Friday, April 9, 2010

გასეირნება ჭიათურაში...




















ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილით, როგორც ყოველთვის მაღვიძარამ დარეკა. ისე ღრმად მეძინა, ვერც კი გავიგე როგორ გავთიშე და ძილი განვაგრძე. კიდევ კარგი, სიზმარში განრისხებული ხატია ვიხილე და დაფეთებულს გამომეღვიძა. აი, მერე კი გამახსენდა, რომ სასწრაფოდ უნდა ავმდგარიყავი და დიდუბეში გავქცეულიყავი, რათა ჭიათურაში მიმავალი მარშუტკისათვის მიმესწრო. ჩაი ისე დავლიე, მაგას დალევა კი არა გადაყლურწვა უფრო ჰქვია. ნახევარი კატლეტიც მივაყოლე და ჭავჭავაძის დაღმართზე დავეშვი. რუსთაველის მეტროსთან მისულმა უკვე ვინანე, ასე რა მეჩქარებოდა-მეთქი; ჯერ დაკეტილი იყო და ერთ საათს ლოდინი მომიწია. დიდუბეში ხატია ვნახე. მალე ცისანას ძმასაც მივაგენით და მარშუტკებისაკენ წავედით. ჭიათურაში მიმავალ მარშუტკას ნახევარ საათს მაინც ველოდეთ. ბოლოს როგორც იქნა მოსვლაც ეღირსა და გათოშილები ავედით კიდეც, მაგრამ ცოტა კი გავიბუსხეთ. ადგილები უკანღა იყო დარჩენილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინ გვინდოდა. აბა, რა პონტია, ამხელა გზაზე მიდიხარ და ფანჯრიდან წესიერადაც ვერ იხედები. ხო, ფანჯრისკე დაჯდომაზეც წავკინკლავდით და ბოლოს შეთანხმებას მივაღწიეთ. ჭიათურიდან წამოსვლისას ფანჯრისკე დაჯდომის უფლება მე მომენიჭა.
წინ ერთი ადგილი თავისუფალი იყო, ასე რომ იქ ცისანას ძმა დაჯდა. მანმადე ორ ლიტრიანი პეპსი და სნიკერსები გვიყიდა. პეპსი ცალკე თემაა. კინაღამ შევეწირე. ზუსტად მაშინ როცა დალევა მომინდა, მარშუტკის მძღოლმა საშინლად წაატორმუზა და ნახევარ ლიტრიანი ყლუპი სასულეში გადამცდა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ,,ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო”. მთელი გზა მძღოლს დავცინოდი, მოიხსნას სათვალე არ უხდება-მეთქი და სამაგიერო გადამიხადა.
სიმართლე გითხრათ, მთელი გზა ისე ვიხალისეთ, წინა ადგილები აღარც გაგვხსენებია. გარეთ ნახევრად მოღრუბლულობა იყო. რიკოთის უღელტეხილის გავლის მერე კი დასცხო და წვიმა გააბა. ხედებიც საგრძნობლად შეიცვალა. დასავლეთ საქართველოში უკვე ნამდვილი გაზაფხული დაგვხვდა. აყვავებული ხეები და გაფურჩქნული ყვავილები. ჩვენი შეძახილების რაოდენობაც გაიზარდა. გვიკვირდა სხვანაირი სახლები, ადამიანები, ძროხები და ქათმებიც კი. საფლავებზე ხალხსაც ვხედავდით. როგორც აგვიხსნეს, საფლავზე ძირითადად კვირას გადიან.
ზესტაფონის გავლის მერე ისეთი საშინელი გზა დაიწყო, ახლაც კი მბურძგლავს... მარშუტკასთან ერთად მე და ხატიაც ბარაქიანად ვხტუნაობდით. რამდენჯერმე ფანჯარას თავიც კი მივცხე. ამას ისიც დაემატა, რომ სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ ტვალეტში საშინლად მოგვინდა.. ცოტაც და ორივე მოვკვდებოდით. როგორც იქნა სოფელ ბიღასაც მივუახლოვდით. მარშუტკიდან ისე გადმოვხტით აღარც გაგვხსენებია, დაახლოვებით 10 წუთი ფეხით რომ უნდა გვეარა. ფეხით სიარულს რა სჯობს, მაგრამ როცა წვიმს და თან ტვალეტშიც საშინლად გინდა, ამაში სასიამოვნო აღარაფერია. ცალკე ჩემი თმები. კინაღამ პანიუკაში ჩავვარდი, არ დამისველდეს-მეთქი. ასე რომ ცისანას ძმამ, ჯაბამ თავისი კურტკა მათხოვა და ის წავიფარე. ხატიამ ქოლგა გამომართვა, მაგრამ ქარიც იყო და იმის დაჭერას არანაირი აზრი არ ქონდა.
მალე ცისანას სახლსაც მივაღწიეთ. აი, აქედან კი ნამდვილ სამოთხეში მოვხვდით. წვიმისაგან დასველებულს, გათოშილსა და მთელი დღის უჭმელს რა უნდა გინდოდეს გაგუზგუზებული ღუმელისა და დამათრობელი სურნელის მქონე საჭმელების გარდა? მასპინძლები საკმაოდ თბილად შეგვხვდნენ და მაშინვე გაგვიშინაურეს. სახელდახელო სუფრაც გაგვიწყეს და შეგვპირდნენ, მთავარ სუფრაზე გადანაცვლების მერე უკეთესად გაგიმასპინძლდებითო.
ჩვენმა საჩუქარმა ქება დაიმსახურა. ცისანამ, გადაჭარბების გარეშე, რამდენჯერმე შეიკუნტრუშა კიდეც.
სამზადისი მართლაც რომ სერიოზული ჰქონდათ. მე და ხატია თავიდანვე მივხვდით, თბილისში დაბრუნებულებს რამდენიმე დღიანი დიეტა არ გვაწყენდა. კუპატი და აჩმა პირველად გავსინჯე. ნამდვილ ღომსაც აქ გავუგე გემო და სიმართლე გითხრათ ისე მომეწონა, მთელ ქვაბსაც კი შევჭამდი, მაგრამ მომერიდა, რას იფიქრებდნენ, ეს ქართლელი მოვიდა და ყველაფერი გადაგვიჭამაო? ხუმრობა იქით იყოს და ჭიათურამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა და სჯობს ეს შთაბეჭდილება რამდენიმე პოსტად დავწერო. ასე რომ, დროებით.

No comments: