Wednesday, January 20, 2010

ტკივილის ფასად დაბრუნებული ბედნიერება...

ნიკო ბელიაშვილი: ,,-მკურნალობის დაწყება, რა თქმა უნდა, გამიჭირდა, რადგან საწყის ეტაპზე რწმენის ფაქტორი ძალზე დაბალია. ჩემში შიში იყო დაბუდებული. მეშინოდა მომავლის. მქონდა დანაშაულის განცდა წარსულის მიმართ, რაც წინსვლის საშუალებას არ მაძლევდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე შევძელი განკურნება. ჩემი ეს ნაბიჯი ბევრმა დადებითად შეაფასა და დახმარების ხელიც ბევრმა გამომიწოდა.
ბატონი ნიკო ბელიაშვილი ნარკოტიკის ყოფილი მომხმარებელია. ნარკოტიკს პირველად 15 წლის ასაკში, ინტერესის გამო გაუსინჯა გემო და მალე მასზე დამოკიდებულიც გახდა. 8 წლის წინ ისრაელში ყოფნისას მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარა და მას შემდეგ ცხოვრებას ნარკოტიკის გარეშე აგრძელებს. წარსული ცუდად ახსენდება. ამბობს, რომ ნარკოტიკმა საუკეთესო წლები და ახლობები დააკარგვინა, საკუთარი ოჯახი კი დაღუპვის პირას მიიყვანა. მკურნალობაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მეტიც, სრული კურსის ჩატარების შემდეგ დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო ,,ჩვენი თაობა და დაკარგული სამყარო”. საქართველოში ჩამოსულმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა დაიწყო და საკუთარი ძალისხმევით საქართველოში ახალი სამკურნალო მეთოდების დამკვიდრებაშიც შეიტანა წვლილი. ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბემონთან” ურთიერთობს და კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ნარკოტიკის მომხმარებლებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.
,,ბემონში” მისულებს სასიამოვნო გარემო დაგვხვდა. კლინიკა 7 პალატას მოიცავს და თითოეულ მათგანში ორი პაციენტია მოთავსებული. მათი მკურნალობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მინიმუმ ერთ თვეს გრძელდება. ხანგრძლივობა, ძირითადად, თავად ავადმყოფის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მკურნალობა ორ ეტაპად მიმდინარეობს: სტაციონარული (10-21 დღე) და ამბულატორული (1 თვე). პირველი ეტაპის, ე.წ. ლომკების მოხსნის შემდეგ პაციანტებთან მუშაობას ფსიქოლოგები იწყებენ. მიმდინარეობს ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია, ლაზეროთერაპია, ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა (ტრენაჟორები, აუზი, მასაჟი). მკურნალობიდან 10-14 დღის შემდეგ პაციენტს ნარკოტიკისადმი დამოკიდებულება მთლიანად ეხსნება, თუმცა ხელმეორედ დამოკიდებულებისაგან თავდასაცავად პაციენტის კლინიკსთან ურთიერთობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძალდება. მკურნალობის სრული კურსის ჩატარება 2 500-დან 3 300-მდე მერყეობს და თავად პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული.
კლინიკაში სამკურნალოდ მისულებს თანაბარი უფლებები ენიჭებათ და ე.წ. შინაგანაწესს ემორჩილებიან. პაციენტებს გარეთ გასვლის უფლება ერთმევათ. მნახველების მიღება კი კვირაში ერთხელ პერსონალის თანდასწრებით შეუძლიათ.
სამზარეულო საერთო აქვთ, სადაც საჭმელს ერთად მიიერთმევენ. კვება სამჯერადია. მათი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივად გრძლედება: ალაგებენ ოთახებს, აკეთებენ საჭმელს, ასუფთავებენ სამზარეულოს და გართობითაც ერთად, საერთო მისაღებ ოთახში ერთობიან.
როგორც კლინიკის ფსიქოლოგი ქალბატონი მაია ჯავახიშვილი ამბობს, სამკურნალოდ, ძირითადად, მამაკაცები მიდიან. მისული პაციენტების ასაკი 20 წლიდან იწყება. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მართალია, სამკურნალოდ არასოდეს მისულან, თუმცა კონსულტაციებზე მათ სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან.
მაია ჯავახიშვილი: ,,-. პირველ რიგში იმისათვის, რომ ნარკომანის მკურნალობა შედეგის მომტანი იყოს, საჭიროა, თავად მან გააცნობიეროს, რომ პრობლემა აქვს. მაშინ, როცა ადამიანი ნარკოტიკის მიღებას იწყებს, ჰგონია, მასზე დამოკიდებული არასდროს გახდება და როცა მოუნდება, წამალს თავს დაანებებს.Uრაღაც პერიოდის მერე უკვე აცნობიერებს, რომ ის დამოკიდებულია. ამის შემდეგ ცდილობს, პრობლემა საკუთარი ძალით მოაგვაროს. თუმცა საკუთარი ძალით პრობლემის გადაჭრა ძალზე რთულია”.

(სახელები შეცვლილია)

გიორგი (36 წლის): ,,-
მკურნალობა ჩემი სურვილით გადავწყვიტე. ალბათ, თავმოყვარეობის გამო. განკურნების იმედი ნამდვილად მაქვს და შემართებაც საკმაოდ გამაჩნია. მეგობრებისა და ოჯახის სიყვარულის გამო ყველაფრისათვის მზად ვარ. მკურნალობის კურსი ადრეც ჩავიტარე და ვიცი, ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება რას ნიშნავს. ვფიქრობ, ამის მიღწევა ჩემთვის. რთული არ იქნება.”

თამაზი (38 წლის): ,,-გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. დავინახე, რომ ახლობლებსა და ადამიანებს, რომლებსაც ჩემიანებად ვთვლიდი, ვკარგავდი. რა თქმა უნდა, მკურნალობა რთულია, ალბათ, იმის გამო, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული დიდ ხანს ვიყავი. მომავლის იმედი ნამდვილად მაქვს. ვფიქრობ, ფხიზლად ცხოვრების შემთხვევაში იმ ადამიანების ჩემკენ შემობრუნებას მოვახერხებ, რომლებმაც ზურგი შემაქციეს და ვის აზრსაც პატივს ვცემ.”

დათო (36 წლის): ,,-მკურნალობის ჩატარება მე გადავწყვიტე ოჯახის შექმნისა და ჩემი ჯანმრთელობის გამო. მკურნალობა ფსიქოლოგიურად ძალზე რთულია, პატარა ტკივილებიც კი ძნელი ასატანია. თუმცა, ამჟამად შემართებით ვარ განწყობილი. ნარკოტიკის გემო არასდროს დამავიწყდება, მაგარამ ოჯახისა და საკუთარი თავმოყვარეობის გამო ნარკოტიკთან ბრძოლა, თუნდაც ტკივილების ფასად, ნამდვილად ღირს.”

როგორც ფსიქოლოგი, ქალბატონი მაია ჯავახიშვილი ამბობს, მკურნალობის კურსის ჩატარება იმის გარანტი ვერ იქნება, რომ პაციენტი ნარკოტიკის მომხმარებელი აღარ გახდება. ეს თავად პაციენტზეა დამოკიდებული. ნარკომანად ჩამოყალიბება კლინიკიდან გასულ პაციენტს ისევე ემუქრება, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. დიდი შანსია, ნარკოტიკისკენ აღარ გაიხედოს, მაგრამ მსგავსად ქრონიკული დაავადებებისა, ძალიან ადვილია, დაავადება თავიდან განვითარდეს.
პაციენტებთან ურთიერთობა განსაკუთრებით პირველ ეტაპზეა რთული. არის შემთხვევები, როცა მკურნალობას ვერ უძლებენ და კლინიკიდან მიდიან, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალზე ცოტაა. ძირითადად, მკურნალობას ბოლომდე იტარებენ და შედეგიც დადებითია.
იმის გამო, რომ ნარკოტიკის მომხმარებელს, თუნდაც უკვე განკურნებული იყოს, საზოგადოების დამოკიდებულება არასწორია, მათი დასაქმების საკითხიც ეჭვქვეშ დგება. კითხვაზე, აქვთ თუ არა მკურნალობის შემდეგ სამსახურის შოვნის იმედი, პასუხისაგან, ძირითადად თავს იკავებენ.
მაია ჯავახიშვილი: ,,-როგორც წესი, კლინიკიდან გასვლის შემდეგ პაციენტს სოციალური მუშაკი საზოგადოებასთან ურთიოერთობის აღდგენასა და სამსახურის შოვნაში უნდა ეხმარებოდეს. ამ შემთხვევაში პაციენტი წამალზე ხელმეორედ დამოკიდებულებისაგან უფრო მეტად დაცულია და ახალი ცხოვრების დასაწყებად მოტივაციაც საკმარისად აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მკურნალობის შედეგიანობა სწორედ სოციალურ რებილიტაციაზეა დამოკიდებული, რაც საქართველოს შემთხვევაში საერთოდ არ გვხვდება”.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონის” მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, კავკასიაში ნარკომანა ისევდაისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. კვლევების თანახმად, ნარკომანიის პრობლემა ყველაზე მწვავედ პოსტ-საბჭოთა ქვექნებში შეინიშნება და მსოფლიო ფონთან შედარებით საგანგაშოა. ამ დროისათვის საქართველოში 350 000- მდე ნარკომანია რეგისტრირებული. აქედან ყველაზე მეტი ბათუმზე მოდის. შემდეგ ადგილებს კი თბილისი, გორი და ზუგდიდი ინაწილებენ.
ნიკო ბელიაშვილი: ,,კანონი უნდა შეიცვალოს, გაიზარდოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცხენტრების რაოდენობა. სკოლებში საინფორმაციო და პრევენციული სამუშაოები უნდა ჩატარდეს. პირველ რიგში კი თავად საზოგადოების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.”
ბატონი ნიკოს აზრს პაციენტებიც იზიარებენ და ფიქრობენ, რომ თუ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება ნარკომანიის მიმართ არ შეიცვლება, პრობლემა ყოველთვის მოუგვარებელი დარჩება. ნარკომანიასთან ბრძოლა კი ბავშვებისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდების გზით უნდა მოხდეს, რადგან უმეტესად, სწორედ ამ დროს ხდება ადამიანი ნარკოტიკის მომხმარებელი. მიზეზი სხვადასხვაგვარია: ინტერესი, წრე, სოციალური პრობლემები და თვითდამკვიდრების სურვილიც კი. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნარკომანია დანაშაული კი არა, ქრონიკული დაავადების ერთ-ერთი სახეობაა. მისი განკურნება კი მხოლოდ ურთიერთ თანადგომითა და დახმარებითაა შესაძლებელი.
დათო (პაციენტი.): ,,-ყველა ოჯახმა ინდივიდუალურად უნდა იმუშაოს ბავშვთან. აუხსნას, რა არის ნარკომანია, აჩვენოს მისი შედეგები და მგონი, გამოვა რაღაც. ნარკომანია, ეს ის აქლემია, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა ოჯახთან დაიჩოქებს.”


No comments: