Monday, January 31, 2011

რას ჭამენ დღეს სტუდენტები

           ,,სტუდენტები ძირითადად იაფფასიან საკვებს ეტანებიან” – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მზარეული დოდო ბედენაშვილი. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში მიღებული შეკვეთებიდან 80% ფრიზე (ზეთში შემწვარი კარტოფილი) მოდის. დიდი მოთხოვნაა ცომეულზეც, ძირითადად ლობიანზე და ხაჭაპურზე. 
          ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი, მათ შორის, ლიტერატურული კაფე ფუნქციონირებს. ლიტერატურულ კაფეში სტუდენტებს შეუძლიათ ნამცხვარი ან წვენი შეუკვეთონ და წიგნის კითხვისას თავი შეიქციონ, თუმცა უფრო ნოყიერი კერძების შეკვეთა მთავარ კაფეში UNIFOOD-შია შესაძლებელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებსს, GOODFOOD-ის სწრაფი კვების ქსელის მენიუს სთავაზობს. 
          ფრისა და ცომეულის გარდა, UNIFOOD- ისა და GOODFOOD-ის მენიუ სტუდენტებს ცხელ კერძებს, სუპებს, სალათებს, გარნირებს, ნატურალურ წვენებს და ა.შ. სთავაზობს. თუმცა, როგორც ქალბატონი დოდო ამბობს, ცხელ კერძებს დღეში მხოლოდ ათამდე სტუდენტი უკვეთავს.
          როგორც ილიას უნივერსიტეტის მენიუდან ვიგებთ, ფრი (200 გრ) – 1, 50 ღირს. ლობიანი – 1, 30 ხაჭაპური – 1, 50. რაც შეხება ცხელ კერძებს ფასი 4,50 ლარიდან 5,00 ლარამდე მერყეობს. წვნიანი – 2 დან 2,50- მდე, გარნირი კი 1,50 დან 1,80-მდე. 
GOODFOOD-შიც თითქმის იგივე მდგომარეობაა. ფასები ოდნავ თუ განსხვავდება. ზოგი კერძი ილიას უნივერსიტეტში უფრო იაფია, ზოგი კი პირიქით, GOODFOOD - ში. თუმცა ილიას უნივერსიტეტისგან განსხვავებით GOODFOOD -ში ფრი (200 გრამი) 1 და 90 ღირს. ხაჭაპური და ლობიანი 1 და 70. 
       ილიას უნივერსიტეტის მსგავსად GOODFOOD–შიც იგივე სიტუაციაა GOODFOOD-ის მენეჯერის, ნინო ბანძელაძის თქმით, სტუდენტების უმეტესობა ფრის, ლობიანს და ხაჭაპურს უკვეთავს.
       ,,ამ ფასად შეიძლება სალათებიც ვიყიდო, მაგრამ არ მანაყრებს. სალათით რომ დავნაყრდე, ორი პორცია მაინც უნდა შევიძინო, ასე კი ბევრი დამეხარჯება. ამიტომ ცომეულს ვყიდულობ, ლობიანი გაცილებით ნოყიერია” – ამბობს თსუ-ს სტუდენტი, მარიამ ტაბაღუა.
       იმის დასადგენად თუ რამდენად შეესაბამება უნივერსიტეტში არსებული ფასები სტუდენტების ჯიბის ფულს გამოკითხვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებმა ჩაატარეს.120 გამოკითხული სტუდენტის თანახმად გაირკვა, რომ სტუდენტების მიერ კვებისთვის გათვალისწინებული თანხა საშუალოდ 3 ლარს შეადგენს. სტუდენტების თქმით, ეს ის თანხაა, რომლითაც ცომეულს და გაზიან სასმელს თავისუფლად იყიდი, დანაყრდები კიდეც და სახლში მისვლამდეც როგორმე გაძლებ. 
       ,,შარშან პრობლემებიც მქონდა ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით. ექიმმა მითხრა, არასწორი კვების ბრალიაო, თუმცა ლობიანების ჭამას დღემდე განვაგრძობ. თუ სწორად კვებაზე ვიფიქრებ, ბევრიც დამეხარჯება” – ამბობს სალომე ცეცხლაძე.
         სალომეს მსგავსად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ლანა ჩხეტიანსაც ჰქონდა პრობლემები. როგორც თავად ამბობს, პრობლემა მარტივად გადაჭრა.
,,იმის გამო, რომ ჯანსაღ კვებას დიდი თანხა სჭირდება, საჭმელს სახლში ვამზადებ, პატარა კონტეინერში ვათავსებ და სახლში მისვლამდე შიმშილის გრძნობას ასე ვიკმაყოფილებ” –ამბობს ლანა.
      გამოკითხული სტუდენტები სამ კატეგორიად დაიყო. კატეგორია, რომელსაც გარეთ კვებისთვის ფული ლარსს ქვემოთ აქვს. მეორე კატეგორია, რომელიც ორიდან-სამ ლარამდე ატარებს და მესამე- რომელიც დღის განმავლობაში საკვებად ხუთიდან-შვიდ ლარამდე ითვალისწინებს.
              გამოკითხული სტუდენტების 95 % ამბობს, რომ ძირითადად ცომეულით იკვებება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სტუდენტები, რომლებსაც ყოველდღიურად 5-7 ლარი აქვს კვებისთვის მაინც ფრის ან ცომეულს არჩევს. როგორც ისინი ამბობენ, ცომეული ადვილად ანაყრებს, იმავე ფასად ნაყიდი სალათი ან ცხელი კერძი კი იმდენად ცოტაა, რომ ყიდვას აზრი არ აქვს.  
       როგორც UNIFOOD -ის მენეჯერი, თამუნა სალაყაია ამბობს, საკვების ფასი პროდუქტების საბაზრო ფასზეა დამოკიდებული. პროდუქტის ფასის ცვლილებასთან ერთად საკვების ფასიც ან მატულობს, ან კლებულობს. საკვებისთვის საჭირო პროდუქტებს კი თბილისის მასშტაბით ჩვეულებრივ მაღაზიებში ყიდულობენ.
           ,,გარდა იმისა, რომ საკვების ფასზე პროდუქტის ღირებულება მოქმედებს, დამატებით იმისთვის რომ მოგება დაგვრჩეს, თანხას ვამატებთ” – ამბობს თამუნა სალაყაია. 
მაგალითად, საქონლის კატლეტი პიურესთან ერთად (300 გრამი), რომელიც UNIFOOD_ის მენიუს მიხედვით 4, 50 ლარი ღირს, სუპერმარკეტში მის შემადგენლობაში არსებული პროდუქტების ღირებულება ცალ-ცალკე ასეთია - საქონლის ხორცი (100 გრამი) – 1 ლარი და 20 თეთრი, კარტოფილი (200 გრამი) – 30 თეთრი, სხვადასხვა სანელებლები და ცხიმი – მაქსიმუმ 30 თეთრი. საერთო ჯამში კერძის ღირებულებამ 2 და 80 თეთრი შეადგინა,  
გავითვალისწინოთ ასევე კერძის მომზადებისათვის დახარჯული ბუნებრივი აირი ან ელექტრო-ენერგია, პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხა, მზარეულისათვის გადასახდელი ხელფასი და ა.შ, რაც როგორც წესი საკვების თვითღირებულების 50%-ს შეადგენს. როგორც ჩანს, კერძის ფასი 4 და 50 თეთრამდე თავისუფლად ადის, ეს თანხა კი სტუდენტის ჯიბის ფულს დაახლოვებით 1 ლარითა და 50 თეთრით აღემატება. 



1 comment:

Dissolved Girl said...

ძალიან მომეწონა სტატია. თავადაც ვიყავი სტუდენტი და არასდროს ვყოფილვარ გუდფუდის კმაყოფილი. ფასები, ერთი შეხედვით, არ არის მაღალი, მაგრამ პორციები იმდენად პატარაა, რომ ერთის შეკვეთას არც აქვს აზრი :(