ტექნოლოგიები, კერძოდ კი ინტერნეტი, ახალგაზრდებს ძალიან დიდ პალიტრას სთავაზობს. შეიძლება, წიგნი ავტორის სახელის ან სათაურის მიხედვით მოგეწონოს. პირადად მე ყველაზე ხშირად მეგობრების რჩევებს ვეყრდნობი და აგრეთვე ვცდილობ, ყველა ესპანურენოვანი მწერალი წავიკითხო (ეს ჩემი სისუსტეა).“ მისი თქმით, წიგნის გაყიდვა როგორც კარგ პიარს, ასევე ღირებულებასაც შეუძლია. ,, ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის და ორივე შემთხვევის მაგალითიც ბევრი გვაქვს თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში. „ბინდი“, რომელიც მე უკიდეგანოდ დიდ სისულელედ მიმაჩნია, ბესტსელერია, მაგრამ არიან ავტორები, რომლებსაც დიდი პიარის გარეშეც უამრავი ადამიანი კითხულობს. მაგალითად არტურო პერეს ,,რევერტე“, რომლის ახალ წიგნსაც უამრავი ერთგული მკითხველი ელოდება.“ თავად დათო ნაკლებად ითვალისწინებს სხვის გემოვნებას, თუმცა არც გამორიცხავს, რადგან ფიქრობს, რომ ასე მკითხველს დაკარგავს.

რაც შეეხება თემებს, რაც ახალგაზრდების ყურადღებას იქცევს, ძირითადად მათ ასაკში წამოჭრილ პრობლემებს უკავშირდება: სექსი, ალკოჰოლი, ნარკომანია, ოჯახური უთანხმოება, დეპრესია და ა.შ. ახალგაზრდა მწერლებიც საწერად ასაკის გამო იმავე თემებს ირჩევენ. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა მწერლების ძირითადი აუდიტორია ისევ და ისევ მათი თანატოლებისგან შედგება. ახალგაზრდა მწერლებს აუდიტორიის მისაზიდად თამაში და მარკეტინგული გათვლები არ სჭირდებათ, რადგან იმას წერენ, რაც ეწერინებათ. უფროსი მწერლებისგან მსგავ თემებზე წერა კი შესაძლოა, აუდიტორიისთვის დაგებულ მახედ ჩავთვალოთ.

ფოლკნერი ამბობდა: „მთელი ოფლი დავღვარე, სულიერებისაგან გამეკეთებინა ის, რაც არ არსებობდა მანამდეო.“ მწერალი თუ გულწრფელი არ იქნება, სულიერებაც არ იქნება. სულიერება თუ არ იქნება, ლიტერატურული გემოვნება დაკნინდება. გემოვნება თუ დაკნინდება, ლიტერატურა გამარტივდება. გამარტივებული ლიტერატურა კი შორს ვერ წაგვიყვანს.


No comments: