Tuesday, January 26, 2010

აგრესია, როგორც ომის ფსიქოლოგია...























სულ რაღაც ორი წლის წინ ტყვიავში ყუმბარები ფეთქდებოდა, ადგილობრივი მცხოვრებლები შიშისაგან სარდაფებში იმალებოდნენ, მშობლიურ სახლს ტოვებდნენ და თავის გადარჩენას ცდილობდნენ. დღეს ყუმბარები აღარ ფეთქდება, დანგრეული სახლები თანდათან რემონტდება, თუმცა ომის დროს მიღებული ,,ჭრილობები” ჯერ ისევ მოუშუშებელია. სტკივათ თავს დამტყდარი უბედურება, დაღუპული შვილები, დაკარგული სახლი, დაკარგული ტერიტორიები და დაკარგული ,,მეზობლობაც”. ამბობენ, რომ ომის დროს შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა. იმასაც ამბობენ, რომ ომის დროს ქართველების მიმართ ყველაზე დიდი აგრესია ოსების მხრიდან მოდიოდა. ახსნას თავადვე პოულობენ, ომი ომია, ომის დროს ადამიანი გონებით არ მოქმედებს, იქცევა ისე, როგორც ეუბნებიან ან როგორ იდეოლოგიასაც ჩასჩიჩინებენ.
,,ოსები აგრესიულები იყნენ. წვავდნენ სახლებს და ხალხს აშინებდნენ. ქართველების მხრიდან აგრესია, რა თქმა უნდა, იყო და არის კიდეც. ვისაც შვილი მოუკლეს ან რამე დაუშაეეს, აგრესიული იქნება აბა რა. აგრესიულები არიან ოსებიც, რადგან იქაც არიან შვილმკვდარი დედები. მსხვერპლი ორივე მხარესაა და საერთო ენაც ორივე მხარემ ერთად უნდა გამოძებნოს. ახლა, შეიძლება, ხალხს სურვილი ჰქონდეს, მაგრამ შიშია და ჩაკეტილი საზღვრებიც ხელს გვიშლის.”–ამბობს ტყვიავში მცხოვრები თამარ რაზმაძე.
ქალბატონი თამარის აზრს ბევრი იზიარებს. წუხან იმის გამო, რომ ოსებთან ურთიერთობა ამ ეტაპზე გაჩერებულია. ქართველებსა და ოსებს შორის მკაცრად გაკონტროლებული კედელია აღმართული და ერთმანეთთან მიმოსვლაც შეუძლებელია.
როგორც ამბობენ, ომის დროს ყველაზე მეტად ოსების ეშინოდათ, თუმცა მაშინვე ამატებენ, რომ ოსების აგრესია ომის ბრალია და იმედოვნებენ, მათთან ურთიერთობა აუცილებლად მოგვარდება, წყენას ორივე მხარე დაივიწყებს და ერთად ცხოვრებასაც შეძლებენ. იმის დასტურად, რომ ქართველსა და ოსს შორის ერთმანეთთან მისასვლელი ხიდი ჯერ კიდევ არსებობს, ერთერთი მოხუცი საკუთარი თვალით ნანახ ამბავს მიყვება.
როგორც მოხუცი ამბობს, ერთერთმა ოსმა ჯარისკაცმა ტყვიავში მცხოვრებ ობოლ ბავშვს საკუთარი ოქროს ჯვარი აჩუქა და იმასაც შეჰპირდა, თუ ომს გადავურჩი, აუცილებლად დავბრუნდები, შენი ნათლია გავხდები და გიპატრონებ კიდეცო. იქნებ, მისი დანაპირები რეალობადაც ქცეულიყო, მაგრამ... მოხუცის თქმით, ის ოსი ომში დაიღუპა.
ტყვიავის საშუალო სკოლის დირექტორი, ქალბატონი თინათინ ბიძინაშვილი ტყვიავის სკოლაში სოფელ გუგუტიანთკარიდან დადის. ეს სოფელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზეა და როგორც თავად ამბობს, მოსაზღვრე ოსებს ყოველდღე ხედავს. როგორც ამბობს, ოსი მესაზღვრეები ქართველების მიმართ საკმაოდ აგრესიულები არიან, ამიტომ სახლში დაბრუნების ყოველთვის ეშინია.
,,მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველა ოსი ერთნაირი არ არის. რამდენიმე შემთხვევის მიხედვით მთლიანად ერზე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. მოვა დრო და ქართველი და ოსი ერთად იცხოვრებს. თუმცა თუ რუსი ისევ გააგრძელებს ოსებისათვის თითის დაქნევას, არაფერი გამოვა. კონფლიქტში მთავარი როლი რუსეთს ეკისრება. ვერც ნატო გვიშველის და ვერც ვერავინ, თუ თავად რუსეთი არ შეცვლის პოლიტიკას.” - ამბობს ქალბატონი თინათინი.
მისი თქმით, ოსებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ერგნეთის ბაზრობა ერთადერთი საშუალება იყო, თუმცა ქართველების დაუდევრობის გამო, ეს პერსპექტივაც წარსულს ჩაბარდა.
,,-ერგნეთის ბაზრის ჩაკეტვის საჭიროება ნამდვილად არ იყო. მისი გაკონტროლება თუ უნდოდათ, უშიშროებას უნდა ემუშავა კარგად, ეკონტროლებინა სიტუაცია. ვაჭრობას კონფლიქტის მოგვარება შეეძლო”-ამბობს ქალბატონი თინათინი.
თინათინ ბიძინაშვილის აზრს უმრავლესობა ეთანხმება და მიიჩნევას, რომ ოსებთან ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი საშუალება ვაჭრობაა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ჩაკეტილი საზღვრების გამო ვაჭრობის წამოწყება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

რატომ კრძალავს ქართული პოლიცია ოსებისათვის მანდარინის შეტანას?



,,ქართველებიც ბევრ რამეში ვცდებით. მაგალითად ამას წინათ, ოსების კონტრორილებად ტერიტორიასთან მდებარე სოფელ ფლავში ქართულმა პოლიციამ ქართველებს მანდარინი არ შეატანინა, ამას თქვენ ოსებს გადაუტანთო. რაღაცნაირად არ მესიამოვნა. რა მოხდა, რომ გადაეტანათ. მთავრობაში თუ რაღაცა ხდება, ეს რა ხალხის ბრალია? არ შეიძლება, რამდენიმე ადამიანის გამო მთელი ერი გადაკიდო ერთმანეთს.”-ამბობს ქალბატონი თამარ რაზმაძე.
1992 წელს პირველი ომის დროს, როცა ცხინვალიდან ქართველებს ასახლებდნენ და იძულებულებს ხდიდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ, ბევრი ოსიც მათ შორის მოხვდა. ახლა ეს ოსებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მომავალს იმედის თვალით შეჰყურებენ. საზღვარზე გადასვლას კი ვერც ახერხებენ და შიშის გამო ვერც ბედავენ.
სოფელ ტყვიავში ოსები დღესაც ცხოვრობენ. ერთერთი ასეთი ოსი ქალბატონის თქმით, 7 წელია რაც საქართველოში ცხოვრობს და წასვლას არსად აპირებს. ომის დროს კი მასაც ისე ეშინოდა, როგორც ქართველებს. ,,ოსი ნათესავებიც მყავს და ვიცი, რომ ქართველების მიმართ აგრესიული განწყობა არ აქვთ. მსხვერპლი ორივე მხარესაა და აგრესია თუ იქნება, ეს ბუნებრივიცაა. ალბათ წლები თავისას იზავს და ოსი და ქართველიც ერთად იცხოვრებს”-ამბობს ოსი ქალბატონი. (სახელისა და გვარის გამხელისაგან თავს იკავებს)

ექსპერტის აზრი


ბატონი ირაკლი სესიაშვილი (ექსპერტი კონფლიქტის მოგვარები საქმეში) მიიჩნევს, რომ ომის დროს ოსების აგრესია უბრალო ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო, რომელიც ყველა ომისთვისაა დამახასიათებელი და ამ შემთხვევაში გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.
,,ოსები თუ ომის დროს აგრესიულად იქცეოდნენ, არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ისინი ჩვენს მიმართ საერთოდ აგრესიულად არიან განმწყობილნი და ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. ეს ომის ფსიქოლოგიაა, რაც სხვადასხვა იდეოლოგიურ, ეკონომიკურ თუ პირად ფაქტორებს ემყარება. ომი, ეს არის ძალადობრივი გაელვება. ამ დროს არის მომენტები, როცა სიტუაციას გონება არ აკონტროლებს და ძირითადად მექანიკურია. ასეა ოსებისა თუ ქართველების აგრესიისშემთხვევაშიც”-ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
როგორც ბატონი ირაკლი ამბობს, იმისათვის რომ ოსი ან აფხაზი საქართველოსაკენ შემობრუნდეს, ქვეყანაში დემოკრატიის დონე უნდა ამაღლდეს და მისი ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდეს.
,,აუცილებელია რომ ქვეყანა გავაერთიანოთ, ფეხზე დავაყენოთ და დავამყაროთ დემოკრატია. მაგრამ აქ გვაქვს მეორე ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც ნამდვილად არსებობს და ეს ეთნიკური კონფლიქტი წარმოიშვა არა მხოლოდ ეთნიკურ საფუძველზე, არამედ გეოპლიტიკის მიერაც შეეწყო ხელი და ერებს შორის კონფლიქტი ჩამოყალიბდა. ამიტომ კონფლიქტის მოგვარებაზე მინიმუმ ორ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ. ეს არის საკუთარი კოზირის გამოძებნა კონფლიქტის მოგვარებისთვის და მეორე, საერთო ენის გამონახვა აფხაზეთთანა და ოსეთთან. გასაღები ყოველთვის ჩვენშია. როგორ სახელმწიფოსაც აშენებ, ისეთივე დამოკიდებულება შენს მიმართ, მათ შორის ეთნიკური ჯგუფების. თუ შენ ეთნიკურ ჯგუფებს კარგ პირობებს უქმნი, ისინი კმაყოფილები არიან და ცხოვრობენ შენთან. თუ დემოკრატიას ვერ მივაღწევთ, კონფლიქტები მუდამ იქნება.” -ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
ბატონი ირაკლი ტყვიავში მცხოვრებლების მსგავსად ერგნეთის ბაზრობას ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის პლაცდარმად მიიჩნევს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარების საშუალებად არ გამოდგებოდა, რადგან რუსეთმა მისი არსებობა იმ დონემდე დაუშვა, რა დონემდეც თავად აწყობდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ერგნეთის ბაზრობა კონფლიქტის მოგვარების საშუალებად გადაიქცეოდა, რუსეთი თავად მოსპობდა მას.
რუსეთის ერთერთი მიზანი ოსებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდებაა, ამის მიღწევას კი ყველანაირად ცდილობს. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას სწორი სტრატეგიის არჩევა და სიტუაციის კონტროლი სჭირდება. ისევე როგორც 1992 წელს წამოწყებული ომი, აგვისტოს მოვლენებიც არასასიკეთოთ და, უხეშად რომ ვთქვათ, არასახარბიელო აღმოჩნდა. ფაქტი სახეზეა, ოსებსა და ქართველებს შორის კედელი აღიმართა და მიუხედავად იმისა, ხალხს სურს ერთმანეთთან ურთიერთობის აღდგენა თუ არა, მთავარი მაინც რუსეთი და მისი ინტერესებია.
როგორც ბატონი ირაკლი მიიჩნევს, საქართველოს მიერ არჩეული სტრატეგია კონფლიქტების მოგვარების საქმეში წამგებიანი აღმოჩნდა, რადგან ის ძალაზე იყო ორიენტირებული და არა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. მისი აზრით, ხელის შემშლელი ფაქტორები ყოველთვის იქნება. Dმიუხედავად ამისა უნდა ვეძებოთ სხვადასხვა საშუალებები, როგორიცაა: ჯანდაცვა, კულტურული მემკვიდრეობა, განათლება, ბიზნესი და ა.შ. საჭიროა ოსებთანა და აფხაზებთან საერთო ინტერესები გამოიკვეთოს და ეთნიკური ჯგუფების დაახლოება მოხდეს, რათა როცა გეოპოლიტიკური კონფლიქტი მოგვარდება, მათთან შერიგება და თანაცხოვრება შევძლოთ.


ახალი სტრატეგია ,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით”
რეინტეგრაციის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახალი სახელმწიფო სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მთავარი ლოზუნგია-,,ჩართულობა თანამშრომლობის გზით”. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდდამხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი და არა ომით. პირველ პლანზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია წამოწეული, რადგან სტრატეგიის მიხედვით სწორედ მათთვის უნდა გახდეს ნათელი, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოს მათთვის. სტრატეგიის მიხედვით, მთავრობის მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული დეოკუპაცია, რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ანექსიის შეწყვეტა და აქ მცხოვრები ხალხის მშვიდობიანი გზით საქართველოს კონსტიტუციის ქვეშ დაბრუნებაა.
სტრატეგიის მთავარი პუნქტებია: გამყოფი ხაზებით ერთმანეთისაგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლება, ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისათვის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება, საერთო ინტერესების განსაზღვრა, კულტურული მემკვიდრეობისა და თვითშეგნების შენარჩუნება, ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება და იმ იურიდიული მექანიზმების მოძიება, რაც ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების განხორციელებას უზრუნველყოფსდა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან საშუალებას იძლევა.
ირაკლი სესიაშვილი მთავრობის სტრატეგიას დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინა პლანზე წამოწევა და ეთნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობის აღდგენა საქართველოსათვის, კონფლიქტის მოგვარების საკითხში, მომგებიანი ნაბიჯი იქნება.

No comments: