Friday, May 28, 2010

ეროვნულ საგანძურს განადგურება ემუქრება



ჩემი და მანოს საგამოძიებო სტატია
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს - იესო ქრისტეს უკავშირდება. საეკლესიო-ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, რომ “მხატვარი ბევრს ეცადა, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო, მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა”. ამიტომ ჰქვია ანჩისხატს ხელთუქმნელი სიწმინდე და იგი საქართველოში უფლის განგებით მოხვდა. მრავალ განსაცდელსა და მრავალ უსჯულოს გადარჩენილმა ხელთუქმნელმა სიწმინდემ დღევანდლამდე სასწაულებრივად მოაღწია, თუმცა განსაცდელის ჟამი ჯერ არ დასრულებულა. ჟამთა აღმწერელი 21-ე საუკუნეშიც განაგრძობს ისტორიის თხრობას: ბოლშევიკურმა რეჟიმმა ეკლესია-მონასტრები დაანგრია, რაც გადარჩა - წაბილწა და გამორჩეული ფასეულობები, მათ შორის, სასწაულმოქმედი ხატები და ჯვრები, მუზეუმის ექსპონატებად აქცია. მრევლიც და ეკლესიაც დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა ამ სიწმინდეების კანონიერი მფლობელისთვის, ეკლესიისთვის დაბრუნებას, მაგრამ - უშედეგოდ.
რამდენიმე ათეული წლის წინათ სასწაულმოქმედი სიწმინდეების დაპატიმრებას ღვთისმგმობელ საბჭოთა რეჟიმს უკავშირებდნენ, ე. წ. ვარდების რევოლუციისა და საქართველოში ე. წ. დემოკრატიული და პროგრესული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საზოგადოებას იმედი გაუჩნდა, რომ კეისარს - კეისრისა, ხოლო უფალს - უფლისა მიეზღვებოდა და იმ სიწმინდეებს, რომელთა ადგილიც ეკლესიაშია და რომელთა წინაშეც მრევლმა უნდა ილოცოს, მუზეუმის ბნელი სარდაფებიდან ამოიღებდნენ და კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდნენ. თუმცა იმედი ამ შემთხვევაში პირველი მოკვდა და “დემოკრატიული მმართველობის” ხედვის კუთხე, ბოლშევიკურ სტანდარტებს, თანაც ყველაზე ცუდი კუთხით, ვერაფრით გასცდა.

“უსაფრთხოებისა და დაცვისთვის”
ქართული მართლმადიდებლური სიწმინდეების მუზეუმის საცავებსა და დაბზარულ საგამოფენო დარბაზებში დატოვების მთავარ და ერთადერთ მოტივად თავად ამ საგანძურის უსაფრთხოებაზე ზრუნვა სახელდება. მუზეუმის მესვეურთა განცხადებით, ხატები, ეკლესიაში გადაბრძანების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, მათზე უარყოფითად იმოქმედებს სანთლის კვამლი, მრევლის მრავალრიცხოვნება და, ამასთან, დაცული არ იქნება მძარცველებისგანაც. მუზეუმებში კი, ისევ მუზეუმის მესვეურთა მტკიცებით, ყველა სათანადო პირობაა შექმნილი და ხატების უსაფრთხოებას თურმე არაფერი ემუქრება.
გასაგებია – ევალებათ და ამბობენ, მაგრამ რამდენად სანდოა ეროვნული საგანძურისა და სიწმინდეების მინდობა ვიღაცების სამსახურებრივ მოვალეობაზე და აგრესიულ რიტორიკაზე? ამ მამაცხონებულებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ქართველმა ერმა ისტორიის მანძილზე შექმნილი ფასეულობები მათ პირად საკუთრებაში უანდერძა და ექვთიმე თაყაიშვილმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად განძი პირადად მათ ჩამოუტანა, ამიტომ “არავის არაფერი ეკითხება”. სამაგიეროდ, შეგიძლია ხმის ამოუღებლად შეხვიდე მუზეუმში, გადაიხადო 10 ლარი ექსკურსიამძღოლისთვის, ბილეთი ცალკე იყიდო და ჯგუფურად დაათვალიერო ის, რაც ქართველ ერს, თავისი არსებობის მანძილზე შეუქმნია.
ჯგუფისგან ჩამორჩენა ან რომელიმე ხატთან დიდხანს გაჩერება აკრძალულია. ექსკურსიამძღოლის განცხადებით, ადრე თურმე “ათასი კატეგორიის ადამიანი” მოდიოდა და სამუზეუმო ექსპონანტებთან ლოცულობდა კიდეც! ამიტომ ადმინისტრაციამ ხატებთან ლოცვა მუზეუმის დარბაზშიც აკრძალა. მართალია, ამას მუზეუმის პრესსამსახურის წარმომადგენელი უარყოფს - საქართველოში რწმენის თავისუფლებაა და ხატებთან ლოცვას, თუნდაც მუზეუმის დარბაზში, როგორ ავკრძალავდითო, მაგრამ, სამაგიეროდ, ექსკურსიამძღოლმა დაგვიდასტურა და აკრძალვის მიზეზად ლოცვის დროს ადამიანისგან გამოყოფილი ნახშირორჟანგი დაასახელა, რომელიც თურმე ხატებს აზიანებს. იმის დასადასტურებლად, რომ ეს ნამდვილად ასეა, მარტივი მაგალითი მოიყვანა, როდესაც ერთი ჯგუფი ათვალიერებს მუზეუმს, მეორე ჯგუფს არ ვუშვებთ, ნახშირორჟანგის ზედმეტი რაოდენობა რომ არ დაგროვდესო. ამისი თქმა იყო და მეორე ჯგუფი, მეორე ექს­კურისამძღოლის ხელმძღვანელობით დარბაზში შემოვიდა – წესით უხერხულად უნდა ეგრძნო თავი, თუმცა არაფერი “შეიმჩნია” და შედარებით დაბალი ხმით განაგრძო მორიგი სიწმინდის მატერიალურ-ისტორიული აღწერა.
ვინც ყოფილხართ მუზეუმში, სადაც ეროვნული საგანძური “უსაფრთხოდ და ყველა წესის დაცვით” ინახება, დამეთანხმებით, რომ ამ სარდაფს მუზეუმის საგამოფენო დარბაზთან საერთო არაფერი აქვს - ნესტის სუნი, დაბზარული და ჩაშავებული ჭერი არანაირ სამუზეუმო გარემოსა და განწყობას არ ქმნის; ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, არცთუ ისე სუფთა ტილოს კვალი ემჩნევა, ხატები და ჯვრები კი, რომელთაც საუკუნეების მანძილზე არაერთი განსაცდელი გამოიარეს, ყოველგვარი თანმიმდევრობისა და დისტანციის გარეშე, ლამის ერთმანეთზეა ჩამოკიდებული.
ამის გამო არ ჩანს კედლის არც ერთი მონაკვეთი, რომლებიც, ყველა ლოგიკის თანახმად, ჭერზე უკეთეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს. სულიერებას არაფრად რომ აგდებენ, გასაგებია, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს ისტორია, კულტურა და ის, რასაც საგანძური ჰქვია, უფრო მეტს არ იმსახურებს და “კუთვნილი ადგილი” აქვს მიჩენილი, წესიერი საგამოფენო სივრცის შესაქმნელად ჯერჯერობით ფინანსები არ გვყოფნის! მართალია, პრიორიტეტი ჯერ შაკირას კონცერტი, საახალწლო ჭაღები, პრეზიდენტის მილიარდიანი სასახლე და “მშვიდობის ხიდია”, რომლის ფასადაც ხუთი ევროსტანდარტის სამუზეუმო საცავი აშენდებოდა.
ეს რაც შეეხება სახელმწიფოს ემოციურ-სულიერ და ინტელექტუალურ დამოკიდებულებას ეროვნულ საგანძურთან. ბევრად უფრო რთულად არის საქმე, როდესაც ამ საგანძურს მატერიალურ სიმდიდრედ აღიქვამენ და ოქროთი და ძვირფასი თვლებით შემკულ ხატებს ვიღაც-ვიღაცები კრისტისა და სოტბის აუქციონების “კონტექსტში” უფრო ხედავენ, ვიდრე მუზეუმის დაბზარულ და დანესტიანებულ სარდაფებში.
ანჩისხატისა და სიწმინდეების მომლოცველთა კრების ხელმძღვანელ ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, “საქართველოს ეროვნული მუზეუმი სათანადოდ დაცული არ არის. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ქართული სიმდიდრის ძარცვა დღესაც გრძელდება. ვფლობთ ინფორმაციას, რომ რამდენიმე თვის წინ ეროვნული მუზეუმიდან ღამღამობით ყუთებით რაღაც მალულად გაჰქონდათ. ღმერთმა უწყის, რა იყო იმ ყუთებში შეფუთული. პროკურატურაში ქართველი ერის ეროვნული საგანძურიდან სხვადასხვა კატეგორიის 200 ნივთის დაკარგვის აქტი დევს. საცავში დაცული სიწმინდეებიც, რომელსაც ადმინისტრაცია შეგნებულად არ აღრიცხავს, სერიოზულ საფრთხეშია. ეს ხდება იმიტომ, რომ მაღალჩინოსნები აღურიცხავ საგანძურში ხელს კარგად ითბობენ. საცავში არსებული ყველა ნივთი გამოფენილ ექსპონატებთან ერთად უნდა აღირიცხოს. ეროვნული საგანძური ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რასაც ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მივაღწიეთ”.

მოპარული საგანძური უკვალოდ იკარგება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან შეხვედრაზე უარი გვითხრა. სამაგიეროდ, საჯარო ინფორმაცია კანონდარღვევით, მაგრამ მაინც, მოგვაწოდა. სხვა საკითხია, რა ეწერა იმ “საჯარო ინფორმაციაში”. ჩვენი კითხვების პასუხები, როგორც მოსალოდნელი იყო, ორ წინადადებას არ სცდებოდა და არაფრის მთქმელი იყო. მაგალითად, კითხვაზე: აღრიცულია თუ არა საცავებში დაცული ყველა ექსპონანტი და საგანძური, მოჭრილად გვიპასუხეს: “მუზეუმში დაცული ყველა ნივთი აღრიცხულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”.
რაც შეეხება საცავიდან ნივთების დაკარგვას, მუზეუმი გვპასუხობს, რომ “საქართველოს მუზეუმი 2004 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა და დაარსების დღიდან დღემდე არც ერთი ექსპონანტის დაკარგვის ფაქტი არ გამოვლენილა”. ცნობისათვის: ეროვნული მუზეუმის იმ გაერთიანებაში, რომელიც 2004 წელს შეიქმნა, 15 მუზეუმი შედის და მას ერთიანი მენეჯმენტი მართავს.
დაკარგულ ნივთებზე სულ სხვა ინფორმაციას გვაწვდის კულტურის სამინისტრო, რომელმაც საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონის მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინა და ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები დროულად მოგვაწოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2001-2010 წლებში საქართველოს მუზეუმებიდან, მათ შორის ეროვნული მუზეუმიდანაც, 300-მდე ნივთი დაიკარგა. დაკარგულთა ნუსხაში 2006 წელს და შემდგომ დაკარგული ნივთებიც მოხვდა. შესაბამისად, ეროვნული მუზეუმის პრესსამსახური ტყუის ან არ ფლობს შესაბამის ინფორმაციას, როდესაც აცხადებს, რომ 2004 წლიდან დღემდე არც ერთი ნივთი არ დაკარგულაო.
გაუჩინარებული ექსპონატების უმეტესობა უძველეს პერიოდს განეკუთვნება. მათ შორისაა:
ბრინჯაოს ხანის ნივთები; გულსაკიდები; ხელით ნაქსოვი ხალიები; ოქროს სამკაულები; გიშრისა და სარდიონის მძივები; ხანჯლები; ეროვნული სამოსი; ჭურჭელი; ხატები; ხის ბუტაფორული ვიოლინო სარკითა და ფიგურებით; თუჯის დაფა პეტრე დიდის ხელის გამოსახულებით; დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი; ხის ყუთი წმინდანის გამოსახულებითა და ასობით მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული და მატერიალური ღირებულების ნივთი.
ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი გია მარსაგიშვილი დაკარგულ ექსპონატებს მხედრიონის პერიოდს მიაწერს, მუზეუმიდან ექსპონატების ყუთებით გატანას კი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მუზეუმში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, ფონდების ყუთებით გადატანა რამდენჯერმე მართლაც საჭირო გახდა, თუმცა ეს იმის საშუალებას არავის აძლევს, მუზეუმი ექსპონატების გაყიდვაში დაადანაშაულოს და ცილი დასწამოს.
გია მარსაგიშვილი: “იმხანად მუზეუმში არ ვმუშაობდი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ მუზეუმის თანამშრომლებს ორი შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს. მუზეუმს სამი მილიციელი იცავდა და სამივეს ერთი რევოლვერი და ერთი ავტომატი ჰქონდა. ქალაქში შეიარაღებული ბანდების თარეშს ხელს არაფერი უშლიდა. შეგახსენებთ, იმ დროს სამოქალაქო ომი და სრული განუკითხაობა იყო. ეროვნული მუზეუმის უდიერად ხსენება არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ ვართ არა პოლიტიკური, არამედ სახელმწიფო ორგანიზაცია და ვემსახურებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას. არ შეიძლება დაუზუსტებელი ინფორმაციის მედიასაშუალებებით გავრცელება”.
მიუხედავად ამ განცხადებისა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მეთოდები დაძველდა და ყველაფრის 90-იან წლებზე გადაბრალება ალიბად აღარ გამოდგება. ამ ფაქტს ადასტურებს კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული 20-გვერდიანი ჩამონათვალი, რომელიც დაკარგულ ექსპონატებს მოიცავს და მათ შორის ბევრი 2004 წლიდან თარიღდება.
ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ მუზეუმებში ექსპონატების მკაცრი აღრიცხვა და მათი შეფასება არ ხდება. ამას ადასტურებს კულტურის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილიც, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ “მუზეუმის შესახებ” საქართველოს კანონით, სამუზეუმო ექსპონატები საბუღალტრო აღრიცხვას არ ექვემდებარება (თავი მე-4, მუხლი 22). მათი შეფასება ყოველთვის პირობითია და ფასებს განსაზღვრავს ბაზარი.
ამავე კითხვაზე ეროვნული მუზეუმის პრესსამსახური გვპასუხობს: “ექსპონატების ღირებულება დგინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაზღვევისთვის ფასდება; აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ნივთებია შეფასებული, რომლებიც სხვადასხვა დროს საექსპოზიციოდ იყო გატანილი” (საქართველოდან - ავტ.).
ასე რომ, ჩვენ უკვე ვერასდროს გავიგებთ, რა დაადგინა ბაზარმა და რა ფასად გაიყიდა ძვ. წ. აღ.-ის IV–III საუკუნეების ოქროს ბეჭედი აყიყის თვლით ან იმავე პერიოდის უთვლო ოქროს ბეჭედი და კიდევ 275 მსგავსი ექსპონატი, რომლებიც საქართველოს მუზეუმებიდან მხოლოდ 90-იან წლებში კი არა, ზუსტად 2003 წლიდან დღემდე პერიოდში დაიკარგა. ის, რაც დღეს იკარგება, ამის შესახებ საზოგადოებამ, შესაძლოა, კიდევ 5 ან 10 წლის შემდეგ გაიგოს, როდესაც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი აღარ დადგება და ყველაფერი დღევანდელ “ავბედით” პერიოდს დაბრალდება.
ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, მუზეუმში დაცული ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატიც გაძარცულია. მისი თქმით, ანჩისხატი თამარ მეფემ თვალმარგალიტით, იაგუნდითა და სხვა ძვირფასი თვლებით შეამკობინა. მათმა დიდმა ნაწილმა ისტორიულ ქარტეხილებს, მათ შორის, 90-იან წლებსაც გაუძლო, დღეს კი “მშვიდობიან და დაცულ” პერიოდში გაქრა. ხატიდან ბაგრატიონთა დალოცვის ტექსტიც ამოჭრილია. ანჩისხატთან უწმინდესისა და უნეტარესის მიერ შეწირული ძვირფასი ნივთები, ოქრო და თვალ-მარგალიტი დაგვხვდა. როდესაც ექსკურსიამძღოლს ვკითხეთ, რატომ დევს ხატთან ეს ნივთებითქო, მარტივად გვიპასუხა, პატრიარქმა “ხატს აჩუქაო”. უწმინდესი პირადი შენაწირის მეშვეობით ცდილობს, გაძარცული ხატი კუთვნილ მორთულობაში აღადგინოს და ამგვარად ხელთუქმელ ხატს ის დაუბრუნოს, რაც “საიმედო პირობებში დაცვის” შედეგად დაიკარგა.
ამასთან, ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ ხატის მორთულობისა და ძვირფასეულობის აღწერილობის შესახებ, ასევე ვერც ის დავადგინეთ - როდის რამდენი ხატი მოიპარეს, ისინი ხომ “ბუღალტრულად არ აღირიცხება”...
ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, “ანჩისხატის ტაძრის დახურვის შემდეგ, სახელმწიფომ უამრავი სიწმინდე მუზეუმში გადაიტანა: წმინდა ხატები, სახარება, ბარძიმ-ფეშხუმი. ამ ჩამონათვალიდან დღეს აღარაფერი ჩანს”.
მუზეუმის წარმომადგენლები ყოველივე ამას ბრალდებად აღიქვამენ და ამ თემაზე საუბარს ქვეყნის ღალატად მიიჩნევენ. მათი აზრით, ეროვნული მუზეუმი ერის სარკეა და მისი ხელაღებით ხსენება ყოვლად დაუშვებელია. ძნელია, არ დავეთანხმოთ, სამწუხაროდ, ეროვნული მუზეუმი მართლაც ერის სარკეა. ხოლო ის, რაც ამ სარკეში მოჩანს, მისაღებად და საამაყოდ მხოლოდ ბრმას შეიძლება მოეჩვენოს.
ნუ ხმაურობთ, პროკურატურას სძინავს!

გასულ წელს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მასობრივად გაუჩინარებული ექპონატების შესახებ პროკურატურას წერილობით აცნობა.
მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ცხადაძის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ პასუხში ნათქვამია, “ზემოჩამოთვლილი ფაქტებისა და, აგრეთვე, 1990-2008 წ.წ. მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომხარი ძარცვის ან ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2009 წლის 20.01 #13/08/90 წერილით აცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას”.
შესაბამისად, ინფორმაციის მისაღებად, თუ რა ეტაპზეა ამ საქმეების გამოძიება (იქნებ იპოვეს საგანძურის ნაწილი ან დააბრუნეს მაინც), ბუნებრივია, პროკურატურას მივმართეთ. პირადი შეხვედრა და ინტერვიუ ჩაკეტილ ქვეყანაში, მით უფრო არასახელისუფლო მედიასაშუალებებისთვის, გამორიცხულია. აქაც კანონი მოვიშველიეთ, იმედი გვქონდა, რომ პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ზრდილობის გულისთვის მაინც გაითვალისწინებდნენ კანონის მოთხოვნას. გაითვალისწინეს კიდეც და კანონით დადგენილ ვადაში წერილობით გვაცნობეს: “საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხილული იქნა თქვენი 2010 წლის 12 აპრილის წერილი და გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველო მოთხოვნილი ინფორმაციის აღრიცხვას არ აწარმოებს. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები არ მოგვეპოვება”.
საჯარო ინფორმაციას ხელს პატივისცემით აწერს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ირაკლი ჩილინგარაშვილი.
როგორც იტყვიან, ამ ხალხს, ეროვნული საგანძური და მათი დაბრუნების პასუხისმგებლობა კი არა, ორი ბატი არ ჩაბარდება.
ან იქნებ ეს მოჯადოებული წრე არ არის და ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია? მაგალითად, ის, რომ სათანადო დაცვის მოტივით, დაუცველად დარჩენილი საგანძური გავლენიანი პირებისთვის ღიაა და ერთი-ორი ხატის ან ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული მძივების, ბეჭდებისა და სხვა ნივთების გაუჩინარებას ვერავინ მოინაკლისებს. მით უფრო, რომ საცავებში ჩალაგებული განძის დიდ ნაწილს დღის სინათლე არასდროს უხილავს და საზოგადოებამაც რეალურად არ იცის, რა დევს დაბეჭდილ ყუთებსა და ცხრაკლიტულებში.
ჭეშმარიტად დაცულია, თუმცა ვისგან და რისგან, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის მიგვინდვია.
ასე რომ, მითი - საეკლესიო რელიკვიები და სიწმინდეები იმიტომ არ გადააქვთ ეკლესიებში და იმიტომ არ აძლევენ ადამიანს თუნდაც მუზეუმის დარბაზში ლოცვის უფლებას, რომ მათ დაზიანების საფრთხეებისგან იცავენ; საპნის ბუშტია, სულს შეუბერავს რომელიმე გავლენიანი ჩინოვნიკი (მთლად “უფროსზე” რომ აღარაფერი ვთქვათ) და გასკდება. თუმცა, როგორც თავად უფალმა თქვა, მიაგეთ კეისარს კეისრისა და უფალს - უფლისა.
“ყველაფერი კეისარს” კი კრახით სრულდება, რომლის კონტურებიც დღეს სულ უფრო და უფრო მკვეთრად იკვეთება.


2 comments:

giorgi said...

saintereso statiaa, erovnuli sagandzuri martlac safrtxis qveshaa. ise es statia gazetshic wavikitxe. anchisxati ki eklesias unda daubrundes.ise shen adgilas fotoebit gavamdodrebdi, tundac muzeumshi gadagebuli fotoebit, sadac gamochndeboda davzaruli kedlebi da a.sh. :)

maito said...

მართლაც კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მუზეუმში ფოტოების გადაღება აკრძალულია :(